Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/56 19 აპრილი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, მ. გოგიშვილი

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე მუნიციპალილური საწარმო „თ. “

გენერალური დირექტორის რ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე შ. მ-ის სარჩელით გაერთიანება „თ.“ მიმართ მოტო-ეტლის შეძენის ან მისი ღირებულების გადახდის შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შ. მ-ი 1947 წელს ჩაუვარდა ტრამვაის და ორივე ფეხი მოკვეთეს, I ჯგუფის ინვალიდია. საწარმო „თ.“ დაკისრებული აქვს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ შეუძინოს შ. მ-ის გადაადგილების საშუალება მოტო-ეტლი ან გადაუხადოს მისი ღირებულება. 1999 წელს შ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე „თ.“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციამ შეუძინოს მოტო-ეტლი ან გადაუხადოს მისი ღირებულება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეს განუმარტა, რომ უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით 2000 წლის 4 დეკემბრის შემდეგ.

შ. მ-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. გააუქმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება. დააკმაყოფილა შ. მ-ის სარჩელი და სს „თ.“ დაეკისრა მოტო-ეტლის შეძენა ან მისი ღირებულების გადახდა ხუთწლიანი ვადის გათვალისწინებით 1993 წლის დეკემბრიდან 1998 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.

„თ.“ გენერალური დირექტორი რ. გ-ა საკასაციო საჩივარში ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივლისის ¹ 502 და 19 აგვისტოს ¹ 619 დადგენილებები, რომელთა საფუძველზე 1993 წლიდან ზიანის მიმყენებელი ორგანიზაციები გათავისუფლებულები იყვნენ დამატებითი ხარჯების ანაზღაურებისაგან, მათ შორის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებისაგან.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულებით შემოღებული იქნა და მოქმედებს „ზიანით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ახალი წესები“, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები 5 წლიანი თუ 7 წლიანი საექსპლოატაციო ვადებით ხელითსამართავი ავტომობილები და არE მოტო-ეტლები.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება სწორია და უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შ. მ-ის სარჩელი და გაერთიანება „თ.“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მოტო-ეტლის ღირებულების 5.548 ლარის, დასახიჩრების თანხის 855 ლარის და მომვლელის 1404 ლარის, სულ 7.807 ლარის გადახდა 1993 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით (იხ. სამოქალაქო საქმე ¹ 2/1161 ს. ფ. 37-41). სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხე ორგანიზაციას შ. მ-ისათვის ევალება მოტო-ეტლის შეძენა 1993 წლის დეკემბრიდან 1998 წლის დეკემბრის პერიოდისათვის; სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 30 აპრილის ¹216 დადგენილება „ხელითსამართავი ავტომობილებითა და მოტო-ეტლებით ინვალიდთა უზრუნველყოფის წესის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, იმის თაობაზე, რომ ინვალიდებს მოტო-ეტლები მიცეემათ 5 წლის ვადით.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულება ეხება საწარმოში მომუშავე პერსონალისათვის საწარმოო მიზეზით ზიანის მიყენებას და სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა აღნიშნული აქტი, რადგან იგი არ აწესრიგებს მოცემულ სადავო ურთიერთობას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს მუნიციპალური საწარმო "თ.“ გენერალური დირექტორის რ. გ-ას საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.