Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-388 2 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ალ. ღუღუნიშვილი

განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “რ-ის“ სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ურთიერთმოთხოვნის გაქვითვის შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს „რ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ მათ 1991 წელს „ე-ის“ ბანკში ¹...... ანგარიშზე ერიცხებოდათ 55 000 აშშ დოლარი. 1992 წელს აღნიშნული ბანკი გაუქმდა. ამ დროისათვის მათთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 46 105 აშშ დოლარს. „ე-ის“ ბანკის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს “გ-ი”.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 1 სექტემბრის ¹284 ბრძანებულებით მათი კუთვნილი თანხა ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფოს შიდა ვალად.

ამ ხნის მანძილზე თანხის დაუბრუნებლობის შედეგად მათ განიცადეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. ვინაიდან გააჩნიათ სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება, ითხოვეს ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოსარჩელესათვის დასაბრუნებელი 46 105 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით ლარებში, გამოყენებული იქნა ურთიერთჩათვლის პრინციპით შპს „რ-ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, დარჩენილი თანხა დატოვებულია რეზერვში, მომავალში ბიუჯეტში გადასახადების ჩათვლის მიზნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლედად დატოვა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამისილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად ყოველი მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონის ფარგლებში მტკიEდება სახელმწიფო საშინაო ვალის ლიმიტები და რომ „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული საშინაო ვალის დაფარვა.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს „ე-ის" ბანკში საქართველო-იტალიის ერთობლივ საწარმო „რ-ს“ ¹...... ანგარიშზე ერიცხებოდა 55 000 აშშ დოლარი. სსრკ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის 1992 წლის 11 მარტის ¹16 ბრძანებით გაუქმდა სსსრკ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის თბილისის განყოფილება. ამავე ბრძანებით მოხდა ანგარიშების ბლოკირება და შეწყვეტილ იქნა ოპერაციები.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 1 სექტემბრის ¹284 ბრძანებულებით ყოფილი სსრკ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის თბილისის განყოფილების ბალანსზე რიცხული საქართველოს რეზიდენტთა მიმართ ვალდებულებები ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის შიდა სახელმწიფო ვალად.

ამ ხნის მანძილზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სრული მოცულობით ვერ იქნა გათვალისწინებული ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზაციებისათვის დასაბრუნებელი თანხები, რის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელეს შვიდი წლის მანძილზე მისი კუთვნილი თანხა ვერ დაუბრუნდა. სწორედ ამიტომ სასამართლომ არ გამოიყენა "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონის 26-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა, რადგან აღნიშული კანონი არ ითვალისწინებს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წესს და მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 442-444-ე მუხლები. სახელმწიფოსა და შპს „რ-ს“ შორის რომ არსებობდა ურთიერთმოთხოვნები, ეს დავას არ იწვევს.

სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამდენად, სასამართლომ ამ ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება საფუძვლიანად შეწყვიტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 4 ნოემბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.