გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-262 21 იანვარი, 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ალ. ღუღუნიშვილი
განიხილა “ი-ის” სალიკვიდაციო კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე.
მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ლ. ჩ-ემ კომერციულ ბანკ “ი-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 1993 წლის 15 ივლისს დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ბინის ღირებულება _ 45000 აშშ დოლარი ბანკს უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ და ეს პირობა მყიდველმა არ შეასრულა. მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებაში მითითებული თანხიდან მხოლოდ 3000 აშშ დოლარი გადაიხადა.
საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ სადავო ბინა, მდებარე თბილისში, ....... პროსპექტზე მოპასუხეს გაუყიდია 1997 წლის 22 იანვარს ნ. დ-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ლ. ჩ-ემ დამატებითი სარჩელით მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ჩ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1993 წლის 15 ივლისსა და 1997 წლის 22 იანვარს დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 2 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
საკასაციო საჩივრის ავტორს სასამართლო განჩინება მიაჩნია უკანონოდ და მოითხოვს მის გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება. კერძოდ, ხელშეკრულება დადებულია 1993 წლის ივლისში, ხოლო სარჩელი შეტანილია 1997 წლის თებერვალში. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს ასევე საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
პალატა გაეცნო რა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის) მე-80 მუხლი, რომლის მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაცE პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ჩ-ემ სასამართლოს სარჩელით მიმართა მას შემდეგ, როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბანკი ბინის ღირებულების დარჩენილ თანხას არ აძლევდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მსჯელობა საჭიროდ არ მიიჩნია.
პალატა ვერ იმსჯელებს საკასაციო საჩივარში მითითებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი კი საჩივარში მითითებული არ არის.
პალატა თვლის, რომ მოცემული საქმის განხილვისას საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, რის გამოE”ი-ის” სალიკვიდაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
“ი-ის” სალიკვიდაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 2 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.