გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\279 11 აგვისტო 2000 წელი ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, მ. ცისკაძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მოსარჩელე თ. წ-ის წარმომადგენელ ო.ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – თ. წ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სახაზინო საწარმო ,,თბილისის პოლიგრაფიული ფაბრიკისა” და ნ. დ-ის მიმართ – საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული ზიანისა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბეჟან ხიმშიაშვილის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
კასატორ თ. წ-მ სარჩელი აღძრა სახაზინო საწარმო თბილისის პოლიგრაფიული ფაბრიკისა” და ნ. დ-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეები მიჩნეული ყოფილიყვნენ საავტორო უფლებების დამრღვევებად და დაკისრებოდათ დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ნაშრომის ,,პირველი კლასის კალიგრაფიული რვეულის” რეალიზაცია და უკანონოდ გამოცემული ტირაჟის დარჩენილი ნაწილი გადაეცათ მოსარჩელესათვის. ასევე, მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება 7500 ლარის ოდენობით, იმ მოტივით, რომ იგი არის ავტორი ნაშრომისა ,,პირველი კლასის კალიგრაფიული რვეული.” ეს ნაშრომი რეგისტრირებულია საავტორო უფლებათა და ინტელექტუალური საკუთრების საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს მიერ. საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს 1996 წლის 18 ივნისის ¹1-01/3-24 საინფორმაციო წერილის თანახმად, აღნიშნული ნაშრომის გამოცემისას მას მიეკუთვნება ,,საავტორო უფლებათა დაცვის” საერთაშორისო ნიშანი ჩ.
ეს საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა დონის სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ,,სახაზინო საწარმო თბილისის პოლიგრაფიულ სტამბას და ამავე სტამბის თანამშრომელ ნ. დ-ის მოსარჩელე თ. წ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7500 ლარის გადახდა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის შედეგად მიყენებული ზარალი და კომპენსაციის სახით 1500 ლარი მორალური ზიანის ანაზღაურება.”
რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხეებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 14 მარტის განჩინებით მოპასუხეების სახაზინო საწარმო ,,თბილისის პოლიგრაფიული ფაბრიკის” წარმომადგენლისა და ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გაუქმებულ იქნა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც სახაზინო საწარმო ,,თბილისის პოლიგრაფიულ ფაბრიკას” და ნ.დ-ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელისათვის ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა და ამ ნაწილში სარჩელში უარი ეთქვა, ხოლო მოპასუხეებზე მატერიალური ზარალის 7500 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელე თ. წ-ის წარმომადგენელი ო. ბ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 14 მარტის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ მოქმედი კანონის დარღვევით მიღებული განჩინებით უარი უთხრა სარჩელის მოთხოვნას 1500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო - 7500 - ლარის დაკისრების ნაწილში საქმე დააბრუნა განსახილველად გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 1017-ე, 1020-ე, 1031-ე და 1096-ე მუხლების მოთხოვნები.
პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დამაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით კასატორ თ. წ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხეებზე 1500 ლარის დაკისრებაზე სარჩელში უარი უთხრა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, განჩინება გამოიტანება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე არსებითად არ წყდება. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა განჩინებით, საქმე არსებითად გადაწყვიტა. თუ სააპელაციო სასამართლოს მიაჩნდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საშუალებას იძლეოდა არსებითად გადაეწყვიტა სასარჩელო მოთხოვნა, მაშინ 386-ე მუხლის შესაბამისად უნდა გამოეტანა ახალი გადაწყვეტილება. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ერთ ნაწილს, ანუ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი უთხრა, ხოლო საავტორო უფლების დარღვევიდან გამომდინარე, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. საქმე ახალი განხილვისათვის დააბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაშინ, როდესაც ეს ორი დავა თავისი იურიდიული ბუნებით ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ერთ სამართლებრივ საფუძველს ემყარება საავტორო უფლების დაცვის მარეგულირებელ ნორმებს, ამდენად, იგი სააპელაციო სასამართლოს ერთობლიობაში უნდა გადაეწყვიტა და არ უნდა განეცალკევებინა, არ გამოეყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველ ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი გარემოებები, რომელთა არსებობისას სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. სააპელაციო პალატის განჩინებაში არცერთ ასეთ გარემოებაზე მითითებული არ არის, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება. განჩინება ემყარება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების განხილვას, რომელთა შეფასებაც შეეძლო სააპელაციო სასამართლოს ისე, რომ არ დაებრუნებინა საქმე ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველია.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.