გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3/70 10 იანვარი, 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ალ. ღუღუნიშვილი
განიხილა სს “ო-ს“ კრედიტორების დ. ჯ-ის, ნ. გ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სს “ო-ს“ კრედიტორებმა დ. ჯ-მა და ნ. გ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართეს განცხადებით საქმის წარმოების განახლების შესახებ და მოითხოვეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დასაშვებად არ იქნა მიჩნეული და განუხილველი დარჩა.
კერძო საჩივრის ავტორებს აღნიშნული განჩინება მიაჩნიათ უკანონოდ, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა და ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ მიიჩნია ის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არასათანადო მხარე მონაწილეობდა. სააპელაციო სასამართლომ განცხადება განიხილა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, რაც კანონის დარღვევად, მიაჩნიათ კერძო საჩივრის ავტორებს. საჩივარში, ასევე, მითითებულია თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 5 ივლისის განჩინებით დადგენილი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაცE სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება.
პალატა გაეცნო კერძო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი აშკარად უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით პირველი ნაწილით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად Eცნობის ან საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ. ჯ-ი და ნ. გ-ე განცხადებით მოითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმებას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. აღნიშნული განჩინებით კი, მიცემულ საქმეზე გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს. ამდენად, საპროცესო ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისათვის სამართლებრივი წანამძღვრები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში ჩამოყალიბებულია ის გარემოებანი, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. კერძო საჩივარში კი არ არის მითითებული აღნიშნული საპროცესო ნორმიდან კონკრეტულად რა საფუძველი არსებობდა საქმის წარმოების განახლების, რომელიცE სასამართლომ არ გაიზიარა.
პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ამასთან, პალატას კერძო საჩივარი მიაჩნია აშკარად უსაფუძვლოდ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის, თანახმად იგი განიხილა მოწინააღმდეგე მხარის მოსმენისა და ზეპირი განხილვის გარეშე.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სააქციო საზოგადოება “ო-ს“ კრედიტორების დ. ჯ-ის, ნ. გ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.