საქმე ¹ბს-45-45(კ-06) 20 ივნისი, 2006 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ს. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)_ სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონის ფილიალი
გასაჩივრებული განჩინება _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ს. ჯუ-მა სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონის ფილიალის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმება, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და 2003 წლიდან მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:
საქმის გარემოებები:
მოსარჩელის მშობლები _ ი. ე-ის ძე ჯუ-ოღლი და ხ. ბ-ის ასული ჯუ-ი 1944 წელს სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის ¹6279 დადგენილებით იძულებით გადაასახლეს ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ოშის ოლქში. 1956 წლის 28 აპრილის მთავრობის დადგენილებით ისინი მოხსნილ იქნენ სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების უფლების გარეშე. 1967 წელს ყირგიზეთის რესპუბლიკაში დაიბადა ს. ჯ-ი.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ი აღიარა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რის საფუძველზეც მას დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით. საპენსიო დახმარებას იგი ღებულობდა 2003 წლის ოქტომბრამდე. 2003 წლის 25 ნოემბერს კი სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონის ფილიალმა განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის ზედმეტად გაცემული თანხის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ ახლად აღმოჩენილ გარემოებად წარმოადგინა ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად ს. ჯ-ის დედას _ ხ. ბ-ის ასულ ჯუ-ს ნამუშევარი ჰქონდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ის ჩაის ფაბრიკაში 1958-1960 წლებში. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ს. ჯ-ი არ გამოცხადდა ოჯახური მდგომარეობის გამო. რაიონულმა სასამართლომ მისი დასწრების გარეშე განიხილა სიციალური ფონდის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და 2004 წლის 6 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა: გაუქმდა 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ს. ჯ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ და სოციალური უზრუნველყოფის რაიონულ ფილიალს განემარტა, რომ ზედმეტად გაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეეძლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი მშობლები მართლაც დაბრუნდნენ საქართველოში 1958 წელს, მაგრამ კვლავ განიცდიდნენ რეპრესიებს, რის გამოც 1960 წელს იძულებული გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ყირგიზეთის რესპუბლიკაში
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
ს. ჯ-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია დაუსაბუთებლად და მოითხოვა 1997 წლის ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მიხედვით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და 2003 წლის ოქტომბრიდან მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება (იხ. ს.ფ.1-3).
ხელვაჩაურის რაიონული ფილიალის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო ს. ჯ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 16).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე და 2003 წლის ოქტომბრიდან მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურებაზე, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ს. ჯ-ის მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე 1944 წელს გადასახლებულ იქნენ ყირგიზეთის რესპუბლიკაში. 1956 წელს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით ისინი მოხსნილ იქნენ სპეციალური კომენდატურის აღრიცხვიდან და დაბრუნდნენ საქართველოში წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, ხოლო 1960 წელს მოსარჩელის მშობლები თავიანთი ნებით წავიდნენ ყირგიზეთის რესპუბლიკაში, სადაც 1967 წელს დაიბადა მოსარჩელე ს. ჯ-ი.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2, მე-3, მე-4 მუხლების საფუძველზე სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ (იხ. ს.ფ.17).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-მ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. 2004 წლის 6 იანვრის განჩინებით ხელვაჩაურის სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, 1958-1960 წლებში დედამისი მართლაც მუშაობდა ...ის ჩაის ფაბრიკაში, მაგრამ რეპრესიების გამო, 1960 წელს მისი მშობლები იძულებული გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ყირგიზეთში, მათზე კვლავ ვრცელდებოდა შეზღუდვები და სრულად მხოლოდ 1974 წლის უმაღლესი საბჭოს ¹5333 დადგენილებით მოეხსნათ შეზღუდვები. შესაბამისად, იგი მშობლების პოლიტიკური რეპრესიების დროს დაიბადა და ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, განეკუთვნებოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს (იხ.ს.ფ. 21-22).
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა ს. ჯ-ის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ს. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო პალატამ შემდეგნაირად დაასაბუთა:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
1944-1956 წლებში ს. ჯ-ის მშობლები გადასახლებული იყვნენ შუა აზიაში. 1956 წელს პრეზიდიუმის დადგენილებით მათ მიეცათ საქართველოში დაბრუნების უფლება. 1958-1960 წლებში მოსარჩელის მშობლები მუშაობდნენ სოფელ ...ის ჩაის ფაბრიკაში, სადაც ჰქონდათ შესაბამისი გამომუშავება. მოსარჩელე ს. ჯ-ი მშობლების ყირგიზეთში დაბრუნების შემდეგ, 1967 წელს დაიბადა.
სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ მისმა მშობლებმა 1960 წელს საქართველო რეპრესიებისა და ზეწოლის გამო დატოვეს და გადასახლდნენ ყირგიზეთში და განმარტა, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.
სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მშობლების იძულებით, ხელმეორედ გასახლება არ მომხდარა, შესაბამისად, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის I, მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად, ს. ჯ-ის მშობლები არ იყვნენ 1960 წლიდან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი და ვერც მათი შვილი ჩაითვლებოდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად (იხ. ს.ფ. 37-42).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-მ, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და 2003 წლის ოქტომბრიდან მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივები:
1956 წელს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ¹139/42 დადგენილებით ს. ჯ-ის მშობლები მოხსნილ იქნენ სპეციალური კომენდატურის აღრიცხვიდან, მაგრამ შეზღუდვები 1974 წლამდე უგრძელდებოდა და მხოლოდ 1974 წლის ¹5333 დადგენილებით მოეხსნათ შეზღუდვა. შესაბამისად, იგი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს განეკუთვნება, რადგან დაიბადა 1967 წელს, შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 426-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც არ იმსჯელა ხელვაჩაურის რაიონის სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განცხადების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებობაზე, რადგან სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონის ფილიალისთვის ჯერ კიდევ 1997 წელს იყო ცნობილი მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს (იხ. ს.ფ.57-59).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 30 მაისის განჩინებით ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიიჩნია დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 76-78).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც სასამართლომ ისე მიიღო განსახილველად წარმოებაში ხელვაჩაურის რაიონის სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, თუ როდის გახდა სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული ფილიალისთვის ახლად აღმოჩენილი გარემოება ცნობილი, რომელიც საფუძვლად დაედო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმება და საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შემოწმება ცალ-ცალკე საპროცესო სტადიაა, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობით დამოუკიდებლად წესრიგდება, ამასთან, ამ ორი საპროცესო სტადიით განხილვისას გამოტანილი განჩინება სხვადასხვა წესით საჩივრდება, კერძოდ, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმების შესახებ გამოტანილი განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრის შეტანის გზით (სსსკ-ის 429 მუხლი), ხოლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის სტადიის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს განცხადებაში მითითებულ საფუძვლებზე, რომელიც საჩივრდება ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში, ანუ სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 430 მუხლი)
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1. მუხლით გათვალისწინებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო ახლად აღმოჩენილი გარემოების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შემოწმებამდე ვალდებულია შეამოწმოს განცხადების დასაშვებობის საკითხი, კერძოდ, შეამოწმოს, განცხადება წარდგენილია თუ არა ერთთვიან ვადაში, ვინაიდან სსსკ-ის 426-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარემ უნდა შეიტანოს ერთი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის თაობაზე. საქმეში არსებული მასალებით სარწმუნოდ არ დგინდება ის გარემოება, თუ როდის გახდა ცნობილი სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული ფილიალისთვის ახლად აღმოჩენილი გარემოება. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ განმცხადებლის მიერ მითითებულ ფაქტს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების საფუძველი მისთვის ცნობილი გახდა 2003 წლის 17 ნოემბერს.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობა მხოლოდ განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში არის შესაძლებელი, ამდენად, სსსკ-ის 430-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას სასამართლო ატარებს მხოლოდ სსსკ-ის 429-ე მუხლით დადგენილი განცხადების დასაშვებობის შემოწმების, ანუ განცხადების დასაშვებად მიჩნევის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ს 377.3. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათი კერძო საჩივრით გასაჩივრება.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს მითითებული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეამოწმოს რაიონული სასამართლოს განჩინებები, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების, ასევე, განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შესახებ, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ ძირითად მოტივს სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა, რაზეც სააპელაციო სასამართლომ მსჯელობა საერთოდ არ იქონია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, მოიპოვოს მტკიცებულებები და გამოიკვლიოს ის გარემოება, თუ როდის მიმართა სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ფილიალმა ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივს და როდის შეიტყო ამ უკანასკნელმა ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ხელვაჩაურის რაიონის სოცუზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა შეიტანა თუ არა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებას, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესსა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”. აღნიშნული კანონის 4.3. მუხლის თანახმად ,,პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ჩაითვლება ,,ГПУ-ОГПУ”-ს, ,,ВЧК”-ს, ,,УНКВД-НКВД”-ს, ,,МГБ”-ს, ,,КГБ”-ს, ,,МВД”-ს, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი”. ამასთან, მითითებული კანონის 1.3. მუხლი ცალსახად ადგენს, რომ კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ გარემოებაზე, რომ კასატორი ს. ჯ-ი არ მიეკუთვნება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა ჯგუფს, იმ პირობებში როცა საქმეში არსებული მასალებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა საფუძვლით იყვნენ კასატორის მშობლები 1944 წელს გასახლებული ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება 1944 წლის ¹6279 დადგენილება, რომლის საფუძველზეც კასატორის მშობლები გასახლებულ იქნენ ყირგიზეთის რესპუბლიკაში და 1956 წლის ¹139/42 დადგენილება კასატორის მშობლების სპეციალური კომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ.
საქმეში არსებული 1974 წლის ¹5333 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად ირკვევა, რომ 1956 წლის ¹139/42 დადგენილება ეხებოდა ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც გადასახლებული იყვნენ სსრკ-ის სხვადასხვა ტერიტორიაზე. მითითებულ დადგენილებაზე აფუძნებს კასატორი სასარჩელო მოთხოვნას, როცა აღნიშნავს, რომ მის მშობლებზე შეზღუდვები ვრცელდებოდა 1974 წლამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების შემდეგ, მათი ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ, დასკვნა იმის თაობაზე კასატორის მშობლები გასახლებულ იქნენ თუ არა საცხოვრებელი ადგილიდან ეთნიკური ჯგუფისათვის კუთვნილების საფუძველზე, რამდენადაც აღნიშნული გარემოების გამო მათი საქართველოს ტერიტორიიდან გასახლების შემთხვევაში მათზე ვერ გავრცელდება კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”, არამედ მათზე უნდა გავრცელდეს დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე რეაბილიტაციის წესის განმსაზღვრელი კანონმდებლობა, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით მიღებული არ არის.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, უნდა მოიძიოს 1944 წლის ¹6279 დადგენილება და გამოიკვლიოს, რა საფუძვლით იქნენ გადასახლებული კასატორის მშობლები საქართველოს ტერიტორიიდან ყირგიზეთის რესპუბლიკაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში 2005წ.25.11. ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ კანონს დაემატა 884-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალათ უზრუნველეყოთ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაცია, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა./რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც, მოცემული საქმე აჭარის ა/რ სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაციის გამო განსახილველად უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 393-ე, 394-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგდასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს; სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.