Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-455 11 თებერვალი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე

განიხილა ს. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც აპელანტის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხე ს. კ-ეს დააკისრა ვალის _ 2850 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ს. კ-ე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება, მაგრამ არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ იმყოფებოდა სოფელში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის წარმოების პროცესში აპელანტი მოვალე იყო, ეცნობებინა სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის შესახებ. ვინაიდან აპელანტმა არ აცნობა სასამართლოს მისი ადგილსამყოფელი, ამიტომ შეტყობინება ჩაბარებულად ჩათვალა და მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

ს. კ-ემ კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ მას არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი, არ მას და არ მის ოჯახის წევრებს არ ჩაჰბარებიათ უწყება, ითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ ს. კ-ე სასამართლო სხდომის დღეს გასული იყო ქალაქიდან და იმყოფებოდა სოფელში, რის გამოც, ცხადია შეტყობინებას ვერ მიიღებდა. რაიმე მტკიცება იმისა, რომ შეტყობინება საერთოდ არ გაუგზავნიათ ან არ მიუტანიათ კავშირგაბმულობის მუშაკებს, არ წარმოუდგენია და ამ საფუძვლით კერძო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 1999 წლის 16 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი აწესრიგებს მხარის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას მისთვის უწყების გაგზავნის წესს. მოცემულ შემთხვევაში კი აპელანტ მხარეს მისამართი არ შეუცვლია. კავშირგაბმულობის მუშაკის მიერ უწყების მიტანისას საცხოვრებელ ბინაში დროებით არ ყოფნა არ გულისხმობს ადრესატის მიერ მისამართის შეცვლას.

სააპელაციო სასამართლო მოვალე იყო ადრესატისათვის უწყება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც არ გააკეთა, რითაც დაარღვია მითითებული ნორმა. აღნიშნული დარღვევა კი ამავე კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 პუნქტით განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 16 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.