გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹3კ-399 18 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე
განიხილა ა. მ-ისა და ი. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ა. მ-ის, ე. მ-ის, კოოპერატივი „........“, სიღნაღის რაიონული კომიტეტისა და მიწის მართვის სამმართველოს მიმართ პრივატიზაციის გაუქმების შესახებ და ე. მ-ის შეგებებული სარჩელი პრივატიზებული ფერმის შენობიდან ა. მ-ის გამოსახლების შესახებ.
პალატამ მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. მ-მა სახელმწიფო ქონების მართვის სიღნაღის რაიონული კომიტეტის, სოფელ ...... კოლმეურნეობისა და ვ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა სოფელ ....... კოლმეურნეობის მეღორეობის ფერმის პრივატიზაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი აღნიშნულ ფერმაში მუშაობდა და სადავო ფერმის მიმდებარე ტერიტორია უკვე მის საკუთრებაშია. ა. მ-მა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 29 მაისის ¹612-ე და 611-ე დადგენილების საფუძველზე.
სიღნაღის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 20 აგვისტოს განჩინებით სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელად ცნობილი იქნა ა. მ-ი და ი. თ-ი, მოპასუხეებად _ ვ. მ-ი, ე. მ-ი, კოოპერატივი „....... “, სოფლის მეურნეობის სამმართველოს მუდმივმოქმედი საპრივატიზაციო კომისია, მიწის მართვის სამმართველო, სიღნაღის რაიონის გამგეობა.
ე. მ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ფერმიდან მოსარჩელე ა. მ-ისა და ი. თ-ის გამოსახლება.
აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ განიხილა სასამართლომ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1998 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ე. და ვ. მ-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მოცემულ საქმეზე დამტკიცებულად არის ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სიღნაღის რაიონის სოფელ ....... კოლმეურნეობის წევრთა 1996 წლის 3 ივლისის საერთო კრების დადგენილებით ა. მ-ს მიეყიდა წინა მინდვრის ტერიტორიაზე არსებული მეღორეობის ზედა ბინა, ხოლო ე. მ-ს _ წინა მინდვრის ტერიტორიაზე, ალაზნის პირზე, მდებარე მეღორეობის ფერმის ქვედა ბინა.
1996 წლის 27 აგვისტოს დაფარულ იქნა სადავო მეღორეობის ფერმის შესასყიდი თანხა 1 663 ლარი. იმავე წლის 16 დეკემბერს შედგა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და გაიცა საკუთრების მოწმობა (პასპორტი). მანამდე კი, 1996 წლის 3 ივლისს, სიღნაღის რაიონის აგროსამრეწველო სამმართველოს საპრივატიზაციო კომისიის მიერ დამტკიცდა საერთო კრების ოქმი. სახელმწიფო ქონების მართვის სიღნაღის რაიონულ სამმართველოს სადავო ფერმის გასხვისებაში მონაწილეობა არ მიუღია.
სადავო ფერმის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის სიღნაღის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 1996 წლის 5 ნოემბრის (ოქმი ¹ 17) გადაწყვეტილებით ე. და ვ. მ-ებს იჯარით მიეცეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა _ 80 ჰა სახნავი და 46 ჰა _ საძოვარი.
მიწის მართვის სიღნაღის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული დოკუმენტით (4.08.1997წ) დადგენილია, რომ ი. თ-სა და ა. მ-ზე იჯარით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაცემული არ არის.
ა. მ-მა და ი. თ-მა ვერ წარმოადგინეს რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადსატურებდნენ მოთხოვნის უფლებას სადავო მეღორეობის ფერმაზე.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას პალატამ არ გამოიყენა მატერიალური სამართლის არEერთი ნორმა, რის გამოც იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან აპელანტი ითხოვდა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განხილვისათვის, ხოლო საქმის განხილვისას მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა საქმის არსებითად გადაწყვეტა.
საქმის განხილვისას, თვლის კასატორი, ასევე დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის „დ“ პუნქტის მოთხოვნები, რადგან სასამართლომ არ მოიწვია ზეპირ სხდომაზე მხარეები _ აგროსამრეწველო სამმართველოს საპრივატიზაციო კომისია, რაიონის გამგეობა და მიწის მართვის რაიონული ორგანიზაცია.
საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე თვლის, რომ ა. მ-სა და ი. თ-ს ჰქონდათ ფერმის უპირატესი შესყიდვის უფლება, ვინაიდან 1996 წლის 15 ოქტომბერს დადებული მათი საიჯარო ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული. ისინი დღემდე იხდიან მიწის საიჯარო გადასახადს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 11 ნოემბერს ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ მიუთითა, თუ რა სამართლებრივი ნორმა გამოიყენა გადაწყვეტილების მიღებისას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმის განხილვის დროს საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და რადგან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ა. მ-სა და ი. თ-ს, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
მოსარჩელეები ა. მ-ი და ი. თ-ი მოითხოვენ კოლმეურნეობის მეღორეობის ფერმის პრივატიზაციის გაუქმებას. პრივატიზება კი ნიშნავს ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას, რის შედეგადაც სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ხოლო სახელმწიფო ორგანოები _ მისი მართვის უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში დავა საკოლმეურნეო ქონების გასხვისებას შეეხება. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 97-ე მუხლის თანახმად კოლმეურნეობების ქონება კოლმეურნეობის საკუთრებას წარმოადგენს წესდების შესაბამისად. სიღნაღის რაიონის სოფელ ........ 1984 წლის 24 იანვრის საკოლმეურნეო წესდების 11-ე მუხლით ....... კოლმეურნეობის საკუთრებას შეადგენს მისი კუთვნილი შენობები, _ ნაგებობანი, მანქანამოწყობილობანი და სხვა ქონება. ამავე წესდების 13-ე მუხლით კი კოლმეუნეობის ქონების განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ კოლმეურნეობას _ მისი მართვის ორგანოებს. ძირითადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობათა შეძენა, გაყიდვა და ჩამოწერა ხდება კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წესდების საფუძველზე სოფელ ....... კოლმეურნეობის 1996 წლის 3 ივლისის საერთო კრებამ დაადგინა, რომ თავიანთი საკუთრება _ სადავო ფერმა მიეყიდა მოპასუხეებისათვის. 1996 წელს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით ხელშეკრულება ითვლებოდა დადებულად, როდესაE მისი ყველა არსებითი პუნქტის თაობაზე მხარეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ამ შემთხვევისათვის დაწესებული ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით კი, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება წერილობით უნდა დადებულიყო, იგი შეიძლება დადებულ იქნეს მხარეთა ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ კანონის ეს მოთხოვნა შესრულებულია. ამასთან, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებასა და რეგისტრაციას ითვალისწინებდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების ნამდვილობისათვის. ამდენად, საკოლმეურნეო ქონების _ მეღორეობის ფერმის გასხვისება დღევანდელ მესაკუთრეზე კანონიერია, რის გამოც ა. მ-ისა და ი. თ-ის სარჩელი უსაფუძვლოა.
ე. მ-ის შეგებებული სარჩელი ა. მ-ისა და ი. თ-ის სადავო ფერმიდან გამოსახლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს თავისი ქონება უკანონო მფლობელისგან.
პალატამ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) ნორმები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმით მხარეთა ასეთი სურვილი დადგენილი არ არის და არც საკასაციო სასა-მართლოში განუცხადებიათ ამის შესახებ. რაც შეეხება აღნიშნული ნორმის ბოლო წინადადების მეორე ნაწილს, სადაც მითითებულია უძრავი ნივთების თაობაზე ახალი წესების შესახებ, იგი ითვალისწინებს მხოლოდ უძრავი ნივთების მიმართ სანივთო უფლებებს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
a. მ-ისა და ი. თ-ის სარჩელი, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდეს.
დაკმაყოფილდეს ე. მ-ის შეგებებული სარჩელი. ა. მ-ი და ი. თ-ის მიერ გამოთავისუფლებულ იქნეს მეღორეობის ფერმა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.