გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-471 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია
განიხილა საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის და ზ. ბ-ის კერძო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე ფირმა „ბ-ის ი.“-ს სარჩელი სს „ს.“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ქ. გაბელაიას მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ფირმა „ბ-ის ი.“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე სს „ს.“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო შეგებებული სარჩელით სს '“ს.“ მოთხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიაში მოსამზადებელ სხდომაზე საქმის განხილვის დროს სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლ. კ-ამ და მოითხოვა საქმეში მოსარჩელის მხარეზე მესამე პირად ჩართვა. ამავე სხდომაზე მოსარჩელე ზ. ბ-მა სასამართლოს წინაშე დააყენა რამდენიმე შუამდგომლობა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების წარმომადგენელს უარი ეთქვა საქმეში მე-3 პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოება წარმოადგენს იურიდიულ პირს, ხოლო ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება არის მისი ფილიალი. სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად ფილიალი არ არის იურიდიული პირი ამდენად, სამართლებრივ ურთიერთობებში არ გამოდის თავის სახელით, ხოლო იმავე სხდომაზე განჩინებით ზ. ბ-ის შუამდგომლობის ნაწილი დაკმაყოფილდა, კერძოდ სს „ს.“ დაევალა დოკუმენტების წარმოდგენა, ასევე მიღებულ იქნა მტკიცებულებად 1998 წლის 6 ივნისის იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვის ქსეროასლი და ზ. ბ-ის განცხადების ქსეროასლი სს „ს.“ დირექტორის სახელზე. იმავე განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სს „ს.“ შეგებებულ სარჩელში არასათანადო მხარედ Eნობის შესახებ, ასევე მოპასუხის შესაგებელი და შეგებებული სარჩელის საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის განჩინებაზე ქუთაისის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი ასევე საჩივარი შეიტანა ზ. ბ-მაE განჩინებების გამომტან სასამართლოში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები კერძო საჩივრისა და საჩივრის შინაარსი თვლის, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების ქუთაისის განყოფილება არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, იგი არის მხოლოდ საქალაქო განყოფილება, ხოლო მინდობილობა, რომელიცE გაცემულია საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების მიერ ქუთაისის განყოფილების წარმომადგენლის კუჭავას სახელზე არ არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის 96 მუხლის I ნაწილის შესაბამისად. მასში არ არის მითითებული წარმომადგენლის უფლებამოსილება კ-ას უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ გამომგონებლის ინტერესების დაცვით და ამდენად მას საქმეზე მესამე პირად მონაწილეობის უფლება არა აქვს.
რაც შეეხება ზ. ბ-ის საჩივარს იგი არ არის დასაშვები, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის I ნაწილით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი კოდექსი არ ითვალისწინებს ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414 და 419-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების ქუთაისის განყოფილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ასევე არ დაკმაყოფილდეს ზ. ბ-ის საჩივარი და უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებები.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.