Facebook Twitter

ბს-448-429(კ-06) 22 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ფ. ჯ-კი, წარმომადგენელი _ მ. ძ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალი

დავის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფ. ჯ-ის განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით იგი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალის განცხადების საფუძველზე 2000 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება იმავე სასამართლოს 2004 წლის 6 იანვრის განჩინებით იქნა გაუქმებული.

2005 წლის 25 მაისს ფ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალის მიმართ და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და 2003 წლის ოქტომბრიდან გაუცემელი საპენსიო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ფ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ჯ-ის მშობლები 1944 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გადასახლებულ იქნენ საქართველოდან ყირგიზეთში, საიდანაც სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის ¹--/-- დადგენილების საფუძველზე, წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლების გარეშე, 1956 წელს გათავისუფლდნენ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული არქივის ცნობის საფუძველზე, მოსარჩელის დედას გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ, 1958-60 წლებში, სალიბაურის მეურნეობაში ჰქონდა ნამუშევარი, 1960 წელს კი ნებაყოფლობით იყო დაბრუნებული ყირგიზეთში, სადაც 1972 წელს ფეხრი ჯუველეკი დაიბადა. E

აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხრი ჯუველეკმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის მტკიცებით, ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დედამისი 1960 წლიდან ნებაყოფლობით დაბრუნდა ყაზახეთში საცხოვრებლად, რამდენადაც აღნიშნულის მტკიცებულება მოპასუხეს არ გააჩნდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინებით ფ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი იმავე საფუძვლებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ჯ-ის წარმომადგენელმა მ. ძ-ემ და მიუთითა შემდეგზე: მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კასატორის მშობლები 1956 წლის 28 აპრილის ¹-- დადგენილების საფუძველზე მოიხსნენ სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან, მათ უფლება არ ჰქონდათ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ პირვანდელ საცხოვრებელ ადგილზე და აღნიშნული უფლება მხოლოდ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 9 იანვრის დადგენილებით მიეცათ. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფეხრი ჯუველეკის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 7 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 4 ოქტომბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 22 ნოემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე. E

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის (იმდროინდელი რედაქციით) 1.2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე.

ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

ამავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა: ა)პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; ბ)პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:

ფ. ჯ-ის მამა _ ი. ხ-ის-ძე ჯ-ექ 1944 წელს, სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის ¹-- დადგენილების საფუძველზე, გადასახლებულ იქნა ყირგიზეთში. 1956 წლის 28 აპრილის დადგენილებით ფ. ჯ-ის მშობლები მოიხსნენ სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 9 იანვრის დადგენილებით აღნიშნული შეზღუდვა გაუქმდა და რეპრესირებულებსა და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოში დაბრუნების უფლება აღუდგათ. მოცემული დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ის ნორმატიული აქტები, რომლებიც გარკვეული კატეგორიის პირებს საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებას უზღუდავდა, კერძოდ, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის დადგენილება ამ ნაწილში და გარკვეული კატეგორიისა და ეროვნების პირებს გადასახლებამდე არსებულ კუთვნილ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების უფლება მიენიჭათ. ფ. ჯ-კი 1972 წელს ყირგიზეთში დაიბადა. ნიშანდობლივია, რომ 1956 წელს მოსარჩელის მშობლების სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნას სამშობლოში დაბრუნების უფლების გარეშე, სადავოდ არ ხდის და დადგენილად მიიჩნევს ასევე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოც (ს.ფ. 20).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

საქმეში არ მოიპოვება ის მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნიეს სასამართლოებმა, რომ ფ. ჯ-ის რეპრესირებულად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადო შეფასება არ მისცა მათ, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სასამართლოს თავად უნდა მოეპოვებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და მხოლოდ მათი შეფასების შედეგად მიეღო საქმეზე გადაწყვეტილება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევასა და შეფასებას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს იმ გარემოებას, რომ ფ. ჯ-ის მშობლები 1956 წლის 28 აპრილის დადგენილების საფუძველზე მოიხსნენ სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან, მაგრამ მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება 1974 წლამდე არ ჰქონდათ, ხოლო ფ. ჯ-კი ყირგიზეთში დაიბადა. სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სპეცაღრიცხვიდან რეპრესირებულის მოხსნა, როცა მას ყველა უფლება არ აღუდგება და საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება ეკრძალება, ითვლება თუ არა მის მიმართ რეპრესიის გაგრძელებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოარკვიოს, ფეხრი ჯუველეკი წარმოადგენს თუ არა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის სუბიექტს და მასზე ვრცელდება თუ არა მოცემული კანონის დებულებები. აქვე გამოსაკვლევია, იმყოფებოდა თუ არა მოსარჩელის დედა _ ჰ. ჯ-კი --- წლებში საქართველოში და მისი დაბრუნება ყირგიზეთში მოხდა თუ არა ნებაყოფლობით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის სხდომის ოქმი შედგენილია არასრულყოფილად: მასში მითითებულია, რომ ხელვაჩაურის რაიონის --- წარმომადგენელმა სასამართლოში წერილობითი ახსნა-განმარტება წარადგინა, რომელიც სხდომის ოქმს დაერთო (ს.ფ 35), თუმცა აღნიშნული დოკუმენტი საქმეში არ არის. აქვე აღსანიშნავია, რომ, როგორც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, მან სასამართლოში სააპელაციო საჩივართან ერთად საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარადგინა, მაგრამ საქმეში არც ისინი მოიპოვება.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.