Facebook Twitter

¹ ბს-447-36(კ-05) 15 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 17 მარტს ს. ჩ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1990 წელს ყოფილი სსრ კავშირის შემნახველმა ბანკმა გამოუშვა სახელმწიფო მიზნობრივი სესხის უპროცენტო ობლიგაციები.

მოსარჩელის განმარტებით, “სახელმწიფო მიზნობრივი უპროცენტო სესხების გამოშვების, გაყიდვის და დაფარვის” წესის შესახებ ობლიგაციაზე თანდართული ამონაწერის მე-8 პუნქტის თანახმად, ობლიგაციების გასანაღდებლად წარდგენა უნდა მომხდარიყო 1995წ. 1 იანვრამდე, ხოლო განაღდება _ 1997წ. 1 იანვრამდე, თუმცა მისი ობლიგაციის ღირებულების განაღდება არ მომხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ფინანსთა სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ მიზნობრივი უპროცენტო სესხის ობლიგაციის ღირებულების _ 27300,38 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე გადახდის ვადის დადგომიდან _ 1997წ. 1 იანვრიდან _ ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე მისთვის გადაუხდელი თანხის 0,2 პროცენტის დაკისრება აღნიშნული თანხის სრულად დაფარვამდე, რაც სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგენდა 62763 აშშ დოლარს. სულ მოსარჩელემ ითხოვა ფინანსთა სამინისტროსთვის 90063 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ყოფილი სსრ კავშირის შემნახველი ბანკის მიერ გამოშვებული სახელმწიფო მიზნობრივი სესხის უპროცენტო ობლიგაციების განაღდება ყოფილი სსრ კავშირის დაშლის შემდეგ 1997წ. 1 იანვრამდე უნდა განეხორციელებინა მის სამართალმემკვიდრედ გამოცხადებულ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკას, რაც მან არ განახორციელა. საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ობლიგაციების მფლობელები რომ არ დაზარალებულიყვნენ, ზემოაღნიშნული ობლიგაციების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი დავალიანება საქართველოს ხელისუფლებამ “სახელმწიფო ვალის შესახებ” 1998წ. 5 მარტის კანონით თავის სავალო ვალდებულებად აღიარა. ამის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში მოხდა ზემოაღნიშნული ობლიგაციების აღრიცხვა, დადგინდა მათი ნივთობრივი სტრუქტურა და შემუშავდა ანაზღაურების მექანიზმის შესაძლო ვარიანტები, რომელთაც ნორმატიული დოკუმენტის სახე ჯერ არ ჰქონდა მიღებული.

მოპასუხის განმარტებით, საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და საბიუჯეტო კრიზისის გამო, ვერ მოხერხდა აღნიშნული ობლიგაციებით წარმოქმნილი სავალო ვალდებულებების დაფარვისთვის ასიგნებების გათვალისწინება “საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში. მოპასუხემ აღნიშნა, რომ 1990წ. მიზნობრივი ობლიგაციების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის ეტაპობრივი დაფარვა უნდა მომხდარიყო შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფისა და ამ ვალის დაფარვის მექანიზმის შესახებ მიღებული ნორმატიული აქტის საფუძველზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27285,1 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოცემული ადმინისტრაციული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორ ს. ჩ-ის წარმომადგენელმა ი. ჩ-ემ. იგი მიუთითებს საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე:

1. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და უნდა გაუქმდეს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი საფუძვლიანობის შემოწმება. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონით დადგენილ წესს, ვინაიდან აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით ყოფილი სსრ კავშირის 1990წ. სახელმწიფო მიზნობრივი უპროცენტო ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება აღიარებულია სახელმწიფო საშინაო ვალად, ხოლო მისი დაფარვის წესი და არა მისი რაოდენობრივი დაზუსტება, რაც უკვე განხორციელებული აქვს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა შეემუშავებინა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარედგინა ფინანსთა სამინისტროს 1998წ. 1 სექტემბრამდე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2004წ. 15 ნოემბრის ¹108 დადგენილება “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შესახებ”;

2. სააპელაციო პალატამ 2004წ. 30 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი განიხილა აპელანტის მონაწილეობის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიღებამდე სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა ყოფილი სსრ კავშირის 1990წ. სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესის შემუშავება დაევალა ფინანსთა სამინისტროს. “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004წ. 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006წ. 1 მაისამდე. აღნიშნული კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ს. ჩ-ის საკასაციო საჩივრისა და შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა ყოფილი სსრ კავშირის შემნახველი ბანკის მიერ 1990 წელს გამოშვებული სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციის განაღდებისა და შესაბამისი თანხის სახელმწიფოსგან ანაზღაურების თაობაზე ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება, რადგანაც საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს ნორმატიული აქტები “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალო ვალდებულებების, მათ შორის, სსრ კავშირის 1990წ. სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის წესის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ჩ-ის წარმომადგენელ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.