გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-/400 31 მარტი,2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
განიხილა ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
მოსამართლე რ. ნადირიანის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გ. ე-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. ქ-ას მიმართ და მოითხოვა მისგან, როგორც მემკვიდრისაგან, მისი აწ გარდაცვლილი მეუღლისათვის ნასესხები თანხის დაბრუნება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აბაშის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ე-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სამკვიდროს მიმღებზე პრეტენზიის წაყენების ვადის არასაპატიო მიზეზით გასაჩივრების მოტივით.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გააუქმა აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ე. ქ-ას დაეკისრა 5577 (ხუთი ათას ხუთას სამოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა გ. ე-ას სასარგებლოდ.
ე. ქ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით:
საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა ადრე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორის მოსაზრებით დავა უნდა გადაწყვეტილიიყო ადრე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 563-564 მუხლებით, რომელიც სასამართლომ არ გამოიყენა. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა ვერ იმსჯელებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი კი საჩივარში მითითებული არ არის.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ გ. ე-მ 1988 წელს მოპასუხე ზ. ქ-ას მეუღლეს რ. ჩ-ეს ასესხა ცხრა ათასი რუსული მანეთი, რაცE საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით 1999 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით შეადგენს 5577 ლარს. რ. ჩ-ემ ვალის დაბრუნება დათქმულ ვადაში ვერ შეძლო და 1993 წლის დასაწყისში გ. ე-ათვის მიწერილი წერილით ითხოვდა სესხის დაბრუნების ვადის გადაწევას. 1993 წელს რ. ჩ-ე გარდაიცვალა. სამკვიდრო მიიღო მისმა მეუღლემ – ე. ქ-ამ.
დადგენილად არის ცნობილი, რომ რ. ჩ-ის მემკვიდრეს ე. ქ-ას გ. ე-ამ ვალის დაბრუნების მოთხოვნით პირველად მიმართა ჩ-ის გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ და
1998 წლამდე მისგან ითხოვდა ვალდებულების შესრულებას. მოპასუხე ქ-ა კი მეუღლეს გარდაცვალებიდან 1998 წლამდე აღიარებდა ვალდებულებას და თავის მხრივ ჰპირდებოდა ე-ას ვალის დაბრუნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა ადრე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც აღიარებას ადასტურებს, როცა ერთი ან ორივე მოდავე მხარე მოქალაქეებია.
პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ძალაში დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.