გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\294 31 მაისი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე
განიხილა სს “ე.ი.თ” საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, თ. ი-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ფ. კ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1998 წლის 16 მარტს ქ. თბილისში, ... ქ. ¹8-ის მე-2 სადარბაზოს, ¹25-ში მცხოვრებფ. კ-ის ბინაში გაჩნდა ხანძარი.
ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენდა ელექტროქსელში ძაბვის გაზრდა, რაც შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო სხვადასხვა ტექნიკური მიზეზით, კერძოდ, ტრანსფორმატორის ჯიხურის “კლემის” და ნულოვანი კაბელის გაწყვეტით, რამაც ამოიწვია საცხოვრებელ ბინებში ძაბვის მკვეთრი ცვალებადობა, ხოლო ძაბვის მომატების შედეგად _ ელექტროხელსაწყოს მწყობრიდან გამოსვლა და აალება.
ფ. კ-ის ბინაში გაჩენილი ხანძარი გადავიდა მის მეზობლად მცხოვრებ თ. ი-ის ბინაში და ხანძრის შედეგად მან განიცადა 5380 ლარის მატერიალური ზიანი
თ. ი-მა 1998 წლის 1 აპრილს ფწ კ-ს წინააღდმეგ სარჩელი მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
1999 წლის 13 სექტემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ თ. ი-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე თ. ი-მა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და მიყენებული ზიანის მოპასუხე ფ. კ-ის გადასახდელად დაკისრების მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების პროცესში აპელანტმა თ. ი-მა მოითხოვა საქმეში მესამე პირად “თ.” ჩაბმა”, რაც 1999 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა და იგი საქმეში ჩართო მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
2000 წლის 23 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ, თავისი ინიციატივით, საქმეში მესამე პირად სათანადო სტატუსის განსაზღვრის გარეშე, ჩართო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, როგორც არასათანადო მხარე, გამორიცხა პროცესიდან, ხოლო თავისი 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მესამე პირი სს “ე.ი.თ”
ცნო მეორე მოპასუხედ და თ. ი-ის სასარგებლოდ დააკისრა 5380 ლარი.
სს “ე.ი.თ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნა: სააპელაციო სასამართლომ როცა დაადგინა, რომ ფ. კ-ი არ იყო სათანადო მოპასუხე, მოსარჩელის თანხმობით უნდა შეეცვალა თავდაპირველი მოპასუხე სათანდო მოპასუხით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს თანხმობა არ გამოუხატავს მოპასუხის შეცვლაზე. სასამართლომ სათანადო განჩინების მიღების გარეშე იგი მხოლოდ გადაწყვეტილებით მიიჩნია ამ საქმეზე მოპასუხედ და დააკისრა ზარალის ანაზღაურება, რითაც დაარღვია მისი უფლებები. მისივე მოსაზრებით, ხანძრის შედეგად ი-თვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა სახელმწიფოს, რადგანაც მის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი წერილის შესაბამისად დადგენილია, რომ: “ისეთ ზარალზე, რომელიც მომხდარია 1999 წლის 4 იანვრამდე და შესული არ არის ნაკისრი ვალდებულებათა ნუსხაში, პასუხისმგებლობას კისრულობს სახელმწიფო”.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სამქის განხილვის დროს არ დაიყვღა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნა, რამაც გამოიწვია საქმეში მის მიერ მესამე პირად ჩაბმული სს “ე.ი.თ” კანონით დაცული ინტერესები სდარღვევა. მითითებული მუხლის შესაბამისად: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით, შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ საქმეში სს “ე.ი.თ” ჩაბმული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ი-მა მოითხოვა, რომ ზიანის ანაზღაურება დაკისრებოდა ფ. კ-ს. მართალია, სასამართლო სხლდომაზე თ. ი-მა განმარტა, რომ კ-თან ერთად მოპასუხედ სს “ე.ი.თ” უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის მოსაზრებას შემდგომი განვითარება არ მისცემია და სასამართლოს სს “ე.ი.თ” მოპასუხედ არ უცვნია. მხარეთა პაექრობის დროს სასამართლომ სს “ე.ი.თ” პროცესზე ისევ მესამე პირად მოიხმო, ხოლო გადაწყვეტილებაში იგი მოპასუხედ მიიჩნია და ზიანი ანაზღაურებაც მას დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ მის მიერ მოპასუხედ დაგულვებული სს “ე.ი.თ” სათანადო წესის დაცვით არ ჩააბა რა საქმეში მოპასუხედ, დაარღვია სამოქალაქო საპრცოესო კოდექსის 85-ე მუხლით მხარეებისათვის მინიჭებული უფლებები. მოცემულ საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე, სასამართლოს წარედგინა და საქმეს ერთვის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის 1999 წლის 28 აპრილის წერილი. მასში მითითებულია, სს “ე.ი.თ” პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ვალდებულებებსა და პრეტენზიებზე, რომლებიც წარმოიშვა 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ და ასევე ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოშობილი იყო მანამდე და შესული იყო ნაკისრ ვალდებულებათა ნუსხაში. სხვა დანარჩენ ვალდებულებებსა და პრეტენზიებზე, რომლებიც არ შევიდა ნაკისრ ვალდებულებათა ნუსხაში და\ან დარჩა უცნობი “ე.ი.თ.”, პასუხისმგებლობა დაკმაყოფილებაზე იკისრა საქართველოს სახელმწიფომ.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ზემოთ მითითებული დოკუმენტი არ გაარკვია თ. ი-ის ბინაში ხანძრის ფაქტი შედიოდა თუ არა “ე.ი.თ.” მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ნუსხაში და აქედან გამომდინარე, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზაღაურებაზე პასუხისმგებელი იყო ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის სს “ე.ი.თ.” მიმართ დაკისრება იურიდიულად დასაბუთებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად: გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, “თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული,, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქმის ხელმეორედ განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმეზე დართული საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის 1999 წლის 28 აპრილის წერილი, დაადგინოს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი უშუალო პირი, ჩააბას იგი საქმეში სათანადო მხარედ და დავა გადაწყვიტოს კანონის შესაბამისად.
პალატამ იხედმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
“ე.ი.თ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.