Facebook Twitter

¹ 3კ/97 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე

განიხილა ფოთის ნავსადგურის უფროსის ჯ. ი-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე - შპს „ს. რ.” სარჩელის გამო ფოთის ნავსადგურის მიმართ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელი ნაწილის - 235 589 ლარის და უცხოურ ვალუტასთან ლარის კურსის შემცირებასთან დაკავშირებით - 25744,55 ლარის დაკისრების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 1999 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შპს „ს. რ.“ სარჩელი ფოთის ნავსადგურის მიმართ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელი ნაწილის -

235 589 ლარის და უცხოურ ვალუტასთან ლარის კურსის შემცირებასთან დაკავშირებით 25744,55 ლარის დაკისრების შესახებ.

იმავე კოლეგიის 2000 წლის 12 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 1999 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების 25744,55 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმების და ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლების შესახებ.

კერძო საჩივრით ფოთის ნავსადგურის ... ჯ. ი-ი ითხოვს განჩინების გაუქმებას.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ კოლეგიის მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 25744 ლარის და 55 თეთრის გადახდევინების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში ჩაითვალა დასაშვებად და საქმე დაინიშნა ზეპირი განხილვისათვის.

სასამართლო კოლეგიამ, საქმის ზეპირი განხილვისას, ნაცვლად იმისა, რომ გაერკვია განცხადებაში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ პუნქტის და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენდა თუ არა საქმის განახლების საფუძველს, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე, საქმე განიხილა ხელმეორედ, შეაფასა განცხადებაში მითითებული გარემოებები, წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღო განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო კოლეგიის მიერ განხილულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფოთის ნავსადგურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს - გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 12 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.