Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-380 18 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე

განიხილა შპს „ა-ოს“ დირექტორის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე _ ნ. ე-ას სარჩელის გამო, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს მიმართ, სადაო ნაგებობის ყიდვა-გაყიდვის გარიგების დადებულად ცნობის შესახებ; მესამე პირის _ შპს „ა-ოს“ დამოუკიდებელი მოთხოვნით სარჩელის გამო ნ. ე-ასთან დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. ე-ა წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹...... ფარდულის გამყიდველად. 1994 წლის 25 თებერვალს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს და ნ. ე-ას შორის გაფორმდა აღნიშნული ობიექტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო იმავე წლის 30 ოქტომბერს მასზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. სასარჩელო განცხადებით ნ. ე-ამ მოითხოვა ¹...... ფარდულზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს უფროსმა ფ-მა გამოართვა და შემდგომში არ დაუბრუნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დედანი. მესამე პირმა _ შპს „ა-ომ“ სარჩელი აღძრა ნ. ე-ას მიმართ 1994 წლის 25 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და 1994 წლის 30 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების შესახებ. მოთხოვნა დასაბუთებულია სადავო ობიექტის პრივატიზაციაზე ბაზრის ადმინისტრაციის თანხმობის არარსებობით და იმით, რომ შპს „ა-ო“ არის სამტრედიის ცენტრალური ბაზრის უფლებამონაცვლე 1996 წლის 12 ნოემბერს ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონულ განყოფილებასთან გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 1999 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნა უარყო.

მესამე პირი შპს „ა-ოს“ დირექტორი საკასაციო საჩივრით სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სამტრედიის ცენტრალური ბაზრის კუთვნილი ¹...... ფარდული სახელმწიფო ქონების მართვის სამტრედიის სამმართველომ ნ. ე-აზე გაასხვისა მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

სასამართლომ დადასტურებულად ცნო მოსარჩელის მიერ ¹..... ფარდულის შეძენის ფაქტი და იგი აღიარა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ; სადაო ქონება სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივმა სამმართველომ გაასხვისა ორჯერ: 1994 წელს მიყიდა ნ. ე-ას, ხოლო 1994 წელს _ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით შპს „ა-ოს“. სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ამავე ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც. გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში არ იქნა მიღებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რითაც დარღვეულია საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნა; სასამართლომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს უფროსს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 20 ლარის გადახდა, მაშინ როდესაE „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ორგანოები თავისუფალი არიან ამგვარი ბაჟის გადახდისაგან;

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა მითითებული კოდექსის არცერთი ნორმა და გადაწყვეტილებაში მიუთითა მხოლოდ “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონზე, რომელიE გაუქმებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ 1997 წლის 30 მაისის კანონით. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რითაცEდაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნა.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად სადავო ¹...... ფარდული შეტანილი იყო საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ 1994 წლის 6 იანვარს პრესაში გამოაქვეყნა ინფორმაცია 1994 წლის 28 იანვარს ობიექტის კონკურსის წესით გაყიდვის თაობაზე. ნ. ე-ამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში და გაიმარჯვა. 1994 წლის 25 თებერვლის ერთი მხრივ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონულ განყოფილებასა და მეორე მხრივ ნ. ე-ას შორის დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც საკოლმეურნეო ბაზარში განთავსებული ¹.... ფარდული საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელეს.

სადავო ობიექტი ნ. ე-ას მიერ პრივატიზებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკაში იმ დროს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-9 მუხლით პრივატიზება ხორციიელდება საწარმოთა შესყიდვით კონკურსის ან აუქციონის წესით. ეს კანონი იჯარის ფორმით პრივატიზებას საერთოდ არ ითვალისწინებდა. ამდენად, საკასაციო საჩივრის მოტივი, თითქოს მოსარჩელეს სადავო ობიექტი გადაეცა იჯარით, უსაფუძვლოა.

პრივატიზების მომენტში სადავო ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. საიჯარო ხელშეკრულება შპს „ა-ოსთან“ სამტრედიის მუნიციპალური აგრარული ბაზრის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემის თაობაზე გაფორმდა 1996 წლის 12 ნოემბერს. 1994 წლის 25 თებერვალს ჩატარებულ კონკურსის წესით ობიექტის პრივატიზებაზე არ იყო საჭირო და არE ყოფილა მიღებული ამჟამინდელი მოიჯარის თანხმობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცება, თითქოს პრივატიზების მომენტში დაირღვა მათი, როგორც მესაკუთრის უფლებები, არ ეფუძნება კანონის მოთხოვნებს.

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის მე-4 მუხლით სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი. ამდენად, სახელმწიფო ქონების მართვის სამტრედიის სამმართველო წარმოადგენდა დასახელებული ობიექტის პრივატიზების ჩატარებაზე უფლებამოსილ ორგანოს.

საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილების მიერ 1994 წლის 28 იანვარს ნ. ე-აზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, პრივატიზებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის, ტექინვენტარიზაციის მიერ დამოწმებული გეგმის ქსეროასლები. 1998 წლის 25 დეკემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაიწვა სამტრედიის ტექაღრიცხვის შენობა და მასში არსებული მთლიანი დოკუმენტაცია. სწორედ ამის გამოც ითხოვა მოსარჩელემ სადავო ნაგებობის ყიდვა-გაყიდვის გარიგების დადებულად ცნობა, რაც სასამართლომ საფუძვლიანად გაიზიარა. „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ 1997 წლის 30 მაისის კანონს უკუქცევითი ძალა არ მისცემია. ამდენად, 1994 წელს ჩატარებული პრივატიზაციის კანონიერების საკითხი ახალი კანონით ვერ მოწესრიგდება. სასამართლომ სწორად გამოიყენა სადავო ობიექტის პრივატიზებისას მოქმედი კანონი. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს, ეს ნორმა ვრცელდება მხოლოდ სანივთო უფლებებზე და არა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ს“ პუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე. კანონის მითითებული მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს უფროსს მ. ფ-ს არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 20 ლარის გადახდა, რაც გადაწყვეტილებიდან უნდა ამოირიცხოს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს სიტყვები: „გადახდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხე მ. ფ-ს 20 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.