გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\511 18 ოქტომბერი 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: სარჩელში _ გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სახლიდან გამოსახლება
შეგებებულ სარჩელში _ გაცვლის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 12 აგვისტოს ე. და გ. ხ-ებმა სარჩელი აღძრეს ქობულეთის რაიონის სასამართლოში მოპასუხეების მ. და დ. ძ-ების მიმართ.
სარჩელის თანახმად, ე. ხ-მ, რომელსაც პატიმრობაში ჰყავდა შვილი და ესაჭიროებოდა ფული, დაბა ჩაქვში, ...-ს ქ. ¹25-ში მდებარე, მის სახელზე რიცხული სახლი გაუცვალა მ. და დ. ძ-ებს ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ში მდებარე მათ კუთვნილ სახლზე იმ შეთანხმებით, რომ ე. ხ-სათვის დამატებით მიეცათ 1000 (ათასი) ლარი, მაგრამ სახლების გაცვლის შემდეგ ეს პირობა მოპასუხეებმა არ შეასრულეს. გარდა ამისა, სოფ. ...ში მდებარე სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა უვარგისი, რის გამოც ე. ხ-ემ და პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გ. ხ-ემ ძ-ებს შესთავაზეს გაცვლის ხელშეკრულების მოშლა გაცვლილი სახლების უკან დაბრუნებით, რაზეც მოპასუხეებისგან უარი მიიღეს.
მოსარჩელეებმა სარჩელის საფუძვლად მიუთითეს, რომ სახლების გაცვლისათვის კანონით დადგენილი ფორმა არ იყო დაცული, რაც გარიგების ბათილობას იწვევდა, ამიტომ მათ მოითხოვეს, გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველზე მოპასუხეების გამოსახლება დაბა ჩაქვში. ...ის ქ. ¹25-ში მდებარე სახლიდან და მათი უკან ჩასახლება ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ში არსებულ მოპასუხეების ყოფილ სახლში.
მ. ძ-მ შეგებებული სარჩელი შეიტანა ქობულეთის რაიონის სასამართლოში ე. და გ. ხ-ების მიმართ და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 47-ე მუხლის თანახმად მოითხოვა გაცვლის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, იმ მოტივით, რომ მხარეთა მიერ ფაქტობრივად მთლიანად შესრულდა გარიგება, მოპასუხეები კი თავს არიდებდნენ გარიგების სათანადოდ გაფორმებას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. და გ. ხ-ების სარჩელი. კერძოდ, მ. და დ. ძ-ები, ოჯახის წევრებთან ერთად, გამოსახლდნენ დაბა ჩაქვში, ...ის ქ. ¹25-ში მდებარე სახლიდან და აღნიშნული სახლი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ე. და გ. ხ-ებს, რაც Aშეეხება მ. და დ. ძ-ების შეგებებულ სარჩელს, მას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო. სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 მაისის განჩინებით აპელანტების – მ. და დ. ძ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მათ შეასრულეს გარიგების პირობები, ხოლო მეორე მხარე თავს არიდებდა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქობულეთის რაიონული სასამართლოს მითითება, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 47-ე მუხლის მიხედვით, სანოტარო წესით გარიგების დადასტურება სავალდებულო იყო მხოლოდ კანონით მითითებულ შემთხვევაში. გაცვლის ხელშეკრულების გაფორმება უძრავ ნივთებზე ითვალისწინებდა სანოტარო წესით დამოწმებას. ფორმის დაუცველობა კი იწვევდა გარიგების ბათილობას. მოცემულ შემთხვევაში კი გაცვლის ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში განუმარტა აპელანტებს, რომ მათ მიერ დაყენებული საკითხი ხ-ების მიერ ძ-ების საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის განადგურების შესახებ, წარმოადგენდა ცალკე დავის საგანს და ამისთვის მათ უფლება ჰქონდათ მიემართათ სასამართლოსათვის.
საკასაციო საჩივარში მ. და დ. ძ-ებმა მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო. სამეწარმეო და გაოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მათი შეგებებული სარჩელი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე მუხლი და მიიღო განჩინება სამართლის ნორმების დარღვევით, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წ.), რადგანაც, მართალია, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა მისი მოქმედების პერიოდში, მაგრამ ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ძველი კოდექსის მოქმედების პერიოდში წარმოშობილი ურთიერთობების დასარეგულირებლად ახალი სამოქალაქო კოდექსი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ იგი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. აღნიშნული ურთიერთობა რადგანაც შეეხებოდა უძრავ ნივთებს და ახალი კოდექსი არ ითვალისწინებს უძრავ ნივთებზე დადგენილი ფორმის დაუცველობის შემთხვევაში, გარიგების დადგენილად ცნობას, ამიტომ მათზე უნდა გავრცელებულიყო ახალი სამოქალაქო კოდექსის მუხლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული არ არის კანონზე, რომლის საფუძველზეც კასატორები გამოსახლდნენ აღნიშნული სახლიდან. განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, როს გამოც სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, განჩინების გაქუმების აბსოლუტური საფუძველია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სსამართლომ სრულად არ უპასუხა ე. და გ. ხ-ების სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, მოსარჩელეები მოითხოვდნენ გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველზე ძ-ების გამოსახლებას დაბა ჩაქვში მდებარე მოსარჩელეების ყოფილი სახლიდან და მათ უკან ჩასახლებას ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ში მდებარე სახლში, რომელიც ადრე ეკუთვნოდათ ძ-ებს.
ქობულეთი რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არც გარიგების ბათილობაზე და არც ძ-ების სოფ. ...ში მდებარე ყოფილ სახლში შესახლებაზე არ იმსჯელა და აღნიშნულტან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიიღო. სააპელაციო სასამართლომ კი ისე დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნებზე არ უმსჯელია.
აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის სრულად, სწორად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ. და დ. ძ-ების საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს აჭარი ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება