გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/391 25 აგვისტო, 2000 წელი, ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
განიხილა პ. ბ-ის და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე ნ. მ-ის და პ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ტურისტული ფირმა შპს ,,რ-ის” მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ.მ-მ და პ. ბ-მა. მოსარჩელენი მიუთითებდნენ, რომ 1997 წლის 21 ნოემბერს მათ მიმართეს შპს ,,რ-ს”, რათა პ. ბ-ი გამგზავრებულიყო გერმანიაში. ფირმის თანამშრომელს ჩააბარეს საბუთები, შეავსეს ანკეტები და განცხადებები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსულოში წარსადგენად და მომსახურებისათვის გადაიხადეს 250 აშშ დოლარი, რაშიც შედიოდა სამგზავრო და სადაზღვევო ხარჯებიც.
1997 წლის 27 ნოემბერს ,,რ-ს” მიერ პ. ბ-ი დაბარებული იუო საკონსულოშიც კონსულთან პირადად წარსადგენად და შესაბამისი საბუთების შესატანად, რომელიც მას გადასცა ,,რ-ის” წარმომადგენელმა. 1997 წლის 2 დეკემბერს პ. ბ-ს გადასცეს პასპორტი ,,შენგენის” ვიზით და დაზღვევის პოლისი.
1997 წლის 3 დეკემბერს პ. ბ-ი გაემგზავრა გერმანიაში ქ. ჰამბურგში, რის შესახებ ინფორმირებული იყო ფირმა ,,რ.”. ქალაქ ჰამბურგში ჩასვლისას, 1997 წლის 3 დეკემბერს, პ. ბ-ი სასაზღვრო პოლიციის საპასპორტო კონტროლის სამსახურის მიერ არ იქნა დაშვებული ქვეყანაში. ამავე სამსახურის მიერ იგი იყო დაჯარიმებული 1000 გერმანული მარკით და მისივე ხარჯებით გამოამგზავრეს თვითმფრინავით რეისით ჰამბურგი, პრაღა, მოსკოვი, თბილისი.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თბილისში დაბრუნებისას მიმართეს შპს ,,რ-ს”, მაგრამ მან პასუხისმგებლობა არ აიღო და განაცხადა, რომ ისინი იყვნენ შუამავლები ფირმა ,,ა-სთან” და მან უნდა აგოს პასუხი მომხდარის გამო.
აღნიშნულის გამო მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის მესამე ნაწილის, 662-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-16 მუხლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მე-10 მუხლის, მე-13 მუხლის I პუნქტის და 24-ე მუხლის I პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მატერიალური ზარალის 2450 აშშ დოლარის, მორალური ზარალის 10000 აშშ დოლარი, წარმომადგენლის ხარჯების 2000 აშშ დოლარი ანაზღაურება და სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ,,რ-ს” საბუთები ხარვეზით არ შეუდგენია და ბ-ზე გაცემული იქნა ვიზა გერმანიის საელჩოს მიერ, ბ-ის მოგზაურობა არ შეიძლება ჩაითვალოს ხარვეზით მოწყობილად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-ს არ მოუთხოვია მეგზურის დახვედრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 აპრილის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცველელად იქნა დატოვებული. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ბ-ი დაინტერესებული იყო მხოლოდ იმით, რომ მოეპოვებინა ვიზა და ინდივიდუალურად გამგზავრებულიყო გერმანიაში, რაც შპს ,,რ-ის” დახმარებით განხორციელდა. პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,რ-ს” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბ-სა და შპს ,,რ-ს” შორის გარიგების საგანი იყო ვიზის მოპოვება და არა მხოლოდ ანკეტის შევსება. კასატორის აზრით ვიზის მოპოვება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მან დაუბრკოლებლად შეაღწიოს უცხო ქვეყანაში. თუ მან ეს ვერ განახორციელა თუნდაც მესაზღვრის პირადი შეხედულების გამო ტურისტული ფირმა ვალდებულია აღმოფხვრას ეს ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა ხორციელდებოდა ინდივიდუალურად, იგი არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 659-ე და 662-ე მუხლები, რის გამოც იგი მოითხოვს:
შეიცვალოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეკისროს ფირმა ,,რ-ს” მის სასარგებლოდ 2450 აშშ დოლარის, როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება, დამცველის მოწვევით გამოწევული ხარჯები და 10000 აშშ დოლარი, როგორც მორალური ზიანი.
პალატა საქმის მასალების შესწავლით და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პ. ბ-სა და შპს ,,რ-ს” შორის დადებული იყო ტურისტული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს ,,რ.” ვალდებული იყო მომსახურება გაეწია ბ-სათვის გერმანიში მოგზაურობის პერიოდში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის თანახმად ტურიზმის ხეელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს შეთანხმებული მომსახურება. ამგვარი მომსახურების შესახებ მხარეებს შორის რაიმე შეთანხმება არ არსებულა, რის გამოც შპს ,,რ.” ბერ ჩაითვლება მოგზაურობის მომწყობად და მასზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 657-ე, 667-ე მუხლებით დადგენილი პასუხისმგებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც, შპს ,,რ-მა” იკისრა პასუხისმგებლობა პ. ბ-სათვის შესაბამისი საბუთები მოემზადებინა იმგვარად და გაეწია მისთვის ისეთი კონსულტაცია, რაც უზრუნველყოფდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსულის მიერ პ. ბ-ზე შესაბამის ვიზის გაცემას. შპს ,,რ-მა” მის მიერ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. მის მიერ მომზადებული საბუთების საფუძველზე საქართველოში გფრ-ის კონსულის მიერ პ. ბ-ზე გაცემულ იქნა ვიზა.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვიზის არსებობა არ გამორიცხავს, რათა სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქის გფრ-ის ტერიტორიაზე არ შეშვების შესახებ. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით ქვეყნის შესაბამის სამსახურებს აქვთ მინიჭებული უფლება, გარკვეული ეჭვის არსებობის შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ დაუშვან ქვეყნის ტერიტორიაზე.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,რ-მა” თავისი ვალდებულება შეასრულა. მისი დახმარებით პ. ბ-მა გფრ-ის ვიზა მიიღო. პ. ბ-ის შემდგომის მოქმედებები უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და მისი მოგზაურობა უნდა განხორციელებულიყო მისივე რისკით და შპს ,,რ.” მის მიერ განცდილ ზარალზე პასუხს არ აგებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ სადავო შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის აღნიშნული საფუძვლები არ არსებობს. არ არსებობს ის ხელშეკრულება, რომლის შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს შპს ,,რ-ის” პასუხისმგებლობის საფუძველი, რის გამოც პ. ბ-ს და ნ. მ-ს უარი უნდა ეთქვათ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. ბ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 აპრილის განჩინება.
2. კასატორი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.