გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-\398 25 თებერვალი 2000 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქ. გაბელაია
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ქაჯაია
განიხილა დ. ჩ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ გ. ჩ-ას, ე. ვ-ას, ი. ც-ის, ა. ქ-ის სარჩელის გამო დ. ჩ-ის მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹1683 განკარგულების გაუქმებისა და სარდაფიდან გამოსახლების შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: დ. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჭ-ე, მოპასუხეები და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჯ-ე.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ქაჯაიას მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. თბილისში, ...... ჩიხი ¹3-ში ცხოვრობს რვა ოჯახი, რომელთაც ადრეულ წლებში სარდაფ სართულში მოწყობილი ჰქონდათ საქვაბე.
1986 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹1683 განკარგულებით საქვაბე გადაეცა დ. ჩ-ეს შემოქმედებითი სახელოსნოს მოსაწყობად.
1992 წლის 12 აპრილს დ. ჩ-ის სახელზე გაიცა ¹...... ორდერი, ხოლო 1992 წლის 13 ოქტომბერს მოახდინა მისი პრივატიზაცია.
იმის გათვალისწინებით, რომ დ. ჩ-ემ სადაო სარდაფი არ გამოიყენა სახელოსნოდ, მობინადრეებს სურთ საქვაბის აღდგენა, მათ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ორდერის გაუქმება, აღმასკომის განკარგულების გაუქმება და მისი სარდაფიდან გამოსახლება.
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 13 მარტის განჩინებით გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
1999 წლის 26 ივლისს დ. ჩ-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილებათა გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის მოტივით.
კერძო საჩივრით დ. ჩ-ე განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმის გამო, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის წერილში აღნიშნულ სასამართლო შეცდომებზე. სააპელაციო პალატამ დაარღვია საპროცესო კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნა ახალი ფაქტების და მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ. საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად არ შეამოწმა გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო განჩინება არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს საოლქო სასამართლოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 13 მარტის განჩინებით, სააპელაციო წესით დ. ჩ-ემ 1999 წლის ივლისის თვეში გაასაჩივრა, ე. ი. გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლისა და ხუთი თვის შემდეგ. ამის გათვალისწინებითა და საპროცესო კოდექსის 369-ე, 374-ე მუხლების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაუშვებლობის გამო.
არ შეიძლება სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველი გახდეს კერძო საჩივარში აღნიშნული გარემოებანი.
სააპელაციო პალატას, რომელმაც დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი, არ უნდა ემსჯელა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის წერილში აღნიშნულ სასამართლო შეცდომებზე; არ უნდა გამოეკვლია ამ საქმეზე ახალი ფაქტები და მტკიცებულებები; საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა შეემოწმებინა გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინება, ხოლო კერძო საჩივარი დაუკმაყოფილებელი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.