Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-77 14 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

განიხილა მ. თ-ისა და ქ. ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. თ-ის სარჩელზე ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ, ქ. ბათუმის მერიის 1998 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ.

მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. თ-ემ და ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივმა შეიტანეს სააპელაციო საჩივრები. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები დატოვებულ იქნა განუხილველად, რადგან ისინი სსსკ 369-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ იქნა შეტანილი. საკასაციო საჩივრის ავტორები მოითხოვენ აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ მათ გადაწყვეტილების ასლი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ჩააბარა. მათ სასამართლოს კანცელარიას რამდენჯერმე მიმართეს განცხადებით გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, მაგრამ განცხადებები საქმის მასალებში არ აღმოჩნდა.

საქმის ზეპირი განხილვის დროს საქართველოს იუსტიციის საბჭოდან წარმოდგენილ იქნა მოცემულ საქმესთან დაკავშირებული მასალები.

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები,

საქართველოს იუსიტიციის საბჭოდან წარმოდგენილი მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მ. თ-ეს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 1999 წლის 1 დეკემბერს. მ. თ-ემ, აღნიშნულის თაობაზე თუ როდის მიმართა სასამართლოს განცხადებით, საქმის მასალებით დადგენილი არ არის. საქართველოს იუსტიციის საბჭოდან შემოსული მასალებით კი ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანცელარია ფუნქციონირებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აგვისტოს ¹ 457-ე ბრძანებულებით დამტკიცებული „რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შესახებ" დებულების მე-11 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნულის გამო, საქმის მასალებით შეუძლებელია დადგენილ იქნეს სასამართლოს მიერ სსსკ 259-ე მუხლის მოთხოვნა შესრულებული იქნა თუ არა. ს. ფ. 331-332-ზე არსებული განცხადებით, ირკვევა, რომ გადაწყვეტილების ასლი მხარეებმა მიიღეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც მოითხოვდნენ გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ ჩათვლოდათ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა უნდა მოეხდინა საქმის ზეპირი განხილვით და სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნული დარღვევების დადგენისას სააპელაციო საჩივრები დასაშვებად უნდა მიეჩნია, რადგან სასამართლოს კანცელარიის არასწორი ფუნქციონირების გამო, არ შეიძლება მხარეს შეეზღუდოს მისი პროცესუალური უფლებების განხორციელება.

ასეთ შემთხვევაში სააპელაციო (საკასაციო) საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც საპროცესო ვადის გაგრძელება, ან აღდგენა.

პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად დაბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატაში, რადგან მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთი ნორმის გაუქმება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. თ-ისა და ქ.ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწრმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წ. 16 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.