Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3-195 4 თებერვალი 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე

განიხილა ს. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 სექტემბრის განჩინებაზე.

მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ს. მ-ემ გორის რაიონის გამგებლისა და გორის რაიონის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა იმ საფუძვლით, რომ იგი 1978 წლიდან მუშაობდა გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში ჯერ უსაფრთხოების ინჟინრად, შემდეგ მთავარ ინჟინრად. 1993 წლიდან კი იმავე სამმართველოს „ს-ის“ ინსპექციის უფროსად. 1996 წლის 1 აგვისტოდან ქ. გორის მერის ¹80 განკარგულებით ინსპექცია გადაყვანილი იქნა თვითდაფინანსებაზე. 1999 წლის 14 მაისიდან, გორის რაიონის გამგებლის ¹25 ბრძანებით მოხდა გორის მერიის სოფლის მმართველობისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების დეპარტამენტის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა გორის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო. საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გორის რაიონის გამგებლის 1999 წლის 27 მაისის ¹59ა განკარგულებით ს. მ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, რაც უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელემ.

გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საწარმოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით იგი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კანონიერად გათავისუფლდა სამუშაოდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ აღნიშნული განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რადგან სასამართლომ არ გაარკვია საწარმოს რეორგანიზაცია მოხდა თუ ლიკვიდაცია. სასამართლომ, მიუთითებს საკასაციო საჩივრის ავტორი, არ გამოიყენა მატერიალური სამართლის ნორმები, რამაც გამოიწვია გადაწყვეტილების უკანონობა და დაუსაბუთებლობა. ს. მ-ე მოითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ამავე საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, მუშაკთა რიცხოვნების ან შტატების შემცირების გამო. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად მიიჩნია ს. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად საწარმოს ლიკვიდაცია, რადგან გორის მერიის სოფლის მმართველობისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების დეპარტამენტთან სამეურნეო ანგარიშზე შექმნილი „ს-ის“ რაიონული ინსპექცია გაუქმდა გორის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 მაისის ¹25 ბრძანებით. მართალია, ამავე ბრძანებით მოხდა გორის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგად შეიქმნა გორის რაიონის გამგეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოხდა „ს-ის“, როგორც საწარმოს, რეორგანიზაციაც.

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ გამოიყენა მატერიალური სამარლის ნორმა გადაწყვეტილების მიღების დროს, რადგან ასეთი არ დასტურდება. სასამართლომ ს. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 სექტემბრის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის მითითებული დარღვევა, რის გამოცE საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპლაციო პალატის 1999 წლის 1 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.