Facebook Twitter

¹ 3კ/149 2000 წლის 24 მარტი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე

განიხილა გ. მ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაE არ დაკმაყოფილდა გ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1997 წლის მარტში დადებული გარიგების საფუძველზე რ. ბ-ემ გ. მ-ისაგან ნისიად წაიღო 2800 ლარის ღირებულების ქათმის კვერცხი; კვერცხის საფასური რ.ბ-ეს უნდა გადაცხადა ერთი კვირის განმავლობაში, რაც ვერ შეასრულა კვერცხის გაფუჭების გამო.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ რ. ბ-ე გ. მ-ეს საკუთრების უფლებით გადასცემდა მის კუთვნილ ავტომანქანა "კამაზს", იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი გადაუხდიდა ვინმე შ. შ-ის ვალს 3570 ლარს, ხოლო კვერცხის ღირებულების ვალი ჩაეთვლებოდა დაფარულად. გარიგების თანახმად, თუ რ. ბ-ე გ. მ-ეს გადაუხდიდა მთლიან თანხას, ავტომანქანა "კამაზს" უკან დაიბრუნებდა.

შეთანხმების შესაბამისად, რ. ბ-ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე

ავტომანქანა "კამაზი" გადასცა გ. მ-ეს, რის შემდეგ, ავტომანქანის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ამ უკანასკნელს გადასცა 4899 ლარის ღირებულების ქონება (ფული და პროდუქტები). გ. მ-ემ დაარღვია რ. ბ-სათვის მიცემული პირობა და ავტომანქანა "კამაზი" 3900 ლარად გაასხვისა ვინმე ი. ლ-ეზე.

ქ. ბათუმის სასამართლომ 1998 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რ. ბ-ის სარჩელი გ. მ-ის მიმართ ზედმეტად გადახდილი 4899 ლარის დაკისრების შესახებ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 15 იანვრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

1999 წლის ივლისში გ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელიE განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ეს უარი უთხრა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო:

საკასაციო საჩივრით გ. მ-ე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შპს "კ.-ა." დასკვნა ი. ლ-ეზე გასხვისებული ავტომანქანა "კამაზის" 3600 ლარად შეფასების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად

სასამართლოს საჭიროდ მიაჩნია საქმის განხილვა მხარეთა დაუსწრებლად - ზეპირი განხილვის გარეშე.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რომლებიცE ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

რ. ბ-ესა და გ. მ-ეს შორის დავის საგანს წარმოადგენდა არა მოპასუხის მიერ გასხვისებული ავტომანქანა "კამაზის" ღირებულება, არამედ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება. შპს "კ. ა." მიერ გაცემული ცნობა ავტომანქანა "კამაზის" შეფასების თაობაზე ადრეE რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. თუ გ. მ-ე ავტომანქანა "კამაზის" ღირებულების განსაზღვრას მიიჩნევდა მნიშვნელოვან მტკიცებულებად, მას ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა აუდიტის ცნობა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გ. მ-ეს სწორად ეთქვა უარი საქმის წარმოების განახლებაზე.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 2 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.