გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/301 6 ოქტომბერი, 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: თ. კობახიძე, ქ. გაბელაია (მომხსენებელი)
დავის საგანი: ანდერძის გაუქმება და სახლის მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ჯ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 1994 წლის 5 აგვისტოს სანოტარო მოქმედების – ანდერძის ბათილად ცნობა და წყალტუბოს ზონის სოფ. ...ში მდებარე სახლის მემკვიდრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: წყალტუბოს ზონის სოფ. ...ში ცხოვრობდა დედასთან ვ. ჯ-სთან ერთად. 1983 წელს ააშენა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. სახლი აღირიცხა დედის, როგორც ოჯახის უფროსის სახელზე. 1994 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა დედა, რის შემდეგაც განაგრძობს ცხოვრებას სადავო სახლში. გარდაცვალების წინ დედა ავადმყოფობდა, ჰქონდა სკლეროზი, 76 წლის მოხუცი სახლში იყო მარტო ამით ისარგებლა მისმა დამ მ. ჯ-ე-კ-მა მიიყვანა სახლში ნოტარიუსი ქ-ე, რომელმაც ექიმის დასკვნის გარეშე დაამოწმა ანდერძი. ანდერძის შედგენის და დამოწმების დროს დარღვეულ იქნა წესები. ანდერძზე მოანდერძე ხელს ვერ მოაწერდა, რადგან მან წერა-კითხვა არ იცოდა.
მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოანდერძე ვ. ჯ-ის სურვილით მოიწვიეს ნოტარიუსი, ვ. ჯ-ე იყო ფსიქიურად ჯანმრთელი. მან თვითონ მოაწერა ხელი ანდერძზე და არ არსებობს ანდერძის ბათილად ცნობის საფუძველი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1994 წლის 5 აგვისტოს დამოწმებული ანდერძი. რ. ჯ-ე ცნობილი იქნა დედის, აწ გარდაცვლილ ვ. ჯ-ის, დანაშთი ქონების - სადავო სახლის მემკვიდრედ.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ანდერძის შედგენის და დამოწმების დროს დარღვეული იყო სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 551-ე მუხლის მოთხოვნები: ანდერძი შედგენილი არ იყო მოანდერძის მიერ. ანდერძში არ იყო მითითებული მისი შედგენის რიცხვი. მოანდერძის მიერ ხელი არ იყო მოწერილი ანდერძზე, რადგან მოანდერძემ წერა-კითხვა არ იცოდა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება, გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჯ-ს უარი ეთქვა სარჩელზე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ჯ-მ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 551-ე მუხლი, რომელიც მკაცრად იმპერატიულია და ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. წყალტუბოს ნოტარიუსის ი. ქ-ის მიერ დარღვეულია აღნიშნული მუხლის ყველა მოთხოვნა: ანდერძი არ არის შედგენილი მოანდერძის მიერ, ანდერძზე არ არის მისი შედგენის დრო, მოანდერძემ არ იცოდა წერა-კითხვა და ანდერძს ხელს ვერ მოაწერდა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოთხოვნები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ თავისი გადაწყვეტილებით სწორი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოანდერძე ვ. ჯ-ე ანდერძის შედგენის დროს იყო ავად და იგი ანდერძის შედგენიდან რადმენიმე დღეში გარდაიცვალა. ახლობლების თხოვნით ნოტარიუსი ქ-ე სახლში ეწვია ვ. ჯ-ს ანდერძის დასამოწმებლად. საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ ნოტარიუსს წარუდგინეს ცნობა ვ. ჯ-ის ჯანმრთელობის შესახებ. რადგან ცნობა იქნა წარდგენილი მოანდერძის ქმედუნარობაზე იგულისხმება, რომ ნოტარიუსს ეჭვი შეეპარა მის ფსიქიურ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის ცნობის მოთხოვნას ანდერძის დამოწმების დროს კანონი არ ითვალისწინებს. ისე გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ ნოტარიუსის განმარტება იმის შესახებ, რომ ნოტარიუსს არ მოუთხოვია ჯანმრთელობის ცნობა და იგი მოანდერძის ახლობლების ინიციატივით იქნა წარდგენილი, რომ აღნიშნულის შესახებ შეფასება არ მისცა მოწმეთა ჩვენებებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული ცნობა გაცემულია უბნის თერაპევტის მიერ, რომელსაც ავადმყოფი არ უნახავს, საქმის მასალებით დადგენილია და არც მოპასუხეები უარყოფენ, რომ ანდერძზე ხელის მოსაწერად მოწვეული იქნენ მეზობლები ი. ჯ-ე და ც. ჯ-ე, რომლებმაც მოაწერეს ხელი ანდერძს. კოლეგია თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნა არ არის ანდერძზე ხელი მოაწეროს თანამოწმეებმა. გაუგებარია რომელი კანონის მოთხოვნის დაცვით მოხდა თანამოწმეების მოწვევა, რომლებსაც თავიანთი განმარტების თანახმად არ უნახავთ მიანდერძემ მოაწერა თუ არა ხელი ანდერძზე.
საქმეში მოწმედ დაკითხული პირის გ-ის განმარტებით, რომელიც პენსიას აძლევდა მოანდერძეს, დადგენილია, რომ მოანდერძემ წერა-კითხვა არ იცოდა, იგივეს ადასტურებს მოწმეები ხ-ე, ც-ე, თ, ჯ-ე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ჩათვალა, რომ ეს ჩვენებები წინააღმდეგობრივია თუმცა შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია მოანდერძე ვ. ჯ-ის პასპორტი, რომელშიც არ არის ვ. ჯ-ის ხელმოწერა და საერთოდ საქმის მასალებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მოანდერძე ვ. ჯ-მ იცოდა წერა-კითხვა.
საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა დაადგინოს მოანდერძე ვ. ჯ-მ იცოდა თუ არა წერა-კითხვა. რის შემდეგაც შეფასება უნდა მისცეს შედგენილია თუ არა ანდერძი სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 551-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.