გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-410 12 იანვარი, 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: დ. ხელაია
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ალ. ღუღუნიშვილი
განიხილა ა. ს-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს სპს “ა-ს“ პარტნიორებმა ა. თ-ემ, ფ. თ-ემ, ზ. ს-ემ, ლ. ც-ემ, ი. თ-ემ, ჯ. შ-ემ _ ა. ს-ასა და ქონების მართვის სამტრედიის სამმართველოს წინააღმდეგ. მოსარჩელეები ითხოვდნენ ყოფილი ქალაქვაჭრობის ¹..... მაღაზიის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის, მდებარე ქ. სამტრედიაში, ...... ქ. ¹8, კონკურსის ფორმით პრივატიზების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ინფორმაცია კონკურსის შესახებ ორჯერ გამოქვეყნდა ადგილობრივ პრესაში, ხოლო მესამედ _ცენტრალურ პრესაში, რაც მათთვის მიუწვდომელი გახდა.
ა. ს-ამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სპს “ა-ს” პარტნიორთა წევრობიდან გასვლა; სპს-ზე რიცხული დავალიანების პარტნიორებზე სოლიდარულად განაწილება და სპს-ის გამოსახლება დაკავებული ფართიდან.
საქმეში მესამე პირად ჩაება სამტრედიის საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის გაერთიანება, რომლის წამრომადგენელმა ა. ბ-ემ, საქმის ზეპირი განხილვის დროს შეგებებული სარჩელით მოითხოვა, ა. ს-ას დაკისრებოდა ბინის ქირის დავალიანების გადახდა, სულ _ 14 068 ლარის ოდენობით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ა. ს-ას შორის დადებული გარიგება ქალაქვაჭრობის ყოფილი ¹..... სასურსათო მაღაზიის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის, მდებარე ქ. სამტრედიაში, ....... ქუჩაზე, 157,5 მ2-ის მიყიდვის შესახებ და აღდგენილ იქნა გარიგებამდელი მდგომარეობა. შეგებებული სარჩელის განხილვა შეჩერდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ას სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ. კერძოდ, სამტრედიის საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების ბათილად ცნობის ნაწილში _ დარჩა უცვლელად. სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 9-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-55-ე მუხლები, “მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.2-ე, 9.7-ე და 9.4-ე მუხლები.
საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.2-ე,-9.7-ე და-9.4-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ის არეგულირებს სპს-ში ხელმძღვანელი პარტნიორის პასუხისმგებლობის საკითხს. კონკურსის ბათილად ცნობის საკითხი კი უნდა გადაწყვეტილიყო შესაბამისი კანონით, რაც სასამართლომ არ გამოიყენა.
სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 9-ე მუხლი, _ თვლის საჩივრის ავტორი, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამედაც ინფორმაცია ობიექტის პრივატიზების შესახებ აუცილებლად უნდა გამოქვეყნებულიყო ქ. სამტრედიის ადგილობრივ პრესაში, როგორც ეს პირველ ორ შემთხვევაში მოხდა. აღნიშნული ნორმის ეს განმარტება არ გამომდინარეობს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 9-ე მუხლის შინაარსიდან, რომელიც ინფორმაციის მარტოოდენ ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და დადგენილად ცნო შემდეგი:
ქ. სამტრედიის ქალაქვაჭრობის ყოფილი ¹.... მაღაზიის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის _ 157,5 კვ. მეტრი, მდებარე ..... ქუჩა ¹8-ში, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს მიერ გასაყიდად ორჯერ იქნა გამოცხადებული კონკურსი, მაგრამ აღნიშნული ფართი დარჩა პრივტიზირების გარეშე. მესამედ, უკვე 50%-ის ფასდაკლებით, საკონკურსოდ, გატანილ იქნა ქ. სამტრედიის ქონების მართვის სამმართველოს 1999 წლის ¹17 ბრძანებით (ს. ფ. 42).
კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 1999 წლის 19 მაისს გაზეთ “ .......-ში“ (ს. ფ. 90-91).
1999 წლის 1 ივნისს დანიშნულ კომერციულ კონკურსში მონაწილეთა განცხადების მიღებისას აღნიშნულ ფართზე კონკურსში მონაწილეობის სტატუსი მიენიჭა ა. ს-ას (ს. ფ. 52-54), რადგან სხვა განაცხადი არ შესულა.
პალატა თვლის, რომ ა. ს-ას საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, "მეწარმეთა შესახებ“ კანონი, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა ორგანიზაციულ-სამრთლებრივი მოწყობის ფორმებს, ხოლო აღნიშნული კანონის 9.2-ე, 9.7-ე და 9.4-ე მუხლები არეგულირებენ სამეწარმეო სუბიექტების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, მათი პასუხის-მგებლობის საკითხს. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებს და უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესს. ამავე კანონის 6-ე მუხლის პირველი ნაწილით კი პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული დებულება „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლითაც დადგენილია კონკურსის ორგანიზება, მონაწილეობის პირობები, ჩატარებისა და გარიგებათა გაფორმების წესი.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ სადაო ფართის პრივატიზება მოხდა აღნიშნული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე სასამართლომ, ასევე, დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-55-ე მუხლები, რადგან ა. ს-ასა და სამტრედიის ქონების მართვის სამმართველოს შორის დადებული გარიგება ქონების პრივატიზების შესახებ სამართლებრივი ბუნებით არE მართალსაწინააღმდეგოა და არE _ ამორალური. აღნიშნული გარიგება არ შეიძლება, ასევე, მიჩნეული იქნეს ბათილად ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო. სასამართლომ, მართალია, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ ნორმებზე, მაგრამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ დაასაბუთა, თუ რა საფუძველზე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი, რადგან მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. სამტრედიის სამმართველომ დაარღვია აღნიშნული ნორმის მოთხოვნა, როდესაც ინფორმაცია კონკურსის მესამედ ჩატარების შესახებ როგორც პირველ ორ შემთხვევაში. არ გამოაქვეყნა სამტრედიის ადგილობრივ პრესაში, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლით ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს როგორც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, ისე _ ადგილობრივ პრესაში. აღნიშნული მუხლი ასევე დასაშვებად მიიჩნევს ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენებასა. ამდენად, კანონის მოცემული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის, რის გამოც ქონების მართვის ქ. სამტრედიის სამმართველო არ იყო ვალდებული ინფორმაცია კონკურსის შესახებ მესამედაც ადგილობრივ პრესაში გამოექვეყნებინა.
პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაცEსპს „ა-ს” პარტნიორების: ა. თ-ის, ფ. თ-ის, ზ. ს-ის, ლ. ც-ის, ი. თ-ისა და ჯ. შ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის 6-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით. კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში არასაცხოვრებელი ფართი _ 157,5 კვ. მეტრი, რომელიც ეკუთვნოდა სამტრედიის ქალაქვაჭრობის ყოფილ ¹..... მაღზიას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს 1999 წლის 24 მარტის ¹17 ბრძანებით გატანილ იქნა კონკურსზე გასაყიდად 50%-იანი ფასდაკლებით (ს. ფ. 42).
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ინფორმაცია გამოქვეყნდა ცენტრალურ პრესაში (ს. ფ. 90-91).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. სამტრედიის ქალაქვაჭრობის ყოფილი ¹..... მაღაზიის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართი კონკურსის წესით გაიყიდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის ¹1-3\548 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 2-4 მუხლების შესაბამისად (ს. ფ. 34-54).
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს მიერ 1999 წლის 1 ივნისს ჩატარებული კონკურსი უნდა ჩაითვალოს კანონიერად „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 6-ე ნაწილის, 6-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-9 მუხლისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის ¹1-3\548 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 2-4-ე მუხლების საფუძველზე.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
დაკმაყოფილდეს ა. ს-ას საკასაციო საჩივარი და გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის სამტრედიის სამმართველოს და ა. ს-ას შორის 1999 წლის 1 ივნისს ქალაქვაჭრობის ყოფილი ¹..... მაღაზიის არასაცხოვრებელი ფართის კონკურსის წესით შესყიდვის გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
სპს “ა-ს“ პარტნიორების: ა. თ-ის, ფ. თ-ის, ზ. ს-ის, ლ. ც-ის, ი. თ-ის და ჯ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.