Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-90 29 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა თ. შ-ას კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 იანვრისა და 2000 წლის 27 იანვრის განჩინებებზე, საქმეზე თ. შ-ას სარჩელის გამო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ, რომელმაც მოისმინა მოსამართლე ლ. ისაკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თ. შ-ა, რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, 1998 წლის 12 აგვისტოდან 1999 წლის 3 აგვისტომდე იმყოფებოდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1999 წლის 3 აგვისტოს თ. შ-ას მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

თ. შ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის - ერთი მილიონი ლარის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 იანვრის განჩინებით ამ საქმის წარმოება შეჩერდა იმის გამო, რომ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აღიძრა წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წელს 27 იანვრის განჩინებით, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული თ. შ-ას კერძო საჩივარი იმავე პალატის 2000 წლის 11 იანვრის ზემოაღნიშნულ განჩინებაზე და თ. შ-ას კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოგზავნილი იქნა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში.

დადგენილია, რომ თ. შ-ამ მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე. ამ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურორის 1999 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით აღიძრა წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. იმის გამო, რომ თ. შ-ას სარჩელის განხილვის მასალები ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეუძლებელია ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე, 281-ე, 282-ე მუხლების შესაბამისად სწორედ შეაჩერა ამ საქმის წარმოება.

პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 იანვრისა და 2000 წლის 27 იანვრის განჩინებები, ხოლო კერძო საჩივარი დაუკმაყოფილებლად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.