Facebook Twitter

№ 3/389 2 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშილი

განიხილა ი. ტ - ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. საქმეზე - ი. ტ - ის სარჩელის გამო მოპასუხე შ.პ.ს. „რ.-ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოსამართლე რ. ნადირიანის მოხსენების საფუძველზე პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

ი. ტ - ის მეუღლეს აწ გარდაცვლილ ბ. ტ - ესა და შ.პ.ს. „რ.-ს“ შორის 1998 წლის 4 მაისს დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება საკუთარი ავტომანქანით მომსახურებაზე.

1998 წლის 6 აგვისტოს ა/ მანქანა რაფი - 2203 - ს, რომელიც წარმოადგენდა ბ. ტ - ის საკუთრებას, გაუჩნდა ხანძარი და მთლიანად დაიწვა. ტ - ე რომელმაც ხანძრის შედეგად მიიღო დამწვრობა, იმავე წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა. ი. ტ - ემ სასამართლოში აღძრა სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს. „რ.-ის“ მიმართ და მოითხოვა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 8 500 ლარის ოდენობით.

ქ. რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი. ტ - ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „რ.-ს“ დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა ი. ტ - ის სასარგებლოდ. მოსარჩელის მოთხოვნა დარჩენილი თანხის გადახდის ნაწილში დატოვებულ იქნა ღიად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 1999 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ქ. რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მოსარჩელე ი. ტ - ეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე ი. ტ - ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა - განმარტება და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამარლოს გადაწყვეტილება უნდა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შ. პ. ს. „რ.-სა და აწ გარდაცვლილ ბ. ტ - ეს შორის 1998 წლის 4 მაისს დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 12 - ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს ე. ი. „რ.-ს“ ევალება „ჩაუტაროს მძღოლს წინასწარი სამედიცინო შემოწმება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებას - ესთეტიკური და ტექნიკური ვიზუალური დათვალიერება“.

ამავე ხელშეკრულების მე 2.1. მუხლის თანახმად კი დაქირავებული მძღოლის მოვალეობაა „იქონიოს ა / მანქანა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და დაიცვას ტმ - 1 და ტმ - 2 ნორმები“.

1998 წლის 12 და 13 აგვისტოს აქტებით ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა თხევადი საწვავის აალება ძრავის მკვებავში, რომელიც მოწმდება ტმ - 1- ის დროს და რომლის შემოწმებაც ევალება მძღოლს, აწ გარდაცვლილ ბ. ტ - ეს.

საჩხერის საგამოძიებო ქვეგანყოფილების 1999 წლის 27 იანვრის წერილიდან ირკვევა რომ ბ. ტ - ის მიკროავტობუსს ხანძარი გაუჩნდა სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულველყოფის გამო, რის გამო არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ.პ.ს. „რ.-ს“ არ მიუძღვის ბრალი ხანძრის გაჩენაში, რის გამოც ის თავისუფლდება ზიანის ანაზღაურებისაგან და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412 - ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საფუძვლიანად უთხრა უარი ი. ტ - ეს ზიანის ანაზღაურებაზე.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410 - ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ტ - ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპეოლაციო პალატის 1999 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საქოლოოა და არ გასაჩივრდება