№ 3კ/ 459 7 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე თ. კობახიძე
მოსამართლეები: ლ. ისაკაძე, მ. წიქვაძე
განიხილა ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე და 1999 წლის 1 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საქმეზე - ი. გ - ის სარჩელის გამო ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს და ხაშურის საკრებულოს გამგეობის სერვისული მომსახურების ცენტრის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ხაშურის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ი. გ - ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ დააკმაყოფილა ნაწილობრივ - მოსარჩელის სასარგებლოდ :ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობას დააკისრა 581 ლარის, ხოლო ქონების მართვის ხაშურის რაიონულ სამმართველოს - 67 ლარის გადახდა. ი. გ - ის საკუთრებად იქნა ცნობილი და მას დაუბრუნდა ელექტრო მრიცხველი. სანიტარული კვანძის ტიხრის შემადგენელი მასალა, რკინის რიკულები, 35 კვ /მ ხის პანელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. გ - ის სააპელაციო საჩივარი - ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა თანხის ანაზღაურების ნაწილში ხაშურის ქალაქის საკრებულოს გამგეობას და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს ი. გ - ის სასარგებლოდ დაეკისრა:3079 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში: აუდიტზე გაცემული 220 ლარის და სასამართლო ხარჯების 220 ლარის გადახდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ქ. ხაშურის საკრებულოს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა პალატის 1999 წლის 1 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრებით ქ. ხაშურის ქალაქის გამგეობა და სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველო სააპელაციო პალატის განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 – 78 მუხლით დადგენილი სასამართლო სხდომაზე მოწვევის პროცედურა.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრების საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის სააპელაციო პალატის განჩინება და დაუსწრებელიგადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოთა გამო :
სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხეთა მოწვევისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72 - ე მუხლის 1 - ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის მოთხოვნა - შეტყობინებაში არ არის მითითებული გამოუცხადებლობის შედეგებზე.
სააპელაციო საჩივრით ი. გ - ე მოითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმგვარად შეცვლას, რომ ხაშურის ქალაქის საკრებულოს გამგეობას დაკივრებოდა რემონტზე გაწეული ხარჯების - 3079 აშშ დოლარის და აუდიტზე გაცემული 220 ლარის გადახდა.
სახელმწიფო მართვის ხაშურის რაიონულ სამმართველოზე 67 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება არ ყოფილა გასაჩივრებული. ამ თანხის გადახდაზე თანახმა იყო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველო.
ი. გ - ე სადაო თანხის მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრუბა მოითხოვა სააპელაციო პალატის სხდომაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83 - ე მუხლის მე - 2 და მე - 3 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.
სააპელაციო პალატამ არ შეასრულა კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 408 - ე მუხლით, 412 - ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობის და სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინება 1999 წლის 1 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათივს დაუბრუნდეს ისევ პალატის სხვა შემადგენლობას.
3. განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.