Facebook Twitter

¹ 3კ/437 22 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: მ. წიქვაძე, თ. კობახიძე

განიხილა ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე - ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ნ. ხ-ის და სს „ა.-2“-ის სარჩელი ქ. ს-ის და ს. ხ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის და პრივატიზაციის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, როგორც დაუშვებელი.

საკასაციო საჩივრით ნ. ხ-ე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანა განაპირობა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არადროულმა ჩაბარებამ, გასაჩივრების ვადის თაობაზე კანონის არცოდნამ და მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობამ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პალატამ საჭიროდ მიიჩნია განჩინების მიღება მხარეთა დაუსწრებლად - საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

ნ. ხ-ე ადასტურებს იმ ფაქტს. რომ რაიონულ სასამართლოში ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას.

სააპელაციო საჩივარი ნ. ხ-ეს შეტანილი აქვს 1999 წლის 19 ნოემბერს, ე. ი. კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება არ შეიძლება.

კანონის არცოდნა ან ის გარემოება, რომ ნ. ხ-ის მცირეწლოვან შვილს 1999 წლის 12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე უტარდებოდა ამბულატორიული მკურნალობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა პოლიკლინიკაში, არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტ-რების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.