გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-422 18 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
განიხილა კ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ კ. გ-ას სარჩელზე შ. ა-ის მიმართ 2 400 დოლარის დაკისრების შესახებ.
პალატამ მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
კ. გ-ამ სარჩელით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შ. ა-ას დაკისრებოდა თანხის _ 2 400 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე მოთხოვნას ასაბუთებდა იმით, რომ მან 3000 აშშ დოლარი სესხის სახით მოწმეთა თანდასწრებით გადასცა შ. ა-ას. მოპასუხემ მხოლოდ 600 აშშ დოლარი დაუბრუნა, ხოლო 2 400 დოლარს კი აღარ უბრუნებს. მოპასუხე შ. ა-მა სარჩელი უარყო.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით კ. გ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მოთხოვნა, რომლითაც სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგენილ იქნეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და კ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 1999 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უცვლელად იქნა დატოვებული მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 624-ე მუხლით კი სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმაა დადგენილი.
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს და თვლის, რომ კ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი, რომლითაE სესხის ხელშეკრულება მართალია, იდება ზეპირად, მაგრამ დავის შემთხვევაში ზეპირი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვნებებით. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლითაც ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, არ შეიძლება მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს, რადგან მოქმედი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზოგადი და სპეციალური ნორმების გამოყენებას, ხოლო სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისას კი უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დაიდოს წერილობითაც, მაგრამ ზეპირი ხელშეკრულების დროს ამავე მუხლის მესამე წინადადება იმპერატიული ხასიათისაა და მას როგორE სპეციალურ ნორმას უპირატესობა ენიჭება დავის გადაწყვეტის დროს.
პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით კანონი არ არის დარღვეული, რის გამოც, უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. გ-ას საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდეს.
ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.