გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\412 19 აპრილი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, მ. გოგიშვილი
განიხილა ოზურგეთის რაიონის პროკურატურის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე მოსარჩელე ზ. მ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე გურიის ოლქისა და ოზურგეთის რაიონის პროკურატურის მიმართ, გურიის ოლქის პროკურორის 1998 წლის 16 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის, გაუქმების შესახებ, რომელიც მიმართული იყო საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე.
პალატამ, რომელმაც მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ზ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს რომ უკანასკნელ პერიოდში იგი მუშაობდა ოზურგეთის რაიონის პროკურატურის სტაჟიორად. ოზურგეთის რაიონის პროკურორის 1998 წლის 12 ნოემბრის მიმართვის გამო, გურიის საოლქო პროკურორის 1998 წლის 16 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურორის 1998 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით იგი დათხოვილი იქნა საქართველოს პროკურატურის სისტემიდან. მოსარჩელე ზ. მ-ემ მოითხოვა ოლქის პროკურორის დასახელებული მოხსენებითი ბარათის გაუქმება.
ოზურგეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელს უარი ეთქვა, რომელიც არაკანონიერად მიიჩნია მოსარჩელემ და სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნული და გაუქმდა გურიის საოლქო პროკურორის 1998 წლის 16 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი, რომელიც მიმართული იყო საქართველოს გენერალური პროკურორისადმი.
ოზურგეთის რაიონის პროკურატურის წარმომადგენელი არაკანონიერად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და მოითხოვს მის გაუქმებას შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ უთითებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რომელი მუხლის მოთხოვნაა დარღვეული.
პალატა, რომელიც გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტი-ვებს, მოუსმინა მხარეებს, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც სასამართლოთა მიერ დადგენილია, ზ. მ-ძე უკანასკნელი წლების განმავლობაში მუშაობდა ოზურგეთის რაიონის პროკურატურის სტაჟიორად. ამავე რაიონის პროკურორის 1998 წლის 12 ნოემბრის წარდგინების საფუძველზე, გურიის საოლქო პროკურორმა ამავე წლის 16 ნოემბრის მოხსენებით ბარათში საქართველოს გენერალური პროკურორის წინაშე, დააყენა საკითხი ზ. მ-ის სტაჟიორის მოვალეობიდან დათხოვნის შესახებ. ეს მოხსენებითი ბარათი დაედო საფუძვლად საქართველოს გენერალური პროკურორის 1998 წლის 12 დეკემბრის ბრძანებას სტაჟიორ ზ. მ-ის პროკურატურის სისტემიდან დათხოვის შესახებ, სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევების გამო.
სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება, რომ თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს გენერალური პროკურორისადმი მიმართული გურიის საოლქო პროკურორის 1998 წლის 16 ნოემბრის თარიღით მიმართული მოხსენებითი ბარათის გაუქმების დროს კონკრეტულად არ მიუთითა, თუ საქართველოს 1997 წლის 21 ნოემბრის კანონის „პროკურატურის შესახებ“ რომელი მუხლით იხელმძღვანელა. მოცემულ შემთხვევაში საქმის გადაწყვეტილებით გამომტანმა სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნები, რომელიც მას ავალებდა გადაწყვეტილებაში მიეთითებინა ის დასკვნები და კანონები, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილი განჩინება კანონის დარღვევით არის მიღებული, რადგან იურიდიულად დაუსაბუთებელია.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.