გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-264 26 იანვარი, 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა Eი. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ Eი. შ-ის სარჩელის გამო, ოთახიდან გამოსახლების შესახებ, მოპასუხეებთან _ ე. და ა. მ-ეებთან, თბილისის სანერგე მეურნეობასთან.
პალატის სხდომაზე გამოცხადნენ და საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოპასუხეებმა. მოსარჩელე, მიუხედავად შეტყობინებისა, სხდომაზე არ გამოცხადდა.
პალატამ, რომელმაც მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ც. შ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომ 1995 წლის 29 სექტემბერს თბილისის ხეხილსანერგე მეურნეობის დასახლებაში, ამავე მეურნეობის დირექციამ გამოუყო ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სადგომში 18 კვ.მ ფართის მქონე ერთი ოთახი. ამ ოთახის სანაცვლოდ, ე. მ-ის ოჯახს გამოეყო სამოთახიანი ბინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ ცხოვრებას სადავო ოთახში. სარჩელით, ითხოვა მათი ამ ოთახიდან გამოსახლება.
მოცემული დავა მრავალჯერ იყო სასამართლოების განხილვის საგანი. ბოლოს გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 14 სექტემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩა უცვლელად.
მოსარჩელე ც. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სარჩელი შემდეგი მოტივებით: სასამართლოთა მიერ არასწორადაა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ბარაკის ნომრები, რამაც გამოიწვია ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოუსმინა მხარეს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინა მდებარეობს ¹..... ბარაკში, მაშინ როცა საკასაციო პალატის სხდომაზე მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ დასახელებული ბინა მდებარეობს სხვა ნომერ ბარაკში. საკასაციო საჩივარიE ამ გარემოებაზე მიუთითებდა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოთა მხრიდან სათანადოდ არაა გარკვეული ისიც, რომ ც. შ-ესა და თბილისის სანერგე მეურნეობის დირექტორის მიერ 1995 წლის 29 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების პირველი მუხლით რომელ ნომერ ბარაკსა თუ კორპუსს გულისხმობდა, სადაც მოსარჩელეს დროებითი სარგებლობისათვის უნდა გამოჰყოფოდა 18 კვ.მ ფართის მქონე ოთახი. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს ამ მხრივ შეკრებილ მტკიცებულებებს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე განჩინება კანონის დარღვევით არის მიღებული, რადგან იურიდიულად დაუსაბუთებელია.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე და 412-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 14 დეკემბრის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.