Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\572 6 ოქტომბერი 2000 წელი ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

განიხილა შპს ,,.. ..-ის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე შპს ,,ე. ტ-ის” სარჩელისა გამო მოპასუხე შპს ,,.. ..-ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1999 წლის 11 აგვისტოს შპს ,,.. .._ის” დირექტორს ს. ტ-სა და შპს ,,ე. ტ-ის” დირექტორს მ. მ-ს შორის დიადო ხელშეკრულება სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების შესახებ.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ,,.. ..-ის” მიერ ,,დამკვეთისათვის” იმ სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურეობის გაწევა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ,,.. ..-ის” მიერ ,,დამკვეთის” საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების ფოთის პორტის გავლით ,,დამკვეთის’ მიერ მითითებულ დანიშნულების პუნქტებში გაგზავნა.

,,ე. ტ-ის” მიერ თხილით დატვირთული ორი კონტეინერი ფოთის პორტში მიწოდებულ იქნა 1999 წლის 16 სექტემბერს და ჩაიტვირთა გემზე ,,რ.”, ერთი კონტეინერი კი 23 სექტემბერს და ჩაიტვირტა გემზე ,,მ.”. გამოიწერა შესაბამისი კონოსამენტები. გემების მოძრაობის განრიგის მიხედვით გემი ,,რ.” ფოთის პორტიდან უნდა გასულიყო 19 სექტემბერს, ,,მ.” 24 სექტემბერს.

იტალიის ქალაქ კარპაროლაში ტვირთის მიმღებს ორი კონტეინერი მიეწოდა გაგზავნიდან 39 დღე-ღამის შემდეგ, ხოლო ერთი კონტეინერი კი – 34 დღე-ღამის შემდეგ. კონტეინერებიდან ტვირთის გადმოტვირთვისას დადგინდა თხილის ხარისხის გაუარესება. კომისიამ, რომელშიც შედიოდა ყველა მხარის წარმომადგენელი, 1999 წლის 10 ნოემბერს ერთობლივი გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ტვირთის ღირებულება შემცირდა 82 246 აშშ დოლარით.

2000 წლის 9 მარტს შპს ,,ე. ტ-მა” სარჩელი აღძრა მოპასუხე ,,.. ..-ის” მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 121 010 აშს დოლარის ოდენობით. სარჩელის საფუძვლად უთითებდა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მოპასუხემ დაარღვია მიწოდების ვადები, არ დააზღვია ტვირთი და ტვირთზე გაფორმებული საბუთების ორიგინალები გააგზავნა ფოსტით და არა ტვირთთან ერთად, რამაც დააყოვნა ტვირთის განბაჟება.

შპს ,,.. ..-მა” სარჩელი არ ცნო. სარჩელის უარყოფის საფუძვლად უთითებდა, რომ როგორც ექსპედიტორმა თავისი ვალდებულებები შეასრულა. კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად მიმღებს მიაწოდა კონტეინერები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და ხელუხლებელი პლომბებით, მიწოდების ვადაზე არ შეთანხმებულან, საბუთების ორიგინალები მიმღებს გაეგზავნა დროულად და მის მოვალეობაში არ შედიოდა საბაჟო გაწმენდა და ტვირთის დაზღვევა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ე. ტ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,.. ..-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 101 010 აშშ დოლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მოსარჩელეს შპს ,,.. ..-სათვის” 18 764 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში /82 246 აშს დოლარის დაკისრების ნაწილში/ გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა შემდეგი:

1. ურთიერთობა შპს ,,ე. ტ-სა” და ,,.. ..-ს” შორის არის ურთიერთობა ტვირთგამგზავნსა და ექსპედიტორ-გადამზიდველს შორის და არა ტვირთგამგზავნსა და აგენ-ექსპედიტორს შორის, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა როგორც გადამზიდველს.

2. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია ზედნადებში არ არის მითითებული ვადა, რომელშიც უნდა დასრულებულიყო გადაზიდვა, მაგრამ ვადის მითითება სავალდებულო არ იყო, რადგანაც არსებობდა მხარეებს შორის ზეპირსიტყვიერი შეთანხმება იმის შესახებ, რომ გადაზიდვა დასრულდებოდა 20 დღეში და სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად წინდახედულ გადამზიდველს ისედაც უნდა დაეცვა. ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ ზეპირსიტყვიერ თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა, რადგან იგი მოიწონა უფლებამოსილმა პირმა – შპს ,,.. ..-ის” დირექტორმა, როცა 1999 წლის 11 აგვისტოს სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურების შესახებ ¹16 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.…

3. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ტვირთის განბაჟების დაყოვნება გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ ფიტოსანიტარული საბუთების ორიგინალები მიმღებს გაუგზავნა ფოსტით, ნაცვლად იმისა, რომ ტვირთთან ერთად გაეგზავნა, რაც შესაძლებელს გახდიდა იტალიის პორტში დროულად ჩატარებულიყო სანიტარული შემოწმება (სკ 740-ე მუხლი).

4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 735-ე მუხლის შესაბამისად, ექსპედიტორი – შპს ,,.. ..” ვალდებული იყო დაეზღვია ზიანი.

შპს ,,.. ..” საკასაციო საჩივრით მოითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლებით:

1. შპს ,,.. ..” მოსარჩელესთან ურთიერთობაში არ ყოფილა გადამზიდველი, რადგან ტვირთის საზღვაო გადაზიდვა განახორციელა გემთმფლობელმა ფრანგულმა კომპანიამ ,,ს-მა” და მანვე მიიღო გადაზიდვის საზღაური. გადაზიდვის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და ფირმა ,,ს-ს” შორის, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 670-ე, 672-ე, 676-ე და 688-ე მუხლები;

2. შპს ,,.. ..” არ არის სათანადო მოპასუხე, რადგან იგი არ არის გადამზიდველი და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი;

3. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ” პუნქტი;

4. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რის საფუძველზეც გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლი, რაც არ უნდა გამოეყენებინა.

5. შპს ,,.. ..-ის” მოვალეობაში არ შედიოდა ზიანის დაზღვევა.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ შპს ,,.. ..-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი.

სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის თანახმად ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.

ამავე კოდექსის 739-ე მუხლის თანახმად, თუ ექსპედიტორი იყენებს უფლებას საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი, მას იმავდროულად აქვს ტვირთის გადამზიდველის უფლება-მოვალეობაც.

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, ,,გადამზიდველი” ფიზიკურად ახორციელებს ტვირთების გადატანას ტვირთგამგზავნიდან ტვირთმიმღებამდე ან თავისი საკუთარი ძალებით ახორციელებს გადაზიდვას პასუხისმგებლობის თავის თავზე აღების გზით (უშუალოდ გადამზიდავის დაქირავებით).

,,სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურეობა” ნიშნავს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას ან მომსახურების ორგანიზაცია ტვირთგამგზავნიდან ტვირთმიმღებამდე. ასეთ მომსახურებად შეიძლება ჩაითავლოს სააგენტო მომსახურება; საბაჟო მომსახურება; პორტებში, ტერმინალებში და საწყობებში სატვირთო ოპერაციების განხორციელება; საფინანსო მომსახურება; მარკეტინგული მომსახურება და სხვა.

სასამართლომ ცნო რა შპს ,,.. ..” გადამზიდველად, არ გაარკვია ისეთი გარემოებები, რომელთა გარკვევის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს შპს ,,.. ..” როლი და ფუნქციები. კერძოდ, გასარკვევია მოპასუხემ გადაზიდვა განახორციელა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით თუ მათი დაქირავებით; ვის მიერ იქნა გაცემული სატრანსპორტო დოკუმენტი; შპს ,,.. ..” გაწეული მომსახურებისთვის მიიღო გადაზიდვის საზღაური და პროვიზია.

სასამართლოს მიერ არ არის საკმაოდ დასაბუთებული სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების შესახებ ¹16 ხელშეკრულებით აიღო თუ არა შპს ,,.. ..” ვალდებულება ტვირთის გადაზიდვაზე.

ხელშეკრულების 4.6 მუხლის თანახმად, ის მხარე რომელიც თავისი ვალდებულების შესრულებაში მესამე მხარეს ჩართავს, ამ მესამე მხარის ქმედებაზე ისე, როგორც საკუთარზე აგებს პასუხს.

სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,.. ..” ვალდებული იყო განეხორციელებინა გადაზიდვის საშუალების არჩევა და დაედო გადაზიდვის ხელშეკრულება. ამასთან არ გაარკვია რომელ მხარეებს შორის დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება და რომელმა მხარემ ჩართო მესამე პირი – გადამზიდავი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაზიდვის ვადაზე მხარეებს შორის არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება და ამ შეთანხმებას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა, რადგან იგი მოიწონა უფლებამოსილმა პირმა - შპს ,,.. ..” დირექტორმა, როცა ხელი მოაწერა სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების შესახებ ¹16 ხელშეკრულებას.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ სამისოდ დადგენილი ფორმით. ამავე კოდექსის 326-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაცვა.

მხარეებს შორის დადებული ¹16 ხელშეკრულების 6.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებაში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება მხოლოდ მაშინ არის ძალაში, თუ ისინი განხორციელებულია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების მიერ.

¹16 ხელშეკრულების არცერთი მუხლი კონტეინერების მიწოდების შესახებ რაიმე შეთანხმებულ ვადას არ ითვალისწინებს. ამდენად, გაუგებარია რას გულისხმობს სასამართლო, როდესაც ასკვნის, რომ ფირმის დირექტორმა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მოიწონა მხარეთა შეთანხმება ვადის შესახებ.

პალატას მიაჩნია, რომ არაუფლებამოსილი პირების მიერ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ხელშეკრულების თანახმად არ შეიძლება ჩაითვალოს მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებად.

ხელშეკრულების 2.2 მუხლის შესაბამისად, ,,დამკვეთი” ვალდებულია დროულად წარუდგინოს ,,.. ..”-ს კონოსამენტის დამზადების შესახებ ინსტრუქციები. დასადგენია ,,დამკვეთმა” შეასრულა თუ არა აღნიშნული ვალდებულება, ასევე, გასარკვევია კონოსამენტის ერთი ეგზემპლარი ჩაბარდა თუ არა ,,დამკვეთს” და ამ უკანასკნელმა კონოსამენტში მითითებულ პირობებზე გამოთქვა თუ არა რაიმე პრეტენზია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთის განბაჟების დაყოვნება გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ საბუთების ორიგინალები გაუგზავნა მიმღებს ფოსტით, ნაცვლად იმისა, რომ გაეგზავნა ტვირთთან ერთად, რაც შესაძლებელს გახდიდა დროულად ჩატარებულიყო ტვირთის სანიტარული შემოწმება.

საქმეში არსებული ცნობებით ირკვევა, რომ საბუთების პაკეტები დანიშნულების პუნქტში ჩატანილია 27.09.99 და 06.10.99, რაც ადასტურებს იმ ფააქტს, რომ მიმღებმა საბუთების ორიგინალები მიიღო მანამ, სანამ ჩატარდებოდა ტვირთის სანიტარული შემოწმება. აღნიშნული ცნობები სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული, ასევე, არ არის გამოკვლელული ვის მოვალეობაში შედიოდა ტვირთის განბაჟება; ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე იყო თუ არა სათანადოდ შეფუთული; იყო თუ არა ტვირთი ჩვეულებრივი პირობებით დაზღვეული და ხელშეკრულების მეორე თავში გათვალისწინებული შპს ,,.. ..” ვალდებულებებიდან რომელი არ იქნა შესრულებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს,,.. ..-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.