Facebook Twitter

¹ 3კ-36 15 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე

განიხილა ო. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - ო. ს-ის სარჩელის საქართველოს რკინიგზის თბილისის სალოკომოტივო დეპოს მიმართ გამო ზიანით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ო. ს-ემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში და აღნიშნა, რომ მუშაობდა თბილისის სალოკომოტივო დეპოში მემანქანის თანაშემწედ. მან 1976 წლის 3 ოქტომბერს უბედური შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რითაE ნაწილობრივ დაკარგა შრომის უნარი.

1977 წლის 11 მარტს აღნიშნული უბედური შემთხვევის ფაქტი მის დაუსწრებლად განხილულ იქნა თბილისის სალოკომოტივო დეპოს ადგილკომის სხდომაზე და მისი ბრალი მომხდარ შემთხვევაში განისაზღვრა 25%-ით, ხოლო მოპასუხის - 75%-ით, რის გამოცE მისთვის ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა. მოითხოვა განსხვავების - 2859 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი არ დააკმაყოფილა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მოსარჩელე ო. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

საქმე განხილულია ტექნიკური ინსპექტორის დასკვნის გარეშე; უბედური შემთხვევის აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია დეპოს თანამშრომლების – მ-ისა და კ-ის მხრივ ადმინისტრაციის დავალების შეუსრულებლობა.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულების 51-ე მუხლის მიხედვით, თუ განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ დამქირავებელის მიერ შეტანილია შრომის უნარის დაკარგვიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზიანის ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან. განცხადების შეტანის დღედ კი ითვლება მისი ორგანიზაციაში მიღების დღე.

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ო. ს-ემ 1999 წლის 26 აგვისტოს სარჩელით სადავოდ გახადა უბედური შემთხვევის თაობაზე სალოკომოტივო დეპოს 1977 წლის 11 მარტის დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი, რომლითაც დადგენილი იყო სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ო. ს-ე თუ არ დაეთანხმებოდა პროფკომიტეტის 1977 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებას, მაშინ მას უნდა მიემართა სასამართლოსათვის კანონით დადგენილ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში. მან კი სასამართლოს სარჩელით მიმართა ოცდასამი წლის შემდეგ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ამ დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით. 1976 წელს ურთიერთობები საწარმოსა და მუშაკს შორის, უბედური შემთხვევის გამო, რეგულირდებოდა „მუშებისა და მოსამსახურეებისათვის დასახიჩრებით ან სამსახურთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით მიყენებული ზიანის საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ ანაზღაურების წესებით“, რომელიცE დამტკიცებული იყო სსრკ მინისტრთა საბჭოსა და პროფკავშირების ერთობლივი დადგენილებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამარლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.