Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-396 12 იანვარი 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე ს. ჯ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სააქციო საზოგადოება “ა-თან” სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ, რომელმაც მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ს. ჯ-ი წლების განმავლობაში, მუშაობდა ტრესტ “ა-ის” გაზის საჩამომსხმელო სადგურში სავსე ბალონების სარეალიზაციო მაღაზიის გამგის თანამდებობაზე, შემდეგ მასთან გააფორმეს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის დამთავრების შემდეგ მმართველმა 1999 წლის 6 მაისს გამოსEა ბრძანება და იგი დათხოვილი იქნა დაკავებული თანამდებობიდან, რაც მიიჩნია უკანონოდ და სარჩელით მიმართა სასამართლოს დაკავებული თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

ს. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას ფაქტიურ გარემოებებზე მითითებით.

საკასაციო პალატის მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, არ ეფუძნება იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი.

პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით და 401-ე მუხლის პირველი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

განუხილველად იქნეს დატოვებული ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.