გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹ 3კ\155 7 ივნისი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე
მხარეები: მოსარჩელე _ რ. თ-ე, მოპასუხე _ ტ. დ-ი
დავის საგანი: უკანონო დაშენების აღება და არასაცხოვრებელი ფართის (სხვენის) ნახევრის ფლობისა და სარგებლობის უფლებით მიკუთვნება.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. თ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს კომუნალური ფონდის ნახევარსარდაფის ბინაში მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. 22\9-ში. სახლის პირველი სართული შეიძინა ტ. დ-მა, რომელმაც მისი ნებართვის გარეშე გამოცვალა სახურავი და სახლს დააშენა მანსარდა. გააუქმა საკვამურები, მოშალა საწრეტი მილები, რამაც გამოიწვია წყლის ჩადგომა საძირკველში და საფრთხე შეექმნა შენობის მდგრადობას. აღნიშნულის გამო მოითხოვა უნებართვოდ დაშენებული სახლის სახურავის აღება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დამატებითი სარჩელით, ასევე მოითხოვა სხვენის ნახევრის ფლობისა და სარგებლობის უფლებით მიკუთვნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე მხარეს დაევალა უნებართვოდ მოწყობილი სახურავის აღება და სახლის გადახურვის აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში. მასვე დაევალა უნებართვოდ ამოქოლილი სამი საკვამურის წინანდელი მდგომარეობის აღდგენა; სადაო სახლის სხვენის ნახევარი მიეკუთვნა რ. თ-ეს ფლობისა და სარგებლობის უფლებით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-211-ე მუხლები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა რ. თ-ის სხვენის ნახევრის ფლობისა და სარგებლობის უფლებით მიკუთვნების ნაწილში. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 575-ე, 161-ე, 150-ე, 170-ე, 171-ე, 173-ე, 961-ე (1) მუხლები.
საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. მოითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით დამატებითი სარჩელის დაკმაყოფილებას სხვენის ნახევრის ფლობისა და სარგებლობის უფლებით მიკუთვნების შესახებ.
პალატა გაეცნო საკასაციო და შეგებებულ საკასაციო საჩივრებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ ტ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რ. თ-ის შეგებებულ საკასაციო საჩივარს ეთქვას უარი შემდეგი გარემოებების გამო:
საოლქო სასამართლოს სააპელაციტო პალატის მიერ დადგენილია, რომ რ. თ-ე ცხოვრობს თბილისში, .... ქ. ¹22\9-ში მდებარე სახლის ნახევარსარდაფში, ხოლო სახლის პირველი სართული საკუთრების უფლებით ეკუთვნის ტ. დ-ს, რომელმაც მოხსნა სახლის ძველი სახურავი და კედლების ნაწილობრივი რეკონსტრუქციით მოაწყო მაღალქანობიანი სახურავი, შემდგომში მანსარდის მოწყობის მიზნით. რეკონსტრუქციის დროს მოხდა საკვამური მილების მოშლა.
სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე, 173-ე, 75-ე და 961 (1) მუხლები, რაც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული ნორმებით რეგულირდება საკუთრების უფლება უძრავი ნივთის არსებით შემდგენელ ნაწილზე, საერთო საკუთრება და დამქირავებლის უფლების დაცვა. მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგანს წარმოადგენს მარვალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეთა ინიდივიდუალური საკუთრების დაცვა. აღნიშნულ საქმეზე, სამართლებრივი ნორმების დარღვევის გამო გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. თ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლით მარვალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე (ბინის საკუთრება) და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკთურება). ბინის საკუთრება და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება, მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად. ინდივიდუალური საკუთრება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იზოლირებულ ბინაზე, ამ შენობის სხვა იზოლირებულ ნაწილზე. ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას კი წარმოადგენს შენობის ის ნაწილი და ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, როგორიცაა მოცემულ შემთხვევაში სახლის სახურავი და საკვამური მილები. ტ. დ-ს, როგორც მესაკუთრეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართალია, უფლება აქვს ინდივიდუალური საკთურების საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე მოახდინოს რეკონსტრუქცია (გადაკეთება, მაგრამ ამით გამართლებულად არ უნდა შელაჰხოს რ. თ-ის, როგორც ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული ბინის მესაკუთრის უფლება . კერძოდ, საერთო საკუთრებაში არსებული სახლის სახურავითა და საკვამურებით სარგებლობისას. რაც შეეხება სადავო სახლის ჭერს, ამჟამად მანსარდს, იგი იზოლირებული ფართია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ტ. დ-ის ინდივიდუალური საკუთრების საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. თ-ის დამატებითი სასარჩელო მოთხოვნა სხვენის ნახევრის ფლობისა და სარგებლობის უფლებით მისთვის მიკუთვნების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საერთო სარგებლობის საკვამური მილების აღდგენის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართვლეოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაკმაყოფილდეს ტ. დ-ის საკასაციო საჩივარი. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
რ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ტ. დ-ს დაევალოს თბილისში, .... ქ. ¹22\9-ში მდებარე სახლის უნებართვოდ ამოქოლილი სამი საკვამურის ადრინდელ მდგმოარეობაში აღდგენა. დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.