გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-336 12 იანვარი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: თ. კობახიძე, დ. ხელაია
განიხილა გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ გ. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს “ა-ს” მიმართ, ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ მოისმინა მოსამართლე დ. ხელაიას მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ 1999 წლის 4 მარტს თბილისი _ რუსთავის საავტომობილო გზაზე მოძრაობისას შეეჯახა მოპასუხე შპს “ა-ს” საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, რის შედეგად მას მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი. მოითხოვა მოპასუხისათვის 500000 ლარის და 4960 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლომ 1999 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე შპს „ა-ი“ ამ საქმეზე არის არასათანადო მოპასუხე, ხოლო მოსარჩელე არ არის თანახმა მოპასუხე მხარის შეცვლაზე.
გ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი, მფლობელობა 155-ე მუხლის მიხედვით გამიჯნა ორ ჯგუფად და იგი გამოიყენა 999-ე მუხლის შეფარდებისას;
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი და გამოიყენა ნორმის ის ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არასწორად გამოიყენა ამ მუხლის მეოთხე ნაწილი.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1999 წლის 4 მარტს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელე გ. გ-მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. დაზიანდა დაზარალებულის ავტომანქანაც.
გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 5 ივნისის განაჩენით ვ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 241-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით; საქართველოს სსკ 471 მუხლის შესაბამისად იმავე ვადით გადაევადა ძირითადი სასჯელის აღსრულება; სამოქალაქო სარჩელი არ ყოფილა წარდგენილი.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მაგრამ მითითებული ნორმა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მფლობელს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამ ნორმის მე-4 ნაწილის, პირველი წინადადებით, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე შპს „ა-ში“ სავაჭრო აგენტად მუშაობდა ბრალდებულის შვილი ზ. მ-ი. მასზე გაპიროვნებული იყო ფირმის კუთვნილი ა\მანქანა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.17 მუხლის მიხედვით ზ. მ-ს ავტომანქანა უნდა ემართა პირადად. ამ უკანასკნელმა კი არამართლზომიერად, შპს „ა-ის“ თანხმობის გარეშე, მანქანა სამართავად გადასცა მამას _ ვ. მ-ს რომლის ბრალეულმა ქმედობამ გამოიწვია დამდგარი შედეგი.
ამდენად, სატრანსპორტო საშუალებას ვ. მ-ი მართავდა მფლობელის ნებართვის გარეშე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის, პირველი წინადადების შესაბამისად სწორედ იგია ვალდებული მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ საფუძვლიანად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.