Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3-ა/319 5 ივლისი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე

განიხილა საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, არსენ სადილიანის სარჩელის გამო მოპასუხე სს ავიაკომპანია „ს. ა.“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ა. ს-ი 1954 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებზე ...., რის გამოც მიიღო პროფესიული დაავადება – სმენის დაქვეითება და 60%-ით დაკარგა შრომის უნარი. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ა. ს-მა სს ავიაკომპანია „ს. ა.“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და სს ავიაკომპანია „ს. ა.“ ა. ს-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დააკისრა 348 ლარი. „ს. ა.“ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე 2000 წლის 23 მარტს საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით ა. ს-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დააკისრა საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს.

საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით: შრომის უნარის დაკარგვის გამო ზიანის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეკისრებინა სს ავიაკომპანია „ს. ა.“, რადგანაც თვითონ არ წარმოადგენდა იმ მხარეს, რომელსაც უნდა დაკისრებოდა ა. ს-ისათვის ზიანის ანაზღაურება.

პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ საკასაციო საჩივარში მითითება იმის შესახებ, რომ ზიანის ანაზღაურების გამო თანხების გადახდა არა თუ მას, არამედ სს ავიაკომპანია „ს. ა.“ უნდა დაკისრებოდა, თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ იგი მოცემულ საქმეში საკუთარ თავს მიიჩნევს არასათანადო მოპასუხედ და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხედ და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მას დაეკისრა თანხები გადასახდელად, მიაჩნია უკანონოდ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეში თავდაპირველ მოპასუხეს სს ავიაკომპანია „ს. ა.“ წარმოადგენდა. „ს. ა. შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საქმეში მესამე პირად, მოსარჩელის სურვილის საწინააღმდეგოდ, მოიწვია საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი, მაგრამ მისი პროცესში ჩაბმის შესახებ სათანადო განჩინება არ მიუღია. ამით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც სასამართლო ვალდებული იყო საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ გამოეტანა სათანადო განჩინება. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნა. ამ მუხლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სურვილის საწინააღმდეგოდ საქმეში მესამე პირად მიიწვია საქართველოს ტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელსაც დაეკისრა ა. ს-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სასამართლომ დეპარტამენტს დააკისრა ზიანის ანაზღაურება ისე, რომ იგი საქმეში მოპაუხედ, არ ჩააბა, რითაც უხეშად დაირღვა ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმათა მოთხოვნები.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის გაეგზანოს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.