Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\83 12 მაისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. ჩიქოვანი

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ც. ჭ-ის სარჩელით მოპასუხე ნ. მ-ის, ზესტაფონის სანოტარო კანტორის, ზესტაფონის რაიონის სააღსრულებო ბიუროსა და ნ. ფ-ის მიმართ _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ცისკაძის მოხსენებაწ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. მ-ესა და ც. ჭ-ეს შორის სესხის ხელშეკრულება იყო დადებული: ამ ხელშეკრულებით ნ. მ-ეს უნდა დაებრუნებინა ც. ჭ-თვის 1000 აშშ დოლარი. იმის გამო, რომ ეს თანხა ვერ გადაიხადა მოვალემ, ც. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში.

ც. ჭ-ის სარჩელი მოპასუხე ნ. მ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალის _ 1000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, სასამართლო აღმასრულებელმა 1998 წლის 28 დეკემბერს ყადაღა დაადო ნ. მ-ის ქონების ნაწილს სახლის გარდა; ნ. მ-ემ თავისი სახლი აჩუქა 1999 წლის 1 თებერვალს შვილს ნ. ფ-ეს. ც. ჭ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეებს: ნ. მ-ის, ზესტაფონის სანოტარო კანტორისა და ნ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, რადგან მოპასუხე ნ. მ-ემ სახლი გააჩუქა იმის გამო, რომ სახლზე ყადაღა არ დადებულიყო და ეს ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებაა.

ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი, ზესტაფონის სანოტარო ბიუროს მიერ 1999 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ქ. ზესტაფონში, .... ქ. ¹54-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შესახებ მოპასუხე ნ. მ-ესა და ნ. ფ-ეს შორის ბათილად ჩაითვალა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი.

ნ. მ-ე საკასაციო საჩივარში ითხოვს მოცემულ საქმეზე გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმის გამო, რომ საქმე განხილულ იქნა ნ. ფ-ის მონაწილეობის გარეშე, სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია ჩუქების ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ და მოჩვენებითად.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო განჩინება სწორია და უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებელი შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ეს დაეკისრა ც. ჭ-ის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის გადახდა, დღეისათვის კანონიერ ქალაშია. ამ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის 1998 წლის 28 დეკემბერს ყადაღა დაედო მოპასუხის ქონებას, საცხოვრებელი სახლის გარდა. მოპასხის მიერ 1998 წლის 1 თებერვალს გაფორმებული სახლის ჩუქების ხელშეკრულება შვილის ნ. ფ-ის სახელზე მოჩვენებით გარიგებად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა აღნიშნული მუხლი, რადგან ნ. მ-ემ სახლი გააჩუქა იმ პერიოდში, როცა უნდა აღსრულებულიყო სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის 1000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ: სადავო ხელშეკრულება, რომ არ ისახავდა მიზნად იმ იურიდიულ შედეგებს, რაც ჩუქების ხელშეკრულებას მოსდევს, დადასტურებულია საქმის მასალებით. კერძოდ, ნ. მ-ე თავისი ოჯახით კვლავ ცხოვრობს სადავო ბინაში, ხოლო შვილი ნ. ფ-ე კი არ ცხოვრობს იმ სახლში.

სააპელაციო სასამართლოს 1999 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხე ნ. ფ-ე გამოცხადდა, მან განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება: სასამართლო აღმასრულებელმა აღწერა 130 ლარის ნივთები, რაც დედამისს ეკუთვნოდა; აღმასრულებლისგან იცოდა, რომ ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო ნ. მ-ის პენსიიდან. 1999 წლის 9 ნოემბრის სხდომა დაიხურა და 1999 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა ახალი სხდომა. ამ სხდომაზე, მართალია, მოპასუხე ნ. ფ-ე არ გამოცხადდა, მაგრამ ვინაიდან მას სასამართლოსათვის უკვე მიცემული ჰქონდა განმარტება, სასამართლომ საქმე განიხილა მის დაუსწრებლად. ამდენად, სააპელაციო პალატას არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის მოთხოვნა.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.