Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-329 4 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. გოჩელაშვილი

განიხილა კ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე კ. მ-ის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

კ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ვადის აღდგენა, თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმება. განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული იყო საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური სამმართველოს მიერ 1997 წლის 8 ივლისს გაცემული ექსპერტის ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1998 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კ. მ-ის განცხადება დაუშვებლობის გამო განუხილვლად იქნა დატოვებული.

კ. მ-ი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ იგი არ ეთანხმება აღნიშნულ განჩინებას, მოითხოვს, რომ საკასაციო სასამართლომ აღუდგინოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადა და გააუქმოს თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 1998 წლის 6 აპრილის განჩინება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 23 აპრილისა და 1998 წლის 15 მაისის განჩინებები, ასევე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

პალატა გაეცნო კერძო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს, შეამოწმა მისი დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ არ არსებობს კ. მ-ის კერძო საჩივრის განხილვისათვის სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით დადგენილია, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლით საკასაციო სასამართლო ამოწმებს საჩივრის დასაშვებობის საკითხს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოში შეტანილი საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება (განჩინება) კანონის დარღვევითაა გამოტანილი. კ. მ-ის კერძო საჩივარში კი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის განჩინების მიმართ, არავითარი საკასაციო პრეტენზია არ არის წამოყენებული. უფრო მეტიც, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გარკვევისას საქმის ზეპირი განხილვის დროს კ. მ-მა აღნიშნა, რომ მას არE ფაქტობრივი და არE სამართლებრივი თვალსაზრისით არავითარი პრეტენზია არ გააჩნია გასაჩივრებული განჩინების მიმართ. ამასთან, მოითხოვა კერძო საჩივრის განხილვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ კ. მ-ის კერძო საჩივარი არ არის დასაშვები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 401-ე მუხლების თანახმად იგი განუხილველი უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.