Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹ 3კ\199 10 მაისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

განიხილა ს. ს. კ. ბ. “რ.” საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ სსკბ “რ” სარჩელის გამო, მოპასუხე სს “ქ. მ. ქ.” მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სს “ქ. მ. ქ.” სს კ. ბ. “რ” 1996 წლის 2 თებერვალს ერთი წლის ვადით გააფორმა საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება სესხის _ 15000 ლარის მიღების შესახებ. ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრულ იქნა პროცენტი _ ყოველთვიურად 8%, ხოლო გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში _ პირგასამტეხლო 16% _ თვეში.

მითითებლი ხელშეკრულების შესაბამისად სს “ქ. მ. ქ.” სესხი გაიტანა ორ ეტაპად: 1996 წლის 2 თებერვალს გაიტანა 5341 ლარი და 68 თეთრი, ხოლო 1996 წლის 8 თებერვალს _ 10000 ლარი. ბანკის მიერ 341 ლარი და 68 თეთრი გაცემულ იქნა ისე, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება ამ თანხის გაცემას არ ითვალისწინებდა.

იმავე პირობით, 1996 წლის 1 მარტს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა სესხის მიღების შესახებ ხელშეკრულება 5000 ლარის, ხოლო 1998 წლის 14 იანვარს 4 თვის ვადით _ 6650 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა სს “ქ. მ. ქ.” მიერ მიღებულ იქნა სათანადო წესების დაცვით.

სს “ქ. მ. ქ.” აღებული კრედიტით პროცენტს დფარვას პერიოდულად ახორციელებდა. მხარეთა შეთანხმებით 1996 წლის საკრედიტო გადახდის გადავადება მოხდა 1998 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქარხანამ შესთავაზა ბანკს ვალში მიეღო 45120 ლარად ღირებული ქარხნის ნაწილი. 1998 წლის 22 ივლისს დაუფარავმა სესხმა საერთო ჯამში შეადგინა 26691 ლარი, ხოლო სესხის დაუფარავმა პროცენტმა _ 27660 ლარი. სესხის ვადაში გადაუხდელობის გამო კრედიტორს პირგასამტეხლოს დარიცხვა არ მოუხდენია.

1998 წლის 22 ივლისს მხარეების მიერ ხელმოწერილ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ბათილად იქნებოდა ცნობილი 1996 წლის 2 თებერვლის, 1 მარტისა და 1998 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა, თუ სს “ქ. მ. ქ.”ორი კვირის ვადაში დაფარავდა 2000 ლარს.

ამ შეთანმხების თანახმად სს “ქ. მ. ქ.” 1998 წლის 10 აგვისტოს დაფარა 15000 ლარი, ხოლო 31 აგვისტოს _ 5000 ლარი, რითაც მისივე ბრალით დაარღვია შეთანხმების პირობა, რის გამოც 1998 წლის 31 აგვისტოს თარიღით შედგენილ “საკრედიტო დავალიანების შეწყვეტის შესახებ ოქმზე”, რომელსაც ხელს აწერდა სს “ქ. მ. ქ.”, ბანკმა “რ” ხელი არ მოაწერა. მოვალის მიერ შეტანილი 2000 ლარი არ ჩათვალა სესხის ძირითადი თანხის დაფარვად (იგი ჩათვალა სესხის სარგებლის დავალიანების დაფარვაში), რის გამოც 1999 წლის ივლისისათვის დავალიანების საერთო რაოდენობამ, (ძირითადი ვალისა და სარგებლის ჩათვლით) პირგასამტეხლოს გარდა, შეადგინა 56345 ლარი.

სს კ. ბ. “რ.” 1999 წლის 13 ივლისს სს “ქ. მ. ქ.” მიმართ სარჩელი მიმართა ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სესხის _ 56345 ლარი, ამავე ქარხნის საგარანტიო წერილით ქარხნის მუშის მიერ აღებული სესხის _ 8030 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახის გადახდილი თანხის _ 1609 ლარის გადასახდელად დაკისრება.

1999 წლის 20 სექტებმერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საფუქვლიანად ცნო მოსარჩელის მოთხოვნა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი: სს “ქ. მ. ქ.” გადასახდელად დააკისრა საბანკო კრედიტის გადაუხდელი ვალი _ 56345 ლარი და სახელმწიფო ბაჟი _ 1408 ლარი. სარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2000 წლის 16 თებერვალს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარამეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა სს “ქ. მ. ქ.” სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სს კ.ბ. “რ.” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

სსკბ “რ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

კასატორს უკანონოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება; მოითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სს “ქ. მ. ქ.” 56345 ლარის გადასახდელად დაკისრებას.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი ნოვაციის, ვალის პატიების, ოფერტისა და აქცეპტის შესახებ.

მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივად დადგენილ გარემოებებს.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 329-ე, 331-ე, 428-ე, 429-ე და 448-ე მუხლები, როცა მხარეებს შორის 1998 წლის 22 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმება ნოვაციად და ვალის პატიებად, 1998 წლის 31 აგვისტოს თარიღით ცალმხრივად შედგენილი ოქმი _ ოფერტად და ვალდებულის შესრულებად, ხოლო ამ ოქმზე კრედიტორის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმა, აქცეპტად მიიჩნია.

სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის შესაბამისად “ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როცა კრედიტორი ვალდებულებით გათვალისწინებულის ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა ვალდებულბის შესრულებას (ნოვაცია).”

მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც 1998 წლის 22 ივლისის შეთანხმების ხელწერილით კრედიტორს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება სხვა სახის ვალდებულებით არ შეუცვლია, თავისთავად, ამ შეთანხმებით მოვალესა და კრედიტორს შორის ვალდებულების შესრულების ნოვაციას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ეპიზოდში სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის გამოყენება ნიშნავს იმ კანონის გამოყენებას, რომელიც სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა.

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა უნდა გასცეს დამადასტურებელი დოკუმენტი, მოვალის მოთხოვნაზე შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივი მიღების შესახებ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ სს “ქ. მ. ქ.” მიერ ცალმხრივად ხელმოწერილ აქტზე სსკბ “რ.” მხრივ ხელის მოწერაზე უარის თქმა წარმოადგენს აქცეპტს სს “ქ. მ. ქ.” მხრიდან გაკეთებულ ოფერტაზე.

სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება შემოთავაზებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინადადებაში გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. ეს იმას ნიშნავს, რომ წინადადებაში გამოხატული უნდა იყო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობის შესახებ. წინადადებიდან აშკარად არ ჩანს ხელშეკრულების დადების განზრახვა, მაშინ ასეთი შეტყობინება ოფერტი არ იქნება. მოცემულ შემთხვევაში, იგი ოფერტალდ ვერ ჩაითვლება, რადგანაც 1998 წლის 31 აგვისტოს აქტი წარმოადგენდა მოვალის მოთხოვნის კრედიტორისადმი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ, ვინაიდან მასში არ ჩანდა არანაირი წინადადება მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებისა. ასეთ შემთხვევაში, თანმყოფი ან არათანმყოფი პირის დუმილი არ წარმოადგენს აქცეპტს. მით უმეტეს მაშინ, როცა კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტორმა ვალდებულების შესრულების შესახებ არათუ გასცა დოკუმენტი, არამედ პირიქით, მოვალის მიერ 1998 წლის 22 ივლისის შეთანხმების საფუძველზე გადახდილი 20000 ლარი (რადგანაც იგი არ იქნა გადახდილი შეთანხმების შესაბამისად ორკვირიან ვადაში) სესხის ქირითადი დავალიანების დაფარვაშიც კი არ ჩათვალა და 1998 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით სს “ქ. მ. ქ.” პირად ანგარიშში დავალიანებად დაუსვა ძირითადი თანხა _ 26991 ლარი და ამ ვალის გადაუხდელი შესაბამისი პროცენტი. უფრო მეტიც, სსკბ “რ.” სს “ქ. მ. ქ.” 1998 წლის 13 ოქტომბერს გაგზავნილი წერილით აცნობა, რომ მას ბანკის სასარგებლოდ დავალიანებად ერიცხებოდა 36569 ლარი და სთხოვდა საკრედიტო დავალიანების 1998 წლის 25 ოქტომბრამდე დაფარვას.

კრედიტორმა 1999 წლის 17 თებერვალს მოვალეს კვლავ გაუგზავნა სათანადო წერილი იმის შესახებ, რომ დავალიანება უკვე შეადგენდა 48717 ლარს და სთხოვდა დაეფარა 1999 წლის 25 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა სასამართლოს. 1999 წლის 12 მარტს ბანკმა თავისი წერილით კიდევ ერთი გაფრთხილება გაუგზავნა სს “ქ. მ. ქ.” დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასათანადო განმარტება მისცა სამოქალაქო კოდექსის 329-335-ე მუხლების (ოფერტის და აქცეპტის შესხებ).

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არასწორად განმარტა სამოქალაქო ჩკოდექსის 448-ე მუხლი. ამ მუხლის შესაბამისად “ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას”. ვალის პატიება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი აქტი. მისი შეწყვეტისათვის აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა. თუ კრედიტორი ასეთ ხელშეკრულებაში მოთხოვნის უფლებას იტოვებს, რასაც ფაქტობრივად, 1998 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებაში ჰქონდა ადგილი, მაშინ ვალის პატიებას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

პალატას მიაჩნია, რომ მხარეებს შორის 1998 წლის 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით ჩამოყალიბდა უბრალო პოტესტანტური, პოზიტიური, პირობითი გარიგება ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესებისა და მისი შესრულების შემთხვევაში ვალის პატიების შესახებ, რადგანაც მხარეებს შორის 1998 წლის 22 ივლისს დადებული შეთანხმებით, მოვალე თუ 2 კვირის ვადაში კრედიტორს გადაუხდიდა 20000 ლარს, ვალი მთლიანადდაფარულად ჩაითვლებოდა. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 90-ე, 92-ე, 93-ე 405-ე და 448-ე მუხლების ერთობლიობით.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულების ვალდებულებებს, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გავსლის შემდეგ უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორმა მოვალეს ხელშეკრულების შესრულებისათვის ვალის ნაწილის პატიების უბრალო პოტესტანტური, პოზიტიური პირობით განუსაზღვრა ორკვირიანი დამატებითი ვადა და ამ ვადაში მოვალემ ვერ შეასრულა ვალდებულება, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების შესრულებამ კრედიტორისათვის ინტერესი დაკარგა, მას წარმოეშვა უფლება უარი ეთქვა ამ ხელშეკრულებაზე და მოეთხოვა ვალდებულების შესრულება ძირითადი ხელშეკრულებების შესაბამისად, რასაც ფაქტობრივ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

პალატას მიაჩნია, რომ მხარეებს შორის 1996 წლის 2 თებერვალს და 1 მარტს დადებული ხელშეკრულებები სესხის შესახებ შეესაბამება სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 391-ე, 392-ე და 393-ე მუხლების ახალი სამოქალაქო კოდექსის 867-869-ე და 623-625-ე მუხლების მოთხოვნებს.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154—ე მუხლის შესაბამისად (1964 წლის რედაქციით), ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად ორმოცდაათ მანეთზე მეტი თანხის სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა იყოს დადებული.

ახალი სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა.

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გამოიყენება 1964 წლის რედაქციით სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები, ხოლო ამავე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები გამოყენება 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ წარმოშობილ უფლებამოვალეობებისა და ურთიერთობების მიმართ. ორივე შემთხვევაში მოვალე ვალდებულია კრედიტორს გადაუხადოს ვალი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობისა და პირობების შესაბამისად.

მოცემულ შმეთხვევაში, მხარეებს შორის 1996 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულება სესხის შესახებ მხოლოდ 15000 ლარზე იყო დადებული. ამ ხელშეკრულების შესაბამისად სესხი გაიცა ორ ეტაპად და გაიცა 341 ლარით და 68 თეთრით მეტი, ვიდრე იყო გათვალისწინებული ვინაიდან ზედმეტად გაცემული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო, პალატას მიაჩნია, რომ კრედიტორის ამ მოთხოვნას 341 ლარისა და 68 თეთრის ნაწილში, როგორც ძირითადი ვალის, ისე მისი პროცენტის გათვალისწინებით (რადგანაც იგი მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს), დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ითქვას, აღნიშნული თანხა 1996 წლის თებერვლიდან 1999 წლის მაისის ჩათვლით 1407 ლარს შეადგენს, რაც უნდა გამოაკლდეს კასატორის მიერ მოთხოვნილ თანხას.

ახალი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად სესხისათვის მხარეემა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით დადებული ხელშეკრულება კი ბათილად ითვლება. დადგენილია, რომ მხარეებს შორის 1998 წლის 14 იანვარს დადებული საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებდა ყოველთვიურად 8% გადახდას. ამ დროისათვის ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 3%-ს.

სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ბათილი ნაწილის გარეშეც, რაც მოცემულ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელი იყო.

რადგანაც ბოლო საბანკო კრედიტით განსაზღვრული საპრცოენტო განაკვეთი _ 8% გონივრულ შესაბამისობაში არ იყო იმ პერიოდში არსებულ ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონის საპროცენტო განაკვეთი 3%-თან, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბოლო სესხზე პროცენტის სახით განისაზღვროს 3%, რომლის გათვალისწინებითაც სხვაობა შეადგენს 4987 ლარს და 50 თეთრს, რაც უნდა გამოაკლდეს გადასახდელად დარჩენილ დავალიანების თანხას და საბოლოოდ გადასახდელად დარჩეს 4950 ლარი და 50 თეთრი.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

სსკბ “რ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სს “ქ. მ. ქ.” ბანკი “რ.” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 49950 ლარი და 50 თეთრი “ი.” გახსნილ ¹000281611 და ბანკ “რ.” გახსნილ ¹28180 ანგარიშსწორების ანგარიშიდან.

ბანკი “რ.” სასარგებლოდ მასვე გადახდეს სასამართლო ხარჯები 2000 ლარის ოდენობით იმავე ანგარიშსწორების ანგარიშებიდან.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.