Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ\383 31 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

განიხილა შპს „პ.“ და ინდივიდუალური მეწარმე გ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.

მოსამართლე რ. ნადირიანის მოხსენების საფუძველზე

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1997 წლის 12 ივნისს შპს „გ.“-სა (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს „ჯ.-ტელეკომი“) და ინდივიდუალურ მეწარმე გ. კ-ს შორის დაიდო სადილერო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ინდივიდუალური მეწარმე გ. კ-მა შპს „გ.“-ს საწყობიდან მიიღო მობილური ტელეფონები, აქსესუარები და, შესაბამისად, იკისრა მათი საფასურის გადახდის ვალდებულება. ინდ. მეწარმე გ. კ-მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მისმა დავალიანებამ შპს „გ.“-ს მიმართ შეადგინა 45 929 \ორმოცდახუთი ათას ცხრას ოცდაცხრა\ ლარი. 1997 წლის 19 დეკემბერს საგარანტიო წერილის საფუძველზე შპს „პ.“ დირექტორი ლ. ქ-ე გამოვიდა გარანტად და აიღო ვალდებულება 1998 წლის 1 აპრილამდე დაეფარა ინდ. მეწარმე გ. კ-ის მთლიანი ვალი, რაც საგარანტიო წერილში მითითებული თარიღის _ 1997 წლის 19 დეკემბრისათვის შეადგენდა 35 585 ლარს. აღნიშნული საგარანტიო წერილით შპს „პ.“ აიღო ვალდებულება ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაეხადა საურავი _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ვალის 0,5%.

შპს „ჯ.-ტელეკომმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შპს „პ.“ 75 383 ლარის, ანუ 46 603 აშშ დოლარის დაკისრება, ინდ. მეწარმე გ. კ-ისათვის კი 19 737 ლარის ან 12 907 აშშ დოლარის დაკისრება.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.-ტელეკომის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

შპს „პ.“ და ინდივიდუალური მეწარმე გ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე, 393-ე, 401-ე, 403-ე მუხლები.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი მიუთითებს, რომ საგარანტიო წერილით შპს „ჯ.-ტელეკომს“ უფლება ეძლეოდა, წარედგინა ინკასო შპს „პ.“ ანგარიშზე ყოველი თვის ბოლოს დავალიანების დაფარვამდე და ანგარიშიდან მოხსნა 12 000 ლარი. ამ უფლებით მოსარჩელემ შეგნებულად არ ისარგებლა და საურავების დარიცხვის გზით გაზარდა დავალიანება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის მიხედვით კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება და თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ინკასოს წარუდგენლობით ვალდებულების შესრულების ვადა გადააცილა, რის გამოც მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს საურავის გადახდისაგან.

საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების მე-7 მუხლის თანახმად „ორგანიზაციების ანგარიშებიდან მათი თანხმობის გარეშე უდავო წესით სახსრების გადახდევინება შეიძლება მოხდეს სასამართლო და სხვა ორგანოების გადაწყვეტილებათა საფუძველზე, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნიათ ორგანიზაციებისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება“. მოსარჩელეს შპს „პ.“ ანგარიშიდან სახსრები რომ ჩამოეწერა, საჭირო იყო სასამართლო ან სხვა ორგანოს გადაწყვეტილება და მხოლოდ საგარანტიო წერილის საფუძველზე იგი ვერ მოახდენდა სახსრების ჩამოწერას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ჯ.-ტელეკომს“ ვალდებულების შესრულების ვადა არ გადაუცილებია.

პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული შპს „გ.“-დან სარეალიზაციოდ წამოღებული მობილური ტელეფონების ღირებულება _ 4 724 ლარი უნდა გამოაკლდეს მათ დავალიანებას, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა მათი ბრალით არ იყო გამოწვეული \მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე\.

სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის I ნაწილით „გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან „გაფუჭების რისკი“. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გატაცებული მობილური ტელეფონების ღირებულება უნდა გადახდეს კასატორებს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით დაუშაჩივებულია პროცენტიდან პროცენტის გადახდა.

პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მოსაზრება ამ ნაწილში სწორია. სასამართლომ მოპასუხეების დავალიანებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი დაარიცხა და გადიდებული თანხიდან გამოითვალა საურავის ოდენობა. ამდენად, სასამართლომ დააკისრა მოპასუხეებს პროცენტის პროცენტი, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საქმის ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ 1999 წლის 1 ივლისისათვის ინდივიდუალური მეწარმე გ. კ-ის დავალიანებამ შპს „ჯ.-ტელეკომთან“ შეადგინა 45 929 ლარი. შპს „პ.“ საგარანტიო წერილის საფუძველზე აიღო ვალდებულება, 1998 წლის 1 აპრილამდე გადაეხადა გ. კ-ის დავალიანების ნაწილი, რაE შეადგენდა 35 585 ლარს. აქედან გამომდინარე, გ. კ-ის დავალიანება განისაზღვრა 45 929 ლარს _ 35 585 ლარი = 10 344 ლარით.

შპს „გ.“-ასა და ინდ. მეწარმე გ. კ-ის შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, სუბდილერს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა საურავი _ დავალიანების 0,2%. 1998 წლის 26 მარტიდან 1999 წლის 1 ივლისამდე განაEდურმა შეადგინა 454 დღე, ხოლო საურავის თანხამ _ 9 393 ლარი.

ამდენად, ინდივიდუალური მეწარმე გ. კ-ის მთლიანი გადასახდელი თანხა, ძირითადი დავალიანების და საურავის გათვალისწინებით, შეადგენს 10 344 ლარს + 9 393

ლარი = 19 737 ლარს.

1997 წლის 19 დეკემბერს შედგენილი საგარანტიო წერილით დადგენილია, რომ შპს „პ.“ დირექტორმა ლ. ქ-ემ აიღო ვალდებულება, დაეფარა ინდივიდუალური მეწარმე გ. კ-ის მთლიანი ვალი შპს „გ.“-ს მიმართ 1998 წლის 1 აპრილამდე, რაც შეადგენდა 35 585 ლარს.

აღნიშნული საგარანტიო წერილით შპს „პ.“ აიღო ვალდებულება ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაეხადა საურავი _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ვალის 0,5%.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებით და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „პ.“ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო _ ყოველ გაცდენილ დღეზე 0,5% შეუმციროს 0,3%-ით.

მხარეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი ქვითრებით ირკვევა, რომ შპს „პ.“ პირველი გადახდა მოახდინა 1998 წლის 6 აპრილს 9 000 ლარის ოდენობით, დასაფარი დარჩა 35 585 ლარს _ 9 000 ლარი = 26 585 ლარი. მეორე გადახდა აწარმოა 1998 წლის 5 აგვისტოს 13 500 ლარის ოდენობით, დასაფარი დარჩა 26 585 ლარს _ 13 500 ლარი = 13 085 ლარი. 1998 წლის 6 აპრილიდან 5 აგვისტომდე გაცდენილი იქნა 118 დღე. საურავის თანხამ 26 585 ლარის 0,3% შეადგინა 9 440 ლარი. ამდენად, 1998 წლის 5 აგვისტოსათვის შპს „პ.“ დავალიანების თანხამ შეადგინა 13 085 ლარი, ხოლო საურავის თანხამ _ 9 440 ლარი.

1998 წლის 5 აგვისტოდან 1999 წლის 1 ივლისამდე განაცდურმა შეადგინა 324 დღე. საურავის თანხა _ 13 085 ლარის 0,3% შეადგენს 12 636 ლარს.

ამდენად, „პ.“ მთლიანი გადასახდელი თანხა, ძირითადი დავალიანების და საურავის გათვალისწინებით, შეადგენს 13085 ლარს + 9440 ლარი + 12636 ლარი = 35 161 ლარს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს „პ.“ და ინდივიდუალური მეწარმე "გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო

და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

შპს „პ.“ დაეკისროს 35 161 \ოცდათხუთმეტი ათას ასსამოცდაერთი\ ლარის გადახდა შპს „ჯ.-ტელეკომის“ სასარგებლოდ.

მას ასევე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი _ 1 404 \ათასოთხასოთხი\ ლარის 70% საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასარგებლოდ \ანგ. ¹115141102\ და 30% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ინდივიდუალურ მეწარმე „გ. კ-ლს“ დაეკისროს 19 737 \ცხრამეტიათას შვიდას ოცდაჩვიდმეტი\ ლარის გადახდა შპს „ჯ.-ტელეკომის“ სასარგებლოდ.

მას ასევე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი _ 789 \შვიდასოთხმოცდაცხრა\ ლარის 70% საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასარგებლოდ \ანგ. ¹115141102\ და 30% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.