Facebook Twitter

¹ 3კ-310 21 იანვარი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: თ. კობახიძე, ალ. ღუღუნიშვილი

განიხილა ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე.

მოსამართლე თ. კობახიძის მოხსენების საფუძველზე პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

იმერეთის სამხარეო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის მიერ

1998 წლის 13 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა Eცნობილი ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998 წლის 13 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგები და შესაბამისად გაუქმდა აუქციონის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ¹ 1.

საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია „ლოტი“ აუქციონის ჩატარების შესახებ მერიის ბრძანების დამატებად. ამასთან, სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად იმერეთის მხარის ანტიმონოპოლიური სამსახური არასათანადო მხარედ უნდა ეცნო და უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ გაშვებული იყო ამავე კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება. საჩივარში ასევე მითითებულია, საქმის რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც საჩივრის ავტორის აზრით სასამართლომ არ გაიზიარა.

პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნა არასათანადო მოსარჩელის შეცვლის შესახებ. კერძოდ, იმერეთის სამხარეო ანტიმონოპოლიური სამსახური მოცემულ დავაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სათანადო მოსარჩელედ, რადგან „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულია ანტიმონოპოლიური სამსახურის უფლებამოსილებანი, სადაც არაა მითითებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილეობის მიღების უფლებაზე. რაცE შეეხება ამავე კანონის 10-ე მუხლის „ბ“ პუნქტს, რომელიE სასამართლომ არასწორად განმარტა, აღნიშნული ნორმით სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება დააწესოს, ე.ი. ნორმატიული აქტით დაადგინოს ეკონომიკური აგენტისათვის (მეწარმე სუბიექტი) ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები, რომლებიცE კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და იწვევს კონკურენციის შეზღუდვას. ამასთან, "მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის მოქმედების სფეროში (მუხლი 2) არ შედის სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. პრივატიზება ეს არის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგად სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მისი მართვის უფლებებს.

აღნიშნულ ურთიერთობებს არეგულირებს "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 მაისის კანონი, რომლის მე-3 მუხლით სახელმწიფო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით სარგებლობაში გადაცემის პროცესში მონაწილე ყველა პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, თუ მათი უფლებები დაირღვა. ამასთან, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის მერიას, როგორEსახელმწიფო მიწის სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილების მიმღებს, უფლება აქვს მიწის მართვის ქუთაისის სამმართველოს მიერ 1998 წლის 13 მარტს ჩატარებული აუქციონი გახადოს სადავო.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს საქმის განხილვისას უნდა გამოეყენებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნა არასათანადო მოსარჩლის შეცვლის შესახებ.

პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 10 აგვისტოს განჩინებაE და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნა არასათანადო მოსარჩელის შეEვლის შესახებ.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 404-ე მუხლის მეორე ნაწილით, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 10 აგვისტოს განჩინება და 1999 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.