გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3ვ-28 24 იანვარი 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ქ. გაბელაია
განიხილა ა. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ა. თ-ის სარჩელის გამო მოპასუხე მ. ჯ-ის, ზ. კ-ის, ლ. უ-ის, ნ. თ-ის, თბილისის ......-ე სანოტარო კანტორის ნოტარიუსების ა. შ-ისა და ნ. კ-ის მიმართ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; ლ. უ-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების ზ. კ-ის, ნ. თ-ის, ა. თ-ის და მ. ჯ-ის მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. და ნ. თ-ები იყვნენ მეუღლეები, შეეძინათ სამი ვაჟიშვილი. ა. თ-ის ოჯახი 1990 წლიდან ცხოვრობდა თბილისში ..... მდებარე საბინაო კოოპერატივის ოროთახიან ბინაში.
ერთად დროებით სამუშაოდ წავიდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში. ისინი პერიოდულად ჩამოდიოდნენ საქართველოში. ნ. თ-მა გააკეთა ბინის პრივატიზაცია თავის სახელზე. ამის შემდეგ მან ბინა მიჰყიდა ზ. კ-ს 1996 წლის 27 მარტს 5 500 აშშ დოლარად. ზ. კ-მა კი 1997 წლის 21 ივნისს ეს ბინა მიჰყიდა ლ. უ-ეს.
ა. თ-მა 1998 წლის 9 ივლისს სარჩელით მიმართა სამგორის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა ნ. თ-ის სახელზე გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ასევე ქ. თბილისში, ..... ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ნ. თ-სა და ზ. კ-ის შორის; მოსარჩელემ მოითხოვა ასევე იმავე ბინის თაობაზე ზ. კ-სა და ლ. უ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ლ. უ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხეების ზ. კ-ის, ნ. თ-ის, ა. თ-ის და მ. ჯ-ის მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ა. თ-ის სარჩელი; ხოლო ლ. უ-ის შეგებებულ სარჩელს უთხრა უარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლ. უ-ის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლ. უ-ის შეგებებული სარჩელი და ლ. უ-ე ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ..... ბინის კეთილსინდისიერ შემძენად და მესაკუთრედ, ლ. უ-ეს უარი ეთქვა ადვოკატის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯის 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში და სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯის 100 ლარის ანაზღაურებაზე, ნ. თ-ს დაეკისრა ა. თ-ის სასარგებლოდ 2 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ა. თ-ის კუთვნილი ბინის 1\2-ის ღირებულება, 82,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა. თ-მა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1999 წლის 1 დეკემბერს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ა. თ-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის მიღებაზე საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.
ა. თ-მა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 1999 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.
სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. თ-ის კერძო საჩივარი. ა. თ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ა. თ-ი კერძო საჩივარში ითხოვს საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის აღდგენას, რადგან საკასაციო საჩივრის შეტანა სურდა 1999 წლის 26 ნოემბერს, მისი განცხადებაE დათარიღებულია ამ რიცხვით, მაგრამ ვერ შეძლო დროულად შეეტანა ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოში შემდეგი გარემოების გამო: ვინაიდან არ აქვს ბინა, დროებით Eხოვრობს ნათესავის ბინაში, იმ პერიოდისათვის იმ ბინაში მოხდა მკვლელობა და თავად პატრონობდა მიცვალებულს. სამოქალაქო საპროცესო კოლექსის 68-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს აღუდგეს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. იმავე მუხლის II ნაწილში კი აღნიშნულია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებისას მხარეებს განემარტათ აღნიშნული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა. ა. თ-ს სასამართლო სხდომაზე ჰყავდა ადვოკატი, რომელმაც აგრეთვე, მოისმინა სასამართლოს განმარტება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ. ამდენად, ა. თ-ს ან მის ადვოკატს საკაციო საჩივარი უნდა შეეტანათ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში ერთი თვის ვადაში. რაც შეეხება ა. თ-ის მოთხოვნას საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის აღდგენის შესახებ, საკასაციო პალატას ა. თ-ის მიერ ზემოაღნიშნული გარემოებები საპატიოდ არ მიაჩნია, ვინაიდან, ა. თ-ს საკმარისი დრო ჰქონდა საკასაციო საჩივრის შესატანად თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის გაგრძელება არ შეიძლება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.