Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\283 24 მაისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაში _ საქმეზე საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო საწარმო გაერთიანება “მ.” სარჩელით მოპასუხეებთან საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან და საქართვლეოს ფინანსთა სამინისტროსთან თანხის დაკისრების შესახებ _ დაშვებული უსწოროწის გასწორების საკითხი.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ცისკაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მოსარჩელე საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო საწარმო “მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, მოპასუხეებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ ერთი მილიონ ექვსას ცხრამეტი ათას რვაას სამოცდა ექვსი (1619866) აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 1997 წლის 3 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო საწარმო და საცხოვრებელ კორპუსებში უნდა ჩაეტარებინა სამშენებლო, სამონტაჟო და რეკონსტრუქციის სამუშაოები. ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 900000 ლარით.

მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოს დაწყება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართვლეოს ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული წერილით ირკვეოდა, რომ აგრარული უნივერსიტეტში აღნიშნული ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 600000 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო აღნიშნული თანხის გადარიცხვა აგრარული უნივერსიტეტისათვის, რის გამოც 1999 წლის აგვისტოსათვის კრედიტორულმა დავალიანებამ მოსარჩელის სასარგებლოდ შეადგინა 744935 ლარი. აღნიშნულ თანხას ემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 0,5 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე, რომელმაც საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის შეადგინა 1619866 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული თანხის დაკისრება ორივე მოპასუხისათვის _ ფინანსთა სამინისტროს, ასევე, აგრარული უნივერსიტეტისათვის, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის. ვინაიდან, ფინანსთა სამინისტროს წერილი გარეშე, იგი არ დაიწყებდა სამუშაოებს. მოსარჩელის აზრით, ფინანსთა სამინისტროს წერილი ფაქტობრივად არის გარანტია.

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა აღიარა ვალის არსებობა, მაგრამ მისი განმარტებით, ვალი უნდა დაფაროს ფინანსთა სამინისტრომ, რადგან ისინი არიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე და თანხა არ გააჩნიათ. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და მოპასუხე აგრარულ უნივერსიტეტს შორის. ფინანსთა სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობა არ მიუღია, არც საგარანტიო წერილი გაუცია და ამდენად, იგი პასუხს არ აგებს აგრარული უნივერსიტეტის ვალებზე.

საქმე განხილულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ და 1999 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა იმგვარად, რომ სადავო თანხის გადახდა დაეკისრა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.

სასამართლომ აღნიშნულ გადაწყეტილებაზე მოსარჩელე სახაზინო საწარმო “მ” და მოპასუხე საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები. მოსარჩელე სახაზინო საწარმო “მ” ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლას იმგვარად რომ, სადავო თანხა სოლიდარულად დაეკისროს ორივე მოპასუხეს, კასატორის აზრით, სასამართლომ გადაწყვეტილება არასწორია, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ არც თანხის გადახდა დააკისრა ფინანსთა სამინისტროს და არც თანხის გადახდისაგან გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის ახსნილი ფინანსთა სამინიტსროს, როგორც მოპასუხის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მოტივები.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებასა და მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ცნობს მოპასუხედ, რადგან ფინანსთა სამინიტსრომ გასცა საგარანტიო წერილი, რომლითაც ფაქტობრივად იკისრა ვალის გადახდა.

საკასაციო პალატამ 2000 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს დაეკისრა საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო საწარმო “მ” სასარგებლოდ 1619866 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის აღნიშნული თანხის სოლიდარულად დაკისრება ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ბაჟი 2 ათასი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ რვა ათასი ლარის (აქედან 3 ათასი ლარი, რაც დაკისრებული ჰქონდა საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს პლიუს საკასაციო საჩივრების განკუთვნილი ხუთი ათასი ლარი).

საქართველოს კლტურის სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო საწარმო “მ” დაეკისრა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ ხუთი ათასი ლარი. მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ აგრარულ უნივერსისტეტს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 2016911 ლარი, რაც მან უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 343-ე მუხლის შესაბამისად.

ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად აღინიშნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1619866 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის შესწორების საკითხის გადასაწყვეტად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატამ დანიშნა სასამართლო სხდომა.

2000 წლის 24 მაისის პალატის სხდომაზე წარმოადგინეს შუამდგომლობა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პროფ. ა. ლ-მა, და სრგ “მ” გენერალურმა დირექტორმა ო. მ-მ სამქის მორიგებით დამთავრების შესახებ, ამ შუამდგომლობის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა უნდა გადაუხადოს რსგ “მ” 400502 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში., ხოლო რსგ “მ” უარს აცხადებს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისაგან ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობად გათვალისწინებული 0,5% ჯარიმის გამოყენებაზე და შესაბამისად 1219364 აშშ დოლარის მიღებაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა საქმის მორგიებით დამთავრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე 218-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, ასევე 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლის პროფ. ა. ლ-ისა და სრგ “მ” გენერალურ დირექტორს ო. მ-ეს შორის მორიგება შემდეგი პირობით:

საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა გადაუხადოს რსგ “მ” 400502 (ოთხასი ათას ხუთას ორი) დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

რსგ “მ” უარს აცხადებს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისაგან ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობად გათვალისწინებული 0,5%-ის ჯარიმის გამოყენებაზე და შესაბამისად 1219364 (მილიონ ორას ცხრამეტი ათას სამას სამოცდაოთხი) ლარის მიღებაზე.

მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო საწარმო “მ” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 2500 ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.