¹ 3კ/34 21 აპრილი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები : ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე
განიხილა ნ. გ-ის და ბ. მ. წ-ის წარმომადგენლის ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 დე-კემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ნ. გ-ის და ბ. მ.-წ-ის სარჩელის გამო შპს „ვ.“ პარტნიორების: ც. ჯ-ას, ი. ყ-ას და ა. კ-ას მიმართ საზოგადოების ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ; ს. ჯ-ას, ი. ყ-ას და ა. კ-ას შეგებებული სარჩელის გამო 21 964 ლარის დაკისრების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. თბილისში .... გამზ. ¹ 95-ში მდებარე ღვინის მაღაზია პირდაპირი წესით შეისყიდა შრომითი კოლექტივის 7 წევრის მიერ შექმნილმა დროებითმა ამხანაგობამ. ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვ.“, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 1994 წლის 14 ნოემბრის განკარგულებით.
1995 წლის 18 ოქტომბერს შპს „ვ.“ დამფუძნებელთა კრებამ დაადგინა საზოგადოებიდან სამი პარტნიორის გასაჩივლა და მათ ნაცვლად ბ. მ.-წ-ის და ნ. გ-ის მიღება.
შპს „ვ.“ კაპიტალში ბ. მ.-წ-ის წილი განისაზღვრა 49 %-ით, ნ. გ-ის - 5%-ით.
1997 წლის მარტში ბ. მ.-წ-მა და ნ. გ-მა შპს „ვ.“ პარტნიორების მიმართ აღძრეს სარჩელი საზოგადოების ქონებიდან კუთვნილი წების კომპენსაციის მიღების, რემონტზე გაწეული ხარჯების და მაღაზიის ფუნქციონირების დაწყების ხელშეშლის გამო გამოწვეული ზარალის ანაზღაურების შესახებ. შეგებებული სარჩელით ს. ჯ-ამ, ი. ყ-ამ და ა. კ-ამ მოითხოვეს მიუღებელი ხელფასების თანხის გადახდის მ-ზე დაკისრება.
დავა არაერთხელ იყო სასამართლოთა განხილვის საგანი. უკანასკნელად, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითად სარჩელს უარი ეთქვა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბ. მ-ს დაეკისრა 8550 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გააუქმა 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ვ.“ ბ. მ—ის სასარგებლოდ დაეკისრა საზოგადოების ქონებიდან კუთვნილი 49%-ის საკომპენსაციოდ 21554 ლარის და 20 კვ. მეტრ ფართში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 3018 ლარის გადახდა; ბ. მ-ს დაეკისრა გაუცემელი ხელფასების, სულ 7750 ლარის გადახდა.
საკასაციო საჩივრით მოსარჩელეები მოითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას საკომპენსაციო თანხის და გაუცემელი ხელფასების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ საკომპენსაციო თანხა არ უნდა განსაზღვრულიყო საზოგადოების ქონების ღირებულებიდან; საზოგადოების პარტნიორს არ ევალებოდა სხვა პარტნიორებისათვის ხელფასის გადახდა.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ ბ. მ-ის კუთვნილი წილის საკომპენსაციო თანხა 21. 554 ლარის ოდენობით განსაზღვრა საზოგადოების ქონების, კერძოდ, მისი კუთვნილი მაღაზიის შენობის ღირებულების მიხედვით, რაც, ექსპერტიზის 1990 წლის 20 სექტემბრის დასკვნის თანახმად შეადგენს 43968 ლარს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46.1 მუხლის თანახმად შპს-ს პარტნიორს შეუძლია საზოგადოების საწესდებო კაპიტალში საკუთრივ მისი კუთვნილი წილის და არა ამ წილის პროცენტულად შესატყვისი საზოგადოების ქონების ნაწილის გასხვისება. შესაბამისად, შპს-დან გასაჩივლის დროს პარტნიორს შეუძლია მოითხოვოს საკუთრივ მისი წილის საკომპენსაციო თანხისა და არა ამ წილის პროცენტულად შესატყვისი საზოგადოების ქონების ღირებულების ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საზოგადოების ქონების წილის საკომპენსსაციო თანხის - 21.554 ლარის შპს „ვ.“ დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში სარჩელს უარი უნდა ეთქვას.
მოსარჩელემ 1996 წლის 26 თებერვალს საზოგადოების პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებებით ივალდებულა ხელფასების გაცემა. აღნიშნული გარიგებებით ჩამოყალილებულ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ბ. მ-ს ევალებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც, მართალია, გასცილდა სამეწარმეო ურთიერთობებს, მაგრამ არ იყო კანონსაწინააღმდეგო.
სააპელაციო პალატამ ბ. მ-ს სწორად დააკისრა პარტნიორებზე გაუცემელი ხელფასის თანხების გადახდა, ამიტომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლედად.
საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც პალატას შესაძლებლად მიაჩნია ახალი გადაწყვეტილების მიღება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ბ. მ-ის და ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს საზოგადოების ქონებიდან ბ. მ-ის და ნ. გ-ის კუთვნილი წილის საკომპენსაციოდ 21554 ლარის შპს „ვ-ე“ დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე უარი ეთქვას.
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
2. გადახდეს შპს „ვ.“ ბ. მ-ის სასარგებლოდ 3.018 ლარი, 20 კვ. მეტრ ფართზე ჩატარებული სარემონტო ხარჯების ასანაზღაურებლად. მასვე გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 90 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. გადახდეს ბ. მ-ს ს. ჯ-ას სასარგებლოდ 4950 ლარი, ა. კ-ას სასარგებლოდ 1800 ლარი, ი. ყ-ას სასარგებლოდ - 1800 ლარი. მასვე გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 258 ლარი.
3. უარი ეთქვას ბ. მ-ს შპს „ვ.“ მაღაზიის შენობის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს 1276 ლარი.
5. ბ. მ-ს გადახდეს ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები 66 ლარი.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.