Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-323 20 იანვარი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ალ. ღუღუნიშვილი

განიხილა შპს კომერციულ ბანკ „მ-ის“ გამგეობის თავმჯდომარის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ევროკავშირის ტასის რარპ 1 პროექტის უფლებამონაცვლე ევროკავშირის ტასის ეი-ბი-ჯი პროექტის ¹9801 წარმომადგენლის სარჩელის გამო, შპს კბ „მ-ის“ მიმართ 264678 ლარის გადახდევინების შესახებ, შპს კბ „მ-ის“ შეგებებული სარჩელის გამო, კონტრაქტის ბათილად ცნობის და ფიდუციარული ოპერაციის განხორციელებაზე კონტრაქტის ნამდვილად Eცნობის შესახებ.

პალატამ მოისმინა მოსამართლე დ. ხელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი, მოპასუხე შპს კბ „მ-ისათვის“ 264678 ლარის დაუყოვნებლივ გადახდევინების შესახებ, არ დააკმაყოფილა; ამასთან, დააკმაყოფილა მოპასუხის შეგებებული სარჩელი და მხარეებს შორის 1998 წლის 10 თებერვალს დადებული საპარტნიორო ფონდის კონტრაქტი, 236 205 ლარის სესხად მიღების და არაუგვიანეს 9 თვისა, 264678 ლარის დაბრუნების ვალდებულების ნაწილში, ბათილად ცნო. ბათილად Eცნობილ ნაწილში მოხდა ხელშეკრულების კონვერსია ფიდუციარულ ხელშეკრულებად, შპს კბ „მ-ს“ დაეკისრა 264678 ლარის გადახდა ევროკავშირის საპარტნიორო ფონდის სასარგებლოდ, ლ. ბ-ისა და მ. ი-ის მიერ საკრედიტო დავალიანების გადახდის შემდეგ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გააუქმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაEევროკავშირის ტასის ეი-ბი-ჯი ¹98001 პროექტის ჯგუფის სასარგებლოდ შპს კბ „მ-ს“ დაეკისრა 264 678 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე შპს კბ „მ-ის“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

შპს კბ „მ-ი“ საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფას, ხოლო მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის შორის 1996 წლის 29 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდის მართვისა და გამოყენების შესახებ“ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ცნო საერთაშორისო ხელშეკრულებად, რადგანა იგი საქართველოს რესპუბლიკის კანონის „საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის შესრულებისა და დენონსაციის შესახებ“ მე-8, მე-9 მუხლების შესაბამისად არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ამით სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი;

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ხელშეკრულებით შპს კპ „მ-მა“ მიიღო მიზნობრივი სესხი და გამოავლინა ნება უპირობოდ დაებრუნებინა მთელი თანხა ვადის დადგომისთანავე, ფერმერების მიერ კრედიტის დაუბრუნებლობის შემთხვევაშიE კი არასწორია და ეწინააღმდეგება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობებს.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ხელშეკრულების ე.წ. დანართ „ა“-ს მე-6 მუხლს. აღნიშნულ დანართს არ გააჩნია იურიდიული ძალა, რადგან იგი მხარეთა მიერ ხელმოწერილი არ ყოფილა და კასატორისათვის მისი არსებობა უცნობი იყო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მემორანდუმმა უფლება მისცა საპარტნიორო ფონდს გაეცა საბანკო სესხი, ანუ კრედიტი, მაშინ, როდესაც მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სადაო თანხა, თავისი ხასიათით, წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სესხს და არა საბანკო სესხს ანუ კრედიტს; სადავო ურთიერთობები შეიცავს ფიდუციარული ოპერაციის ყველა ნიშანს. კერძოდ, ბანკი ფერმერებთან ურთიერთობაში მოქმედებდა საკუთარი სახელით, მაგრამ ფონდის (კლიენტის) დავალებით და მის ხარჯზე მოცემული ოპერაცია ხორციელდებოდა ფონდის რისკით, ხოლო ბანკს უნდა მიეღო სარგო _ წლიური 7% განაკვეთით. აქედან გამომდინარე, საპარტნიორო ფონდს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა არა ბანკის, არამედ მსესხებლის მიმართ, ხოლო ბანკს ეს თანხა უნდა დაებრუნებინა მას შემდეგ, როდესაც მას თანხას დაუბრუნებდნენ ფერმერები. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომერციულ ბანკებს არა აქვთ სესხის მიღების უფლება.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1996 წლის 29 თებერვალს ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდის მართვისა და გამოყენების შესახებ“, რომლის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულია თანხების გადარიცხვა სპეციალურ ანგარიშზე ან სხვა ბანკებში ცენტრალური ბანკის ჩათვლით, თუ ამას თანხების შესაბამისი მართვა მოითხოვს. ნებისმიერ შემთხვევაში, საპარტნიორო ფონდის მთელმა თანხებმა, რომლებიცE გამოყენებულ უნდა იქნეს საკრედიტო ხაზში, აუცილებლად უნდა გაიაროს კომერციული საბანკო სისტემა, როგორE ეს მოცემულ დოკუმენტშია გათვალისწინებული.

ამ მემორანდუმის საფუძველზე 1998 წლის 10 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება „საპარტნიორო ფონდის კონტრაქტი სესხზე“ _ ევროკავშირის საპარტნიორო ფონდი „კ-სა” და კომერციულ ბანკ „მ-ს“ შორის.

კომერციულმა ბანკმა „მ-მა“ 1998 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით გამოავლინა ნება, ისესხოს ევროკავშირის საპარტნიორო ფონდი “კ-სგან” 236205 ლარი 9 თვით, 11% წლიური საპროცენტო განაკვეთით, ასევე იკისრა დადგენილი ვადის დადგომისას სესხის (ვალის) დაბრუნების ვალდებულება.

ხელშეკრულების შესაბამისად შპს კბ „მ-მა“ ევროკავშირის საპარტნიორო ფონდი „კ-სგან” მიიღო მიზნობრივი სესხი, რომელიც უნდა გაეცა კერძო ფერმერებზე და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მოვაჭრეებზე. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის, საპარტნიორო ფონდის მიერ გაცემული ნებისმიერი სესხის მიზნობრიობის, გაცემის ან გამოყენების, წინასწარ განზრახული დარღვევის შემთხვევაში „კ-მ” დაიტოვა უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის დაბრუნება ბანკისაგან.

1993 წლის 11 თებერვლის კანონის „საქართველოს რესპუბლიკის საერთაშო-რისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ“ მე-9 მუხლით, რატიფიკაციას ექვემდებარება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობათა შესახებ, მათ შორის ხელშეკრულება ძალის გამოყენებაზე, ან ძალის გამოყენებით დამუქრებაზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ, ხელშეკრულება ურთიერთცნობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, საზავო ხელშეკრულება, ხელშეკრულება სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს ტერიტორიული გამიჯვნის შესახებ, ხელშეკრულება, რომელიცE საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისაგან განსხვავებულ წესებს ადგენს. საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის 1996 წლის 29 თებერვალს დადებულ მემორანდუმს საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესი არ დაუდგენია და ამდენად, მითითებული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი არ საჭიროებდა რატიფიკაციას.

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი ადგენს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საქმიანობათა სახეებისა, რომლის განხორციელების უფლებაE აქვს კომერციულ ბანკებს. მართალია, ამ ჩამონათვალში არ არის მითითებული კომერციული ბანკების მიერ სესხის აღების უფლებაზე, მაგრამ ეს სრულადაცEარ ნიშნავს იმას, რომ კომერციულ ბანკს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდეს, რადგანაც სესხის აღება არ წარმოადგენს საქმიანობის საგანს და ეს უფლება გარანტირებულია მისი სამოქალაქო სამართლებრივი ქმედუნარიანობით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ხელშეკრულების პირველი პუნქტით, მხარეთა შეთანხმებით, განისაზღვრა სესხის ხელშეკრულების ვადა _ 9 თვე. ბანკმა იკისრა ვალდებულება, ნასესხები თანხა წლიური 11%-ის დარიცხვით დაებრუნებინა ფონდისათვის 9 თვის შემდეგ. ბანკის ეს ვალდებულება პირობადადებული არ ყოფილა ფერმერების მიერ კრედიტის დაბრუნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ცნო, რომ მოპასუხეს ვადის დადგომისას უპირობოდ უნდა დაებრუნებინა კრედიტორისათვის სესხი. ხელშეკრულების მე-5 პუნქტი შეიEავს მითითებას „ა“ დანართზე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და არა ცალკე ხელშეკრულებას, მისი ნამდვილობა არ საჭიროებდა დამატებითი ნების გამოვლენას (მხარეთა ხელმოწერას). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ხელშეკრულება მიჩნეულია სესხის და არა საკრედიტო ხელშეკრულებად.

ვალდებულება წარმოიშობა განსაზღვრული იურიდიული ფაქტების საფუძ-ველზე, რომელთაგან კანონი განსაკუთრებით გამოყოფს ისეთ იურიდიულ ფაქტებს, როგორიცაა ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულების დადება მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად სადაოდ ქცეულ ხელშეკრულებას საფუძვლად მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენა დაედო: მხარეებმა ნებაყოფლობით იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. იმ შემთხვევაშიEკი, თუკი ხელშეკრულება ბათილად იქნებოდა მიჩნეული (იმ საფუძვლით, რითაც კასატორი ხელშეკრულების ბათილობას მოითხოვს), ეს მაინც არ ათავისუფლებს მოვალეს აღებული სესხის დაბრუნების ვალდებულებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლით ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი.

ამავე კოდექსის 976-ე მუხლით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს მიმღებს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

მოცემულ შემთხვევაში კი მხარეთა შორის ვალდებულება წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყველა არსებითი პირობა, მათ შორის, აღებული სესხის ცხრა თვის ვადაში დაბრუნების პირობაც.

სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მესამე ნაწილის მეორე წინადადებით, თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, ვალიცა და პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას. ამდენად, სასამართლომ კანონიერად დააკისრა შპს კბ „მ-ს“ როგორცE სესხის, ასევე პროცენტის გადახდა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

კასატორ შპს კბ “'მ-ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა. მითითებული თანხიდან 70% ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის ¹115141102 (კოდი 220101107) ანგარიშზე, ხოლო 30% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.