Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-315 12 იანვარი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა უ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე უ. ც-ის სარჩელის გამო მ. ც-ესთან, მესამე პირების _ დ. და ნ. ც-ეების მონაწილეობით საცხოვრებელი სადგომის სარგებლობაზე უფლებამოპოვებულ პირად ცნობის, ფართის გამოყოფის, სარდაფის მიკუთვნებისა და ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობის შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოცხადდნენ: მხარეები, მათი ინტერესების დამცველნი ლ. ზ-ე, ქ. ნ-ი.

პალატამ, რომელმაცE მოისმინა მოსამართლე ლ. ისაკაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

უ. ც-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს თავისი ძმის _ მ. ც-ის მიმართ თბილისში ..... ბინაზე უფლებამოპოვებულ პირად ცნობის, ფართის გამოყოფის, სარდაფის მიკუთვნებისა და ამ ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით. უ. ც-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორი უ. ც-ე ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო უცვლელად დატოვებას ფაქტების დაუდასტურებლობის გამო: მას სოფელ .....-ში არასოდეს უცხოვრია; 1989 წლიდან ის ცხოვრობს სადაო ბინაში; კოლექტიურ განცხადებაში შეყვანილია გარდაცვლილი პირები; 13 კვ.მ. ოთახში ცხოვრობდა მამასთან ერთად; მამას უვლიდა მხოლოდ ის და მისი და, დ. ც-ე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექვსის 393-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. უ. ც-ის საკასაციო საჩივარი კი ეფუძნება ფაქტების დაუდასტურებლობას.

პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.