გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/160 26 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარეm ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა სააქციო საზოგადოება „თ." გენერალური დირექტორის ე. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე დავით ჯავახაძის სარჩელის გამო სს „თ." მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ:
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1996 წლის 23 აპრილს თბილისში .... ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის სარდაფში გაზსადენიდან გაზის გაჟონვისა და დაგროვების შედეგად მოხდა აფეთქება. აფეთქებამ გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი და შენობაში განთავსებული გასტრონომის „გ..." ქონების დაზიანება-განადგურება.
დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნენ „გაზსადენის" სამმართველოს უფროსი ჩ-ე და მთავარი ინჟინერი ი-ი. სს. „თ." გასტრონომ „გ." სასარგებლოდ დაეკისრა განადგურებული პროდუქტების ღირებულების _ 17210 ლარის გადახდა.
1998 წლის ოქტომბერში გასტრონომ „გ." დირექტორმა დ. ჯ-ემ აღძრა სარჩელი სს „თ." მიმართ მაცივარ-დანადგარებისა და ინვენტარის განადგურებით მიყენებული ზარალის _ 29650 ლარის ანაზღაურების შესახებ; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 1998 წლის 1 ოქტომბრამდე მიუღებული ხელფასის _ 15000 ლარის, აშშ დოლარსა და ეროვნული ვალუტის კურსთა შორის სხვაობის _ 6500 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების 220 ლარის ანაზღაურება. სარჩელის მთლიანი ფასი შეადგენდა 53270 ლარს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სს „თ." დ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განადგურებულ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულების _ 31650 ლარის გადახდა. ხელფასისა და ვალუტის კურსთა შორის სხვაობის ანაზღაურების ნაწილში სარჩელს უარის ეთქვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 2 თებერვლის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით სს „თ." მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია განადგურებული ქონების კუთვნილებისა და ზიანის ოდენობის დასადგენად სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები; განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით გაურკვეველია განადგურებული ინვენტარის დამზადებისა და შეძენის დრო, ფასი, ცვეთის მდგომარეობა. ქონების ღირებულება არ ყოფილა განსაზღვრული ექსპერტის ან სპეციალისტის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე" პუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლით, 411-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ." საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.