გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-355 12 იანვარი, 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: დ. ხელაია
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ალ. ღუღუნიშვილი
განიხილა თ. თ-ის წარმომადგენელ თ. ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თ. თ-ემ სს „ს-ს“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ დაზოგილი ქონების და მიღებული შემოსავლის დაკისრება, სულ _ 34 771 აშშ დოლარის ოდენობით.
კასპის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვდა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას.
საქმის ზეპირი განხილვის დროს საკასაციო საჩივრის ავტორმა თ. ე-ემ, უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
პალატა თვლის, რომ უარი საკასაციო საჩივარზე დასაშვებია, რადგან მოსარჩელე თ. თ-ის წარმომადგენელ თ. ე-ეს გააჩნია აღნიშნული უფლებამოსილება თ. თ-ის მიერ 1999 წლის 20 მაისის გაცემული რწმუნებულებით (ს. ფ. 234) და ამვე დროს, საქმის ზეპირი განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარემაც თანხმობა განაცხადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 378-ე მუხლით კი სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა საქმის ზეპირი განხილვისას დასაშვებია, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმაა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თ. ე-ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია, რის გამოცEსაკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. თ-ის წარმომადგენლის თ. ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.