გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/449 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია
განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ლ. ლ-ას და ზ. ქ-ას საკასაციო
საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე ლ. ლ-ას და ზ. ქ-ის სარჩელით ჯ. ჩ-თან და ხ. ქ-თან ბინიდან გამოსახლების შესახებ; ჯ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი ლ. ლ-ას და ზ. ქ-ას მიმართ ბინის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ლ. ლ-ა და ზ. ქ-ა არიან დები. მათი მამის, კ. უ-ის სახელზე ირიცხებოდა ქ. თბილისში, .... ქ. ¹ 18-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი, როგორცE უკანონო ნაგებობა. კ. უ-მა თავისი ქონება 1988 წლის 14 დეკემბერს უანდერძა ვაჟიშვილს ხ. უ-ს (ს. ფ. 30); მან 1989 წლის 24 მაისს თავისი ქონება უანდერძა ქალიშვილებს თანაბარ წილად – ზ. ქ-ს და ლ. ლ-ას (ს. ფ. 112). კ. უ-ი გარდაიცვალა 1990 წელს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1993 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას და ზ. ქ-ის განცხადების საფუძველზე დაკანონდა ქ. თბილისში, .... ქ. ¹ 18ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და დაუმაგრდათ მიტაცებული მიწის ნაკვეთი (ს. ფ. 5). ლ. ლ-ამ და ზ. ქ-ამ 1998 წლის იანვარში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების ხ. უ-ის და ჯ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვეს კუთვნილი ბინიდან ჯ. ჩ-ის გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ძმამ ხ. უ-მა მათი თანხმობის გარეშე უკანონოდ შეუშვა ბინაში საცხოვრებლად ჯ. ჩ-ი ოჯახთან ერთად; მათ შორის არსებული შეთანხმების ბათილად ცნობა. ჯ. ჩ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ლ. ლ-ას და ზ. ქ-ას მიმართ და მოითხოვა სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ ბინა იყიდა ხ. უ-ისაგან, გადაუხადა ფული, მათ შორის გაფორმებული იქნა ბინის ყიდვა-გაყიდვის „შეთანხმება“, ბინის გაყიდვის თაობაზე იცოდნენ და მონაწილეობას ღებულობდნენ მოპასუხეები (ს. ფ. 21-24).
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს დიდუბე- ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლ. გ-ას და ზ. ქ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ხ. უ-სა და ჯ. ჩ-ს შორის 1994 წლის 23 აპრილს გაფორმებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება;
ქ. თბილისში, .... ქ. ¹ 18ა-ში მდებარე ბინიდან გამოსახლებული იქნა ჯ. ჩ-ი ოჯახით.
უარი ეთქვა ჯ. ჩ-ის ქ. თბილისში, .... ქ. ¹ 18ა-ში მდებარე ბინაზე მესაკუთრედ ცნობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ჯ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი; გააუქმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ლ. ლ-ას და ზ. ქ-ას სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილი იქნა ქ. თბილისში, .... ქ. ¹ 18ა-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილის მესაკუთრედ.
საკასაციო საჩივარში ლ. ლ-ა და ზ. ქ-ა ითხოვენ სააპელაციო პალატის
გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ხ. უ-სა და ჯ. ჩ-ს შორის გაფორმებულ შინაურულ ხელშეკრულებას ხელს არ აწერენ ბინის მესაკუთრეები, მათი თანხმობის გარეშე მოხდა ჯ. ჩ-ის ბინაში ჩასახლება;
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ ჯ. ჩ-ი ცნო სადავო ბინის მესაკუთრედ, როგორცE სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 47-ე მუხლის საფუძველზე, ისე „საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს, რომლებიცE სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს“.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხ. უ-ი არ იყო სადავო ბინის მესაკუთრე; აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი კვალიფიკაცია არ მისცა სადავო ბინის თაობაზე ხ. უ-სა და ჯ. ჩ-ს შორის გაფორმებულ ხელწერილს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. უ-მა თვითონაცE არ იცოდა, რომ მამის მიერ მისთვის ნაანდერძევი ქონება მის დებს უკვე გადაფორმებული ჰქონდათ და მით უმეტეს ამის შესახებ არ შეიძლება სცოდნოდა ჯ. ჩ-ს. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მსჯელობა წინააღმდეგობრივია, რადგან შემდგომ ჯ. ჩ-ი კეთილსინდისიერ შემძენად ჩათვალა იმ საფუძვლით, რომ ლ. ლ-ას ნების გარეშე არ დაეუფლა სადავო ბინას.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის I ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს ლ. ლ-ას და ზ. ქ-ას საკასაციო საჩივრები.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.