Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-456 23 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე

განიხილა ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ე. ქ-ის სარჩელის გამო მოპასუხე კ. ა-ის მიმართ, მესამე პირები: თბილისის ჩუღურეთის ¹.... სახლთმმართველობა და ლ. ლ-ი, უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი ფართის გამოთხოვის და პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ე. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ თბილისში, ...... ქ. ¹3-ში მდებარე სახლმფლობელობა, შემდგარი 12 საცხოვრებელი ოთახისგან, ფართით 199,84 კვ. მ. ირიცხებოდა ბაბუის _ ე. ქ-ის სახელზე. 1959 წლის 18 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ე. ქ-ემ თავისი კუთვნილი სახლმფლობელობა, შემდგარი 10 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 179 კვ. მ. თანაბარ წილში აჩუქა თავის ქალიშვილ _ თ. ქ-ეს და შვილიშვილ ლ. ლ-ს. ჩუღურეთის (ყოფილი მოლოტოვის) რაიონის საბინაო სამმართველოს 1955 წლის 12 იანვრის წერილით ირკვევა, რომ სახლმფლობელობის პირველ სართულზე განთავსებული ¹1 და ¹11 საცხოვრებელი ოთახები, ფართით 28 კვ. მ. გადაცემულია ჩუღურეთის რაიონის საბინაო ტრესტის ბალანსზე. იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა არავითარი იურიდიული დოკუმენტი სადავო ფართის სახელმწიფო კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის თაობაზე. მოსარჩელემ მოითხოვა ¹1 და ¹11 ოთახების საბინაო ფონდიდან ამორიცხვა და შესაბამისად ამ ოთახების პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ე. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტეილება ამ საქმეზე უცვლელად დატოვა.

ე. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: ბაბუამისს ე. ქ-ეს ეკუთვნოდა 12 ოთახისაგან შემდგარი საცხოვრებელი ოთახი, აქედან ორი ოთახი: ¹1 და ¹11 ჩარიცხულია საბინაო ფონდში ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე; დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სადავო ორი ოთახი ირიცხებოდა კომუნალურ ფონდში. ამ ფართში 1941 წლიდან ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ მოსარჩელის ოჯახის წევრები. ისინი ამ ბინაში შესახლებული იქნენ კომუნალური განყოფილების მიერ და ბინის ქირას უხდიდნენ კომუნალურ განყოფილებას.

თბილისის მოლოტოვის სახელობის რაიონის სახალხო სასამართლოს 1955 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიEუცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1955 წლის 5 ივლისის ¹3322 დადგენილებით “სადავო ორი ოთახი, რომელშიც ცხოვრობს ნ. ა-ი, ეკუთვნის არა ე. ქ-ეს, არამედ კომუნალურ მეურნეობას“ და ამ საფუძვლით ე. ქ-ეს უარი ეთქვა ნ. ა-ისათვის ბინის ქირის დაკისრებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მტკიცებას არ საჭიროებენ.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოტივს სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის გამოუყენებლობის თაობაზე, არასწორია. მითითებული ნორმით მესაკუთრეს აქვს უფლება მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ წარმოადგენს სადავო ოთახების მესაკუთრეს და მეორეც, ა-ები ამ ოთახების კანონიერი მფლობელები არიან.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.